უეს ანდერსონის ყველა ფილმი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ესთეტიკითაა გაჟღენთილი — ერთ მცირე დეტალშიც კი ამოიცნობა მისი ინდივიდუალიზმი… დაწყებული ფერთა პალიტრით, დასრულებული ვინტაჟური ნივთების მშვენიერებით. რა თქმა უნდა, გამონაკლისი არც უახლესი ფილმია, სახელწოდებით Asteroid City, რომლის მიღმა შექმნილი სამყაროც იმდენად მომხიბლავია, რომ ექსპერტები გვარწმუნებენ, თითო კადრს საათობით „მიაშტერდებითო“.
და რადგანაც „ნეტავ ტელევიზორში შესვლა შემეძლოს“ ოცნება კვლავ წარუმატებელ ოცნებად რჩება, რეჟისორმა გადაწყვიტა, აღნიშნული ფილმის სამყარო გამოფენის სახით გააცოცხლოს. თითოეული ფურცლის ნაგლეჯი, მსახიობების კოსტიუმები, ნამუშევრები და ა. შ. — ეს ყველაფერი Universal Pictures-ის მიერაა ერთ სივრცეში გაერთიანებული.
მართალია, ვერც ამ სტატიის გავლით მოხვდებით ანდერსონის რეალობაში, მაგრამ ფილმის ნახვამდე ერთგვარი წარმოდგენა მაინც შეგექმნებათ მის ესთეტიკაზე…