მოდით, მაგალითის მიმოხილვით დავიწყოთ. მოგიყვებით ემილიზე, პროდუქტის მენეჯერზე, რომელიც ვიდეოთამაშების კომპანიაში AI სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელად დანიშნეს. გამომდინარე იქიდან, რომ თამაშების განვითარებაში მანქანური სწავლების ინტეგრაცია ფირმისთვის მთავარი სტრატეგიული მიმართულება იყო, ის თავს თავდაჯერებულად გრძნობდა. თუმცა, სხვა დეპარტამენტების კოლეგები ნელა პასუხობდნენ მის ელ.ფოსტებს, ხშირად აცდენდნენ შეხვედრებს ან ნაკლებ პრიორიტეტს ანიჭებდნენ AI-თან დაკავშირებულ დავალებებს. როდესაც ემილიმ მოახერხა დაინტერესებული მხარეების შეკრება, მან ჩართულობის ნაკლებობა იგრძნო. აღმოაჩინა, რომ სხვა განყოფილებები AI სამუშაო ჯგუფს დამატებით ტვირთად აღიქვამდნენ.
შესაძლოა თქვენც ყოფილხართ ემილის მდგომარეობაში, როდესაც გსურდათ, რომ თქვენი მენეჯერი ყოფილიყო თქვენი ხელშემწყობი, იქნებოდა ეს იდეის საჯარო მხარდაჭერა, დაინტერესებულ მხარეებთან გაცნობა, გუნდის მიღწევების გასაჯაროება თუ თქვენი ექსპერტული გამოცდილების პოზიციონირება. თქვენი ხელმძღვანელის მხარდაჭერას შეუძლია სანდოობა შემატოს, კარები გააღოს და რესურსები მოიზიდოს ისეთი გზით, რომლის გაკეთებაც დამოუკიდებლად რთულია – თუმცა, ხშირად თქვენზეა დამოკიდებული ამის თხოვნა.
იდეალურ სამყაროში, მაღალი თანამდებობის პირები ინსტინქტურად და უყოყმანოდ დაუჭერდნენ მხარს თქვენს ძალისხმევას. მაგრამ სიმართლე ისაა, რომ თქვენი ხელმძღვანელი დაკავებულია მრავალი პრიორიტეტებით ჟონგლირებით და თქვენი პროექტი შეიძლება უბრალოდ, გამორჩა. თუ ახლები არიან ხელმძღვანელის როლზე, შეიძლება მერყეობდნენ საკუთარი გავლენის გამოყენებისას. ზოგ შემთხვევაში, ხელმძღვანელი შეიძლება განზრახ დაელოდოს, თუ როგორ მოახერხებთ მხარდაჭერის დამოუკიდებლად მოპოვებას. უმეტეს შემთხვევაში, ლიდერები უბრალოდ ვერ ხვდებიან, როდის არის საჭირო მათი ადვოკატირება, რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ის, ან რა დაბრკოლებებს აწყდებით.
მიზეზის მიუხედავად, მხარდაჭერის პასიური ლოდინი ნამდვილად საფრთხეს შეუქმნის თქვენს პროექტს. როგორ უნდა მართოთ ზემოთ და ითხოვოთ საჭირო დახმარება? აი, როგორ უნდა დაარწმუნოთ ხელმძღვანელები, რომ მხარი დაუჭირონ თქვენს საქმეს.
უთხარით, რა სარგებელი ექნებათ მათ
თქვენი ხელმძღვანელი, ყველას მსგავსად, პირად სარგებელზეა მორგებული. მათი მხარდაჭერის მოსაპოვებლად, თქვენ უნდა გადასცეთ მათთვის გასაგებ ენაზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დააკავშირეთ თქვენი თხოვნა იმასთან, თუ როგორ არა მხოლოდ აკმაყოფილებს თქვენს საჭიროებებს, არამედ როგორ შეესაბამება მათ პრიორიტეტებს.
ემილიმ წარსული საუბრებიდან იცოდა, რომ მისი მენეჯერი შეშფოთებული იყო საკუთარი სამუშაო დატვირთვით. ამიტომ, მან ხაზი გაუსვა, თუ როგორ შეიძლებოდა AI სამუშაო ჯგუფისთვის გაზრდილ ხილვადობას დაეჩქარებინა პროექტის ვადები უკუკავშირის კომუნიკაციის შემცირებით და შეეზღუდა შეხვედრების რაოდენობა, რომლებსაც მას დასწრება დასჭირდებოდა.
შესთავაზეთ კონკრეტული იდეები
ნუ მიანდობთ თქვენს ხელმძღვანელს იმის გამოცნობას, თუ როგორ შეუძლია თქვენი მხარდაჭერა. ამის ნაცვლად, მოემზადეთ კონკრეტული წინადადებებით. დაასახელეთ კონკრეტული დაინტერესებული მხარეები, შეხვედრები, პრეზენტაციები, სადაც თქვენს უფროსს შეუძლია თქვენი საქმის ადვოკატირება. უფრო სავარაუდოა, რომ დაგთანხმდებიან, რადგან თქვენ უკვე იფიქრეთ მათ ნაცვლად – და ეს ასევე აჩვენებს, რომ გესმით ორგანიზაციის პოლიტიკა.
როდესაც ემილიმ თავის მენეჯერს მიმართა, მან შესთავაზა: „იქნებ, ჩემი ჯგუფის საქმიანობა ახსენოთ შემდეგ საერთო შეხვედრაზე ან კომპანიის საინფორმაციო ბუკლეტში? მჯერა, რომ თქვენი ხსენება ნამდვილად ხაზს გაუსვამს საქმის მნიშვნელობას.”
მიაწოდეთ თქვენს უფროსს მზა ტექსტი
თქვენი უფროსისთვის მზა ტექსტის მიწოდებით, რომლის გაზიარებაც მას შეუძლია, თქვენ ხსნით ბარიერებს და აკონტროლებთ ნარატივს, უზრუნველყოფთ, რომ თქვენი ძალისხმევა წარმოდგენილი იყოს იმ გზით, როგორც ეს თქვენ გსურთ. მაგალითად, შეგიძლიათ თქვენს მენეჯერს მიაწოდოთ:
• საკვანძო საკითხები თქვენი პროექტის შესახებ, რომელთა ადვილად ჩართვაც შეუძლია საუბრებში ან პრეზენტაციებში
• მოკლე, დახვეწილი სცენარი, რომლის გამოყენებაც შეუძლია თქვენს წარსადგენად კომპანიის ღონისძიებებზე ან შეხვედრებზე
• ელფოსტის შაბლონები სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან თქვენს დასაკავშირებლად ან თქვენი სამუშაოს პოპულარიზაციისთვის
• ხშირად დასმული კითხვების ნაკრები მკაფიო, ლაკონური პასუხებით, რაც დაეხმარება მათ წინააღმდეგობების დაძლევაში ან თქვენი იდეების დაცვაში უფროსი ხელმძღვანელობის წინაშე
• წინასწარ დაწერილი სოციალური მედიის პოსტები, რომელთა გაზიარებაც შეუძლიათ პროფესიულ ქსელებში თქვენი სამუშაოს პროგრესის ან გავლენის ხაზგასასმელად
კვირაში ერთხელ ან თვეში ორჯერ გაუგზავნეთ მოკლე, პუნქტებად ჩამოწერილი წერილი თქვენს უფროსს, სადაც ხაზგასმული იქნება თქვენი გუნდის მიღწევები, გადალახული გამოწვევები და მომავალი ეტაპები. ამის გაკეთებით, თქვენ აწვდით მათ მოხერხებულად შეფუთულ მინიშნებას ინფორმაციით, რომლის გამოყენებაც მათ შეუძლიათ თავიანთი უფროსისა და კოლეგების შთაბეჭდილების მოსახდენად. ეს ორმხრივად მოგებიანია: ჩანს, რომ თქვენი მენეჯერი საქმის კურსშია – თქვენი მძიმე შრომა კი დამსახურებულ ყურადღებას იღებს.
ეს მარტივი რუტინა ასევე გაჩვევთ თქვენი მიღწევების ჩამოყალიბებასა და დოკუმენტირებას, რაც თქვენი თავდაჯერებულობის გაზრდის მძლავრი საშუალებაა. გარდა ამისა, როდესაც დადგება თქვენი შესრულების შეფასების დრო, თქვენ გექნებათ კონკრეტული მაგალითები ხელთ და არ მოგიწევთ მონაცემების სასწრაფოდ მოძიება რესურსების ან წინსვლის დასასაბუთებლად.
წყარო: HBR