საქართველოში, მწვანე სატაცურზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება. პროდუქტის ერთ-ერთი მწარმოებელი კოოპერატივი „რკ ოზაანია“. მისი თავმჯდომარე ჯაბა გიგოლაშვილი ამბობს, ბაზარზე კონკურენცია მატულობს, ამიტომ ზრდის მის წარმოებასაც. სამომავლოდ კი თეთრი სატაცურისა და ევროპაში პოპულარული სხვა სასალათე ბოსტნეულის მოყვანას აპირებს.

ჯაბა გიგოლაშვილი: სატაცურს ბავშვობიდან ვიყენებდით ოჯახში, ოღონდ ძირითადად, ველურად მოსულს. შემდეგ მისი მოშენება გადავწყვიტე – ჯერ სახლის ეზოში ვცადეთ მოყვანა. ნელ-ნელა ტერიტორია გავაფართოეთ. პარალელურად, გავეცანი ლიტერატურას, უცხოელ სპეციალისტებთანაც გავიარე კონსულტაცია. ზოგადად, ასეთი რაღაცები მიყვარს, ის რაც სიახლეა, რაც ძალიან ბევრს არ მოჰყავს, ხალხის დაინტერესება და რეალიზაციაც მარტივია. მაგალითად, კიტრი და პომიდორი მთელს საქართველოს მოჰყავს და მეც რომ იგივე გამეკეთებინა, ბაზარზე გამიჭირდებოდა დამკვიდრება.

M: დაინტერესდა მომხმარებელი ამ პროდუქტით? მოთხოვნა იზრდება?
ჯ.გ. : მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება – მეტი ადამიანი იგებს სატაცურის გემოვნური და სასარგებლო თვისებების შესახებ.
M: თქვენ რა რაოდენობის პროდუქცია მოგყავთ და რამდენის მიწოდება შეგიძლიათ?
ჯ.გ. : ამჟამად, 4-5 წლიანი ნარგაობა გვაქვს, ნახევარ ჰექტარზე. მოსავალი, პირველად, შარშან ავიღებთ. გავაშენეთ კიდევ ორწლიანი ფესვი, ჰექტარ ნახევარზე, სადაც მოსავლის აღებას მომავალი წლიდან დავიწყებთ. წელს 2 ტონამდე მოსავალს ველოდებით, თუ ამინდმაც ხელი შეგვიწყო. შემდეგ წელს კი საერთო ჯამში, 4-5 ტონამდე გამოგვივა. მსხმოიარობაში რომ შევა, 8 ტონამდე უნდა ავიდეთ. ესეც, რა თქმა უნდა მოვლასა და კლიმატურ პირობებზეა დამოკიდებული. ნარგავები სიღნაღის ტერიტორიაზე გვაქვს, საწარმო კი დედოფლისწყაროში. ჩვენი კოოპერატივი 12 წევრისაგან შედგება. აქედან, ნახევარი მაინც მუდმივად ვართ დასაქმებული. დამატებით, სეზონურად კიდევ ვქირაობთ მუშა ხელს, 8-10 ადამიანი საქმდება ხოლმე, როგორც წესი. რომ გავფართოვდებით, კიდევ უფრო მეტ ხალხს დავასაქმებთ.

M: პროდუქტზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად, ალბათ, კონკურენციაც იზრდება . . .
ჯ.გ. : რა თქმა უნდა, ბაზარზე არის სხვა მცირე საწარმოებიც – ოჯახური მეურნეობები, რომლებსაც რამდენიმე ჰექტარი მოჰყავთ. ეს ფასების მხრივაც იგრძნობა. მაგალითად, დღეს, ერთი კილო სატაცური, ხარისხის მიხედვით, 10-15 ლარი ღირს. ფასები კონკურენციის გამო იცვლება – შეიძლება, ჩემთან ადრე მოვიდეს და მაღალი ფასი დავადო ან პირიქით. მაგრამ შესაძლოა, ყველგან ერთდროულად ავიღოთ მოსავალი. ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, პროდუქტი იაფდება.
M: რაც შეეხება რეალიზაციას . . .
ჯ. გ. : პროდუქტის რეალიზაცია, ძირითადად, თბილისში, დიდ ქსელურ მარკეტებში ხდება. კრეფას მომდევნო კვირიდან ვიწყებთ და უკვე შეთანხმებულები ვართ, მაშინვე მივაწვდით პროდუქციას. საერთოდ, სატაცური სეზონური პროდუქტია, სულ 1 თვე, თვენახევარია და მაგალითად, შარშან, მაღაზიებში 25-დან 30 ლარამდე ღირდა მაღაზიებში.
M: სამომავლოდ რას გეგმავთ?
ჯ. გ. : ახლა სხვა პროდუქტზეც ვატარებთ ექსპერიმენტს. გვინდა, ევროპაში ძალიან პოპულარული, სასალათე ბოსტნეული არტიშოკი და ჩიკორი შემოვიტანოთ ბაზარზე. არტიშოკი, შესაძლოა, წელსაც შევიტანოთ მაღაზიებში, საცდელად, ჩიკორი კი 2-3 წელიწადში. ვფიქრობთ, სატაცურის სასათბურე მეურნეობაც გავაკეთოთ, რომ ბაზარზე პროდუქტის არსებობა გავახანგრძლიო. მთელი წელი თუ არა, 4-5 თვე მაინც რომ იყიდებოდეს. და თუ ყველაფერი კარგად წავიდა, გვინდა, თეთრი სატაცურის მოყვანა და რეალიზაციაც ვცადოთ.














