in

ASK AI – ახალი, ინოვაციური ფუნქციონალი მარკეტერებს Optio-სგან

მიღწევები ხელოვნური ინტელექტის დარგში ჩვენს გაოცებას არ წყვეტს და ყოველდღიურად სულ უფრო გვიმარტივებს პროცესებს. რაც დრო გადის, ის კიდევ უფრო ჭკვიანდება და მასთან ინტერაქცია ადამიანთან კომუნიკაციას ემსგავსება. 

მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები ყველა სფეროში გამოიყენება, დღესდღეობით ძალზე აქტუალურია მისი მოხმარება მარკეტერების მხრიდან. სამიზნე სეგმენტების განსაზღვრა, აუდიტორიის ანალიტიკა და მასზე დაკვირვება, მონაცემების დამუშავება და სხვა, ის თემებია, რომლებსაც მარკეტინგის სამსახურები ყოველდღე ამუშავებენ, ამიტომ მათთვის პროცესების დაჩქარება და სასურველი მონაცემების იოლად მიღება უკიდურესად მნიშვნელოვანია.

ამ გამოწვევების საპასუხოდ, ქართულმა AI კომპანიამ, Optio-მ თავისი პროდუქტისთვის ახალი ფუნქციონალი შეიმუშავა – ASK AI, რომელიც მარკეტერებს სასურველი მიკროსეგმენტის მოძიებაში, ქცევის მიხედვით კლიენტების დაჯგუფებასა და სწორი აუდიტორიის მოძიებაში ეხმარება. ეს ყველაფერი კი AI-სთან ინტერაქციით, მარტივად ხდება. საკმარისია, უბრალოდ, მივწეროთ AI-ს: „მაჩვენე მამაკაცები, რომლებიც აქტიურად იყენებენ ჩემს პროდუქტს, არიან 20-დან 40 წლამდე და ცხოვრობენ თბილისში“ და ის შესაბამის მონაცემებს დაგვიმუშავებს.

იმისთვის, რომ გაგვეგო, როგორ მუშაობს Optio-ს ახალი ფუნქციონალი, როგორ გაჩნდა მისი შექმნის იდეა და როგორ იმუშავა გუნდმა მასზე, შოთა გიორგობიანს, კომპანიის თანადამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს გავესაუბრეთ.

M: შოთა, პირველ რიგში, რომ აგვიხსნათ, რა არის ის ახალი ტექნოლოგია, რომელიც Optio-მ დააანონსა, რისთვის გამოიყენება და ვინ იქნება მისი ძირითადი მომხმარებელი?

როგორც იცით, ხელოვნური ინტელექტი ჩვენი სამყაროს ძირეულ ტრანსფორმაციას აკეთებს. საუბარია სხვადასხვა მიმართულებაზე, როგორც ადამიანის, ისე კომპანიების ყოველდღიურობაში. ოპტიოც არ არის გამონაკლისი, იმის გათვალისწინებით, რომ ხელოვნური ინტელექტი ჩვენი პლატფორმის საფუძველშია და მის მრავალ ფუნქციონალში აქტიურად ვიყენებთ.

ამჯერად შევეცადეთ, ხელოვნური ინტელექტი ჩვენი პროდუქტის ინტერფეისზეც გადმოგვეტანა და მომხმარებლებისთვის, ანუ მარკეტერებისთვის, მიგვეცა საშუალება, მაქსიმალურად მარტივად ემუშავათ მონაცემებთან. მონაცემებთან მარტივად მუშობა ჩვენს წარმოდგენაში ამ პროცესის „გაადამიანურებას“ გულისხმობს, როცა პლატფორმასთან ინტერაქცია ისეთივე მარტივი პროცესია, როგორც კოლეგასთან ან თუნდაც მეგობართან. 

M: რა პროცესებს ამარტივებს ASK AI ფუნქცია და როგორ უნდა გამოიყენოს ის მომხმარებელმა, რა უნდა გაითვალისწინოს? 

ASK AI ოპტიოს პლატფორმის ახალი ფუნქციონალია, რომელიც გეხმარება, მოძებნო მომხმარებელთა შენთვის სასურველი მიკროსეგმენტები, დააჯგუფო კლიენტები ქცევის მიხედვით, იპოვო ადამიანების სწორედ ის ჯგუფი, ვინც კონკრეტული შეთავაზებისთვის ყველაზე რელევანტურია.

ეს ყველაფერი კი გააკეთო არა უამრავი ფილტრის გამოყენებით, არამედ მარტივი ადამიანური ენით, ქართულად ან ინგლისურად, უბრალოდ, დაწერო, რას ან ვის ეძებ, ზუსტად ისე, როგორც ამას კოლეგას აუხსნიდი. 

მაგალითად: „მაჩვენე მამაკაცები, რომლებიც აქტიურად იყენებენ ჩემს პროდუქტს, არიან 20-დან 40 წლამდე და ცხოვრობენ თბილისში“.

ეს მარტივი მაგალითია დემოგრაფიული და პროდუქტის მოხმარების მონაცემების გადაბმით მომხმარებელთა კონკრეტული სეგმენტის საპოვნელად. თუმცა, თუ კარგად დავაკვირდებით, ამ ჯგუფის მოსაძებნადაც 4 სხვადასხვა ფილტრის დადება იქნებოდა საჭირო, ეს არის: ასაკი, სქესი, გეოგრაფია და პროდუქტის გამოყენება. 

M: როგორც ვიცით, ახალი ტექნოლოგიის გატესტვა უკვე შესაძლებელია, სად შეიძლება მისი ნახვა?

დიახ, ძალიან მარტივადაა შესაძლებელი, ამისათვის ოპტიოს ვებსაიტიდან ჩვენი პლატფორმის სადემონსტრაციო ვერსიაზე წვდომის მოთხოვნაა საჭირო TRY OPTIO-ს მეშვეობით. ამის შემდეგ შეძლებთ, გატესტოთ როგორც ASK AI, ისე პლატფორმის სრული ფუნქციონალი. ცხადია, ყველას უკუკავშირი ძალიან გაგვიხარდება. 

M: ტექნოლოგია ჯერ ბეტარეჟიმშია ჩაშვებული. სამომავლოდ კიდევ როგორ აპირებთ მის საბოლოო პროდუქტად გარდაქმნას?

ოპტიო საკმაოდ კომპლექსური პლატფორმაა, რომელიც ბიზნესს ეხმარება საკუთარი კლიენტების მაქსიმალურად შეცნობაში და შემდგომ შესაბამისი შეთავაზების სწორ და ეფექტურ კომუნიკაციაში.

  უახლოეს მომავალში ვგეგმავთ, რომ ეს ტექნოლოგია მაქსიმალურად განვავრცოთ და დავფაროთ კლიენტების ძებნისა და დაჯგუფების, ანუ სეგმენტაციის მიმართულება სრულად, ისე, რომ მომხმარებელს საერთოდ აღარ სჭირდებოდეს მაუსისა და ფილტრების გამოყენება.

 უფრო შორეულ მომავალში კი გვინდა მსგავსი ფორმით მთელი პლატფორმის მართვა გავხადოთ შესაძლებელი, თუმცა ეს ჯერ მომავლის პერსპექტივაა. ამ ეტაპზე ASK AI-ს პირველი ვერსიის ტესტირებასა და უკუკავშირზე ვართ კონცენტრირებული. 

M: რამდენი დრო დასჭირდა Optio-ს გუნდს ამ სისტემის შესამუშავებლად და იყო თუ არა გამოწვევები, რომლებიც უნდა დაგეძლიათ?

გამოწვევები, რა თქმა უნდა იყო, დაწყებული კონცეფციიდან დასრულებული მისი ტექნიკური განხორციელებით. თუმცა ჩვენი სტარტაპული სულისკვეთება ყველაფერში გამოიხატება, პირველ რიგში, პროდუქტის განვითარებაში. ჩვენი ე.წ. „Time to market“ ძალიან მოკლეა, აღნიშნული მოდულის დაგეგმვასა და შექმნას სულ რაღაც 5 თვე დასჭირდა და მის განხორციელებაში ჩვენი გუნდის შესანიშნავი ინჟინრები იღებდნენ მონაწილეობას როგორც ხელოვნური ინტელექტის, ისე პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით.

M: და ბოლოს, როგორ დგება თქვენს გუნდში ამ და მსგავსი სისტემების შექმნის საჭიროებები, რა პროცესებზე დაკვირვებით ამუშავებთ ახალ იდეებს?

ოპტიოს საფუძველში არის ინოვაცია, მოწინავე ტექნოლოგიების სწრაფად ათვისება და მიტანა მომხმარებელთან. გარდა ამისა, გვაქვს ხედვა იმის შესახებ, თუ რა ახალ შესაძლებლობებს აძლევს კომპანიებს საკუთარი მომხმარებლების მონაცემების სიღრმისეული ანალიზი და როგორ შეიძლება გაიზარდოს მარკეტინგული კომუნიკაციის ეფექტურობა მზარდი კონკურენციის და რეგულაციის ფარგლებში.  

შესაბამისად, მივყვებით ჩვენს დიდ გეგმას, ვითვალისწინებთ ინოვაციურ მიდგომებს და  ყველაზე მეტ ინფორმაციას ვიღებთ ჩვენი არსებული კლიენტებისგან, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში მოიხმარენ ოპტიოს. პარალელურად ვმუშაობთ ძალიან ბევრ საინტერესო სიახლეზე, რასაც ეტაპობრივად გაგიზიარებთ.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

რას ეძებენ ყველაზე ხშირად Google-ში?

რატომ არის მნიშვნელოვანი მიზნებისა და პრიორიტეტების მოქნილად დასახვა