ბოლო დროს იმდენი საოცარი ფოტო ვნახეთ კოსმოსიდან, ალბათ, ამის დათვლაც და გამორჩევაც რთული იქნებოდა, რომ არა Royal Observatory Greenwich-ის მიერ ორგანიზებული Astronomy Photographer of the Year-ის კონკურსი. უკვე 15 წელი უსრულდება და ამასობაში საკმაოდ მაღალი პოპულარობითაც სარგებლობს ასტრონომიისა თუ ასტროფოტოგრაფიის მოყვარულებში.
ამ წლის აღმოჩენა კი სწორედ მოყვარული ასტრონომების ჯგუფია — მარსელ დრექსელერი, ზევიერ სტროტნერი და იან სეინტი, რომლებმაც ანდრომედეს გალაქტიკის გვერდით არსებული უზარმაზარი პლაზმის რკალი გადაიღეს. მართალია, ანდრომედეს ფოტოებით დიდად განებივრებულები ვართ, მაგრამ რკალი აქამდე არავის დაუფიქსირებია. შესაბამისად, ეს არამარტო მეცნიერებისთვისაა მნიშვნელოვანი აღმოჩენა, არამედ კოსმოსურ კვლევებში მოყვარული ასტრონომების როლსაც შეგვახსენებს.
„ჩვენი გუნდისთვის უდიდესი პატივია ამ მნიშვნელოვანი ჯილდოს მიღება და მადლიერი ვართ იმ მხარდაჭერისთვის, მეგობრობისა და გამხნევებისთვის, რაც ამ მოგზაურობაში მივიღეთ. ეს გვიბიძგებს, კვლავ მივყვეთ ასტროფოტოგრაფიას და, რა თქმა უნდა, გამოვიკვლიოთ იგი“, — აცხადებენ მოყვარული ფოტოგრაფები.

ჟიურის წევრები სურათის გამორჩეული ხარისხითაც ძალიან მოიხიბლნენ: „ეს ფოტო მარტო ანდრომედეს კი არ გვაჩვენებს ახალი გზით, არამედ მას ასტროფოტოგრაფიის ხარისხი სრულიად ახალ დონეზე გადაჰყავს“.
Young Astronomy Photographer of the Year-ის ჯილდო კი 14 წლის რუნვეი შუმ და ბენიუ ვანმა მოიპოვეს. როგორც ამბობენ, ფოტოს სიცხადე და დეტალები ამტკიცებს, რომ კარგი ასტროფოტოგრაფი ნებისმიერ ასაკში შეგიძლია იყო…

ახლა კი, რადგან მთავარი უკვე გითხარით, შეგიძლიათ 2023 წლის Astronomy Photographer of the Year-ის ყველა გამარჯვებული ფოტო დაათვალიეროთ:












