in

ნახეთ: ასტრონომებმა შავი ხვრელის კიდეებთან მაგნიტური ველის ფოტო გადაიღეს

ეს პირველი შემთხვევაა კაცობრიობის ისტორიაში!

შავი ხვრელები იდუმალი ფენომენია, მაგრამ მეცნიერები გამუდმებით ავითარებენ საკუთარ შესაძლებლობებს და სულ უფრო უახლოვდებიან ამ ლეგენდარული ციური ობიექტების სრულყოფილად გააზრებას… ჯერ კიდევ 2019 წელს კაცობრიობამ სუპერმასიური შავი ხვრელი Messier 87-ის (M87) ჩრდილის ფოტო იხილა, რაც მართლაც გასაოცარი მიღწევა იყო, თუმცა არა – საკმარისი…

ახლა კი, კოლაბორაცია მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპის მეცნიერებმა M87-ის გარშემო არსებული შუქი, მისი ოქროსფრად მანათობელი სარტყელი შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ სინათლე უმეტესად პოლარიზებული იყო. ასტრონომებმა სინათლის ტალღების ორიენტაციის მოხვევა დააფიქსირეს, რასაც შავი ხვრელის გარშემო არსებული მძლავრი მაგნიტური ველი განაპირობებს.

რადგანაც სინათლე ელექტრომაგნიტური ტალღაა, ის დამოკიდებულია როგორც ელექტრო, ისე მაგნიტურ ველებზე. მკვლევრებს კი სწორედ ამ პოლარიზებულმა სინათლემ მისცა ციური ობიექტის ირგვლივ არსებული მაგნიტური ველის დაფიქსირების საშუალება…

გარდა იმისა, რომ ფოტო მართლაც შთამბეჭდავია, ის მნიშვნელოვანი დამატებითი ინფორმაციის მატარებელია მეცნიერებისა და მკლევართათვის. “ახლა ჩვენ ვხედავთ შემდეგ მნიშვნელოვან მტკიცებულებებს იმის გასაგებად, თუ როგორ იქცევა მაგნიტური ველი შავი ხვრელის გარშემო და როგორ შეუძლია კოსმოსის ამ ძალიან კომპაქტურ რეგიონში აქტივობას წარმოქმნას უმძლავრესი ჭავლები, რომლებიც გალაქტიკის საზღვრებსაც კი სცდება” – აცხადებს ნიდერლანდების რედბუდის უნივერსიტეტის ასტრონომი მონიკა მოშიბროძკა.

როგორც იცით, ჩვენ მიერ დაფიქსირებულ არც ერთ ობიექტს არ შეუძლია შავი ხვრელისგან თავის დაღწევა მას შემდეგ, რაც კრიტიკული სიახლოვის ზღვარი გადაიკვეთება. თუმცა საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ მატერია გარდაუვალ მოვლენათა ჰორიზონტის მიღმა არ ხვდება. მისი მცირე ნაწილი პოლუსებისკენ მიემართება, საიდანაც შემდგომ კოსმოსში იონიზებული პლაზმის ჭავლების სახით იტყორცნება.

თავის მხრივ, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ პროცესში მაგნიტური ველი დიდ როლს ასრულებს. სავარაუდოდ, შავი ხვრელის მაგნიტური ველის ხაზები სინქროტრონის როლს ასრულებს და მატერიას აჩქარებს. ამ თვალსაზრისით, Event Horizon Telescope (EHT) კოლაბორაციის წევრი ენდრიუ ჩეელი აღნიშნავს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ახლადგამოქვეყნებული პოლარიზებული ფოტოები, რათა გაირკვეს, კონკრეტულად როგორ მოქმედებს მაგნიტური ველი და როგორ აძლევს შავ ხვრელს მატერიის შთანთქმის საშუალება…

ასეთი მიგნების შემდეგ, ასტრონომები M87-ის სიახლოვეს არსებული ჭავლების მტყორცნელი რეგიონის მაგნიტურ ველის კვლევას განაგრძობენ.

„რომპეტროლი“ ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების მუშაობაში აქტიურად ჩაერთვება

FINA – „კომპანია, რომელიც ყოველთვის მზადაა თქვენი ბიზნესის ნებისმიერ გამოწვევას, გადაწყვეტილებით უპასუხოს“