დალის სიურრეალისტური შემოქმედება რომ უკვდავია, ეს ფაქტია… ახლა კი მის 120 წლის იუბილესთან დაკავშირებით სურთ, ხელოვანი „ხელოვნურად გააცოცხლონ“, რათა კიდევ ერთხელ შეძლოს ადამიანებთან საუბარი. ცხადია, საქმე რაღაც მაგიას არ ეხება, არამედ ერთგვარ AI რეინკარნაციას — გამოფენის ორგანიზატორებმა ფლორიდის მუზეუმში ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული, ლობსტერის ფორმის ტელეფონი განათავსეს. მისი მეშვეობით, ვიზიტორები დალისთან საუბარს შეძლებენ.
კონცეფცია სარეკლამო სააგენტო Goodby Silverstein & Partners-ს (GS&P) ეკუთვნის, ხოლო ტექნოლოგია GPT-4 და Eleven V2 მოდელებს ეყრდნობა. რაც შეეხება უშუალოდ სასაუბრო ტექსტს, აქ ყველაფერი რეალურია — მონაცემების დასამუშავებლად დალის პირადი ჩანაწერები და საარქივო აუდიო მასალების ვრცელი ბაზა გამოიყენეს. სასაუბრო თემები კი საკმაოდ მრავალფეროვანია — დაწყებული საკუთარ შემოქმედებაზე ინფორმაციის მიცემით, დასრულებული თანამედროვე საკითხებზე აზრის გამოთქმით.
„ფანტაზიის ლაბირინთში, მეხსიერების მდგრადობის დაშლაში უნდა მოძებნოთ ჩამომდნარი საათები… იქ, სადაც დრო სიზმრის მსგავსად უკონტროლოა“, — ეს ფრაზაც ხელოვნურ ინტელექტს ეკუთვნის და მასში ზუსტად ჩანს, როგორ მიჰყვება დალის იმიტაციას.