in

არალათინური შრიფტების საერთაშორისო კონკურსს საქართველოც შეუერთდა!

უკვე რამდენიმე წელია, ქართულ შრიფტებზე მუშაობა და მათი პოპულარიზაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რაც უნიკალური დამწერლობის თანამედროვეობაში „უკვდავყოფას“ უწყობს ხელს. მზარდ მნიშვნელობას კი ისიც უსვამს ხაზს, რომ ასოციაცია „ქართული შრიფტის“ ძალისხმევით, არალათინური შრიფტების საერთაშორისო კონკურს „გრანშანს“, საქართველოს სახით, მეათე მონაწილეც დაემატა.

„ეს ძალიან მასშტაბური და დიდი მნიშვნელობის მატარებელი კონკურსია, რომელიც არალათინური შრიფტების პოპულარიზაციას ემსახურება. წლებია, ორგანიზატორებთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, რაც საბოლოოდ ასეთი წარმატებით დასრულდა. ცხადია, სიხარულის განცდასთან ერთად, უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობაც გვეუფლება, რადგან მასში მონაწილე კონკურსანტები, ჟიურის წევრები თუ ორგანიზატორები ნამდვილი პროფესიონალები არიან — შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოდანაც მაღალი დონის ნამუშევრები გავაგზავნოთ“,აღნიშნავს ასოციაცია „ქართული შრიფტის“ პრეზიდენტი, ნინო ჯიშკარიანი.

საგულისხმოა, რომ არალათინური შრიფტებისათვის მიძღვნილ კონკურსს საკმაოდ მკაფიო იდეა უდევს საფუძვლად: ვინაიდან დღესდღეობით კამპანიების, სარეკლამო ბანერებისა და პოსტერების ძირითად ტიპოგრაფიად ლათინური გამოიყენება, სხვა ენებისთვის დამახასიათებელი მშვენიერება თუ სილამაზე ნაკლებადაა დემონსტრირებული. „გრანშანის“ თავის მისიად სწორედ ამ გამოწვევასთან გამკლავებას აღიქვამს, რაც ამიერიდან საქართველოსთვისაც დიდ შესაძლებლობად იქცევა. „ასეთი მასშტაბის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მიღება ქართული დამწერლობის, შრიფტების პოპულარიზაციას შევუწყოთ ხელი და ის უნიკალურობა გამოვკვეთოთ, რომელიც ქართულს აქვს“, — ამბობს ნინო ჯიშკარიანი.

კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია — ისინი თავად გააგზავნიან „გრანშანის“ ვებგვერდზე საკუთარ ნამუშევრებს; მოსამზადებელი პერიოდი კი, სავარაუდოდ, ოქტომბერში გამოცხადდება და თებერვლამდე გასტანს. როგორც ნინო ჯიშკარიანი აღნიშნავს, კონკურსის დეტალებს ეტაპობრივად გააცნობენ საზოგადოებას.

„გრანშანი“ 2008 წელს სომხეთის კულტურის სამინისტრომ დააფუძნა, როგორც ეროვნული ტიპის კონკურსი; 2009-ში კი, როდესაც ქვეყანას მიუნხენის ტიპოგრაფიული საზოგადოება ეწვია, ახალი ორგანიზაცია დაიბადა: მას შემდეგ ორივე ინსტიტუტი წარმატებით აწყობს საერთაშორისო კონკურსს, სადაც არალათინური შრიფტებია წარმოდგენილ, გამარჯვებული ნამუშევრები კი მასშტაბურ გამოფენებზე იფინება.

ბორის კოჰანი, ვერონიკა ბურიანი, ედიკ ხაბუძიანი, კატრინ შაფერი, საბინე რიდელი, ულრიხ მიულერი, სანდრა ჰაჩმანი და ა. შ. — ამჟამად სწორედ ესენი მუშაობენ კონკურსისა და კონფერენციის ორგანიზებაზე.

Škoda Enyaq-ის „ჩაყენებაზე” მძღოლები აღარ იწვალებენ, მანქანამ თავისი თავის დაპარკინგება ისწავლა

Will.i.am-მა საკუთარი კრეატიული პლატფორმა შექმნა — რისთვის შეიძლება მისი გამოყენება?