15 აპრილს, ხანძრის შედეგად პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის დიდი ნაწილი დაიწვა. მსოფლიოს მასშტაბით, არაერთი ადამიანი საუბრობს პარიზში მდებარე ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის ძეგლის აღდგენაზე. მის აღსადგენად კი არამხოლოდ ფინანსური რესურსი, არამედ შესაბამისი ვიზუალური მასალაა საჭირო. სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილავენ ამ მიმართულებით ფრანგული სტუდიის, Ubisoft-ის მიერ შექმნილი ვიდეოთამაშის Assassinʼs Creed Unity-ს როლს. Ubisoft-ის მხატვრები ნოტრ-დამს თითქმის ორი წელი სწავლობდნენ იმისთვის, რომ თამაშში მისი ვიზუალური მხარე მაქსიმალური სიზუსტით აესახათ.
აღსანიშნავია, რომ Assassinʼs Creed-ის თამაშების სერიაში ბევრი შენობა და არქიტექტურული ძეგლი ერთი-ერთშია აღდგენილი. Unity-ში შესაძლებელია პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის იმდენად კარგად და ზუსტად დათვალიერება, როგორც ეს აქამდე, რეალურ ცხოვრებაში შეუძლებელი იყო. მაგალითად, თამაშისას შეგიძლიათ ტაძრის სახურავის დათვალიერება და შენობის ყველა დეტალის ნახვა, რადგან Unity-ს მხატვრებმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის დეტალური 3D რუკა შეადგინეს.