მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროის კოსმოსური სიახლეები უმეტესწილად ჯეიმს ვების ტელესკოპს უკავშირდება, შეუძლებელია ჰაბლის დავიწყებაც… უკვე მრავალი წელია, ჰაბლის ტელესკოპი მეცნიერებს სამყაროს გამოკვლევაში ეხმარება, ჩვენ კი სხვა თუ არაფერი, საოცარი ფოტოებით გვანებივრებს. უბრალოდ, ყველა მისიას გარკვეული პერიოდი აქვს და უკანასკნელიც ნელ-ნელა უახლოვდება დასასრულს — ობსერვატორია დედამიწის დაბალ ორბიტაზე სულ უფრო ქვემოთ მიიწევს და მისი სიცოცხლის გასახანგრძლივებლად, ტრაექტორიის შეცვლაა აუცილებელი.
სწორედ ამას გეგმავს 2 სტარტაპი — Astroscale და Momentus Space. ისინი ნასას ჰაბლის გადარჩენის გზას გასული წლიდან მოყოლებული სთავაზობენ და ამ ინიციატივაში ილონ მასკიც ჩაერთო. რაც შეეხება უშუალოდ გეგმას, ის უეკიპაჟო მისიის განხორციელებას გულისხმობს — მის ფარგლებში მცირე ზომის რაკეტით წყალზე მომუშავე ძრავის მქონე ხომალდს გაუშვებენ. ეს უკანასკნელი ტელესკოპს მიიერთებს და დაახლოებით 50 კილომეტრით მაღლა აწევს.
როგორც Gizmodo-ს მოხსენებაში აღნიშნავენ, სტარტაპების გეგმამ შეიძლება, ჰაბლის გადარჩენას შეუწყოს ხელი. ეს არა მხოლოდ მოწყობილობის მაღლა აწევას, არამედ ორბიტული ნარჩენების გაწმენდასაც უკავშირდება, რაზეც უშუალოდ Momentus Space იზრუნებს.