დედამიწიდან შორს არსებული ასტეროიდიდან ამოღებულმა ნიმუშმა დაადასტურა, რომ კოსმოსურ ქანებში რნმ-ის ნუკლეობაზები გვხვდება. კონკრეტულად კი, Ryugu-ს ასტეროიდის მტვერი ურაცილს შეიცავს, რომელიც ერთ-ერთია იმ ოთხი ნუკლეობაზიდან, რომლებიც რნმ-ს ქმნის. აქვე იყო ნიაცინი, ვიტამინი B3-ის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც მეტაბოლიზმში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. გამოდის, სიცოცხლისთვის საჭირო მასალები კოსმოსში ჩამოყალიბდა, რომელიც, შესაძლოა, ასტეროიდების საშუალებით დედამიწაზე ნაწილობრივ მაინც მოხვედრილიყო…
როგორ გაჩნდა სიცოცხლე? ან რამდენად ხშირია ეს ირმის ნახტომის გალაქტიკაში? ეს ზუსტად ის ორი კითხვაა, რომლებზეც კაცობრიობას პასუხის გაცემა სურს. კონკრეტული აღმოჩენა კი ამაზე საიმედო პასუხებს გვთავაზობს. თანაც, უკვე სიცოცხლისთვის საჭირო რესურსები მრავალ ადგილზე აღმოაჩინეს, იქნება ეს პლანეტის წარმომქმნელი მტვერი, ვარსკვლავთწარმომქმნელი მტვრის ღრუბლები (რომლითაც სავსეა ჩვენი გალაქტიკა) თუ მეტეორიტები, რომლებმაც ჩვენი პლანეტის ატმოსფეროში შემოაღწიეს.

ახლა კი იმისათვის, რომ გაერკვიათ, რა იყო Hayabusa2-ის ჩამოტანილ ნიმუშებში, მცირე რაოდენობით ნუკლეობაზების დასადგენად ახალი ტექნიკა შეიმუშავეს. კონკრეტულად კი, 2 ნიმუში შეისწავლეს, რომლებიც ასტეროიდის სხვადასხვა ნაწილიდან იყო აღებული.

„ნიმუშებში მცირე რაოდენობით ურაცილი აღმოვაჩინეთ, აქვე ვიპოვეთ ბიოლოგიური მოლეკულებიც, მათ შორისაა ამინომჟავები, ამინები და კარბოქსილის მჟავები, რომლებიც, შესაბამისად, ცილებსა და მეტაბოლიზმში ვიპოვეთ. Ryugu-ს ნიმუშებში ურაცილის აღმოჩენა აძლიერებს მიმდინარე თეორიებს ადრეულ დედამიწაზე ნუკლეობაზების წყაროსთან დაკავშირებით“, — აცხადებენ მკვლევრები.
მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ, რომ Ryugu ამ ამბების ჯერ მხოლოდ დასაწყისია, რადგან Nasa-მ უკვე Bennu-ს ასტეროიდიდანაც შეაგროვა ნიმუშები და მალე დედამიწაზე მის ანალიზს ჩაატარებს. ამ ყველაფრით კი მეცნიერები კვლავ არსებული თეორიების გამყარებას ელიან…










