in

მაღალი მოდის ახალი კონცეფტუალური ქართული ბრენდი „ასტუტი“

ახალი ბრენდი „ასტუტი” ქართულ ბაზარზე პანდემიის მეორე ტალღის დროს გამოჩნდა, როდესაც თათა ასლანიშვილმა უნიკალური კონცეფცია და მაღალი მოდის პრინციპები დის – სალომე ასლანიშვილის დახმარებით ერთი იდეის ქვეშ გააერთიანა.

თათას პარიზის Esmod-ის მოდის სკოლაში სწავლის დროს გაუჩნდა სურვილი, მისი შექმნილი სამოსისთვის შესაბამისი, საინტერესო და ჭკვიანური ქვეტექსტი მოეფიქრებინა. მას ყოველთვის სჯეროდა, რომ მოდას უფრო მეტი დატვირთვა აქვს, ვიდრე მხოლოდ ვიზუალი ნაწილი.

ასე ჩამოაყალიბა ბრენდი, რომლის თითოეული სამოსიც ინდივიდუალურად, მხოლოდ ერთხელ იკერება. უნიკალური ხელოვნების ნიმუშების შესაქმნელად დიზაინერი პრემიუმ ხარისხის, ნატურალურ, ხელით შეღებილ, იტალიური ქსოვილს იყენებს.

თათა ასლანიშვილი Astute-ს საქმიანობის, კონცეფციისა და სამომავლო გეგმების შესახებ საუბრობს. 

როგორ გაჩნდა „ასტუტის” შექმნის იდეა?

თათა ასლანიშვილი: ჯერ კიდევ სამხატვრო აკადემიაში, მოდის დიზაინის ფაკულტეტზე სწავლისას გამიჩნდა იდეა, რომ მოდის სფეროში განსხვავებული და გამბედავი სტილი დამენერგა. ისეთი სამოსი შემექმნა, რომელსაც მხოლოდ ჩვენებებზე არ გამოვიტანდი და მომხმარებელთა ყოველდღიურობას გავახალისებდი.

თითოეულ ნივთს საკუთარი ისტორია და იდეა აქვს. მაგალითად, სულ პირველ კოლექციაზე მუშაობა პარიზის უნივერსიტეტის დასრულების დროს დავიწყე, როდესაც აბრეშუმის ქსოვილზე ადამიანის შინაგანი ორგანოები ხელით დავხატე. ვცდილობდი მეჩვენებინა, რომ შინაგანი სამყაროც ლამაზია და რაც უშნოდ გვეჩვენება, სინამდვილეში მეტ ყურადღებას იმსახურებს.

პარიზიდან დაბრუნებისას გავაცნობიერე, რომ კონსტრუირება კარგად უნდა მესწავლა. მუშაობა ჩემს დას – სალომეს შევთავაზე და ბრენდს საფუძველი სწორედ ასე ჩაეყარა.

როგორ შეარჩიეთ სახელი Astute?

სახელის ქვეტექსტი გამჭრიახობა, გონება და ინტელექტია. სწორედ ამ კონცეფციას ვერ იტანდა პარიზში ჩემი ლექტორი, მაგრამ მე ყოველთვის ინტელექტუალური მოდის შექმნაზე ვფიქრობდი. მინდოდა, ყველა დეტალს საინტერესო აზრი ჰქონოდა. სახელი Astute-ც ჩემს თამამ განაცხადს მოვარგე და ამბობს, რომ მოდას მხოლოდ ვიზუალური დატვირთვის გამო არ ყიდულობენ, შეიძლება უფრო მეტი არსიც ჰქონდეს.

რას სთავაზობს „ასტუტი” განსაკუთრებულს თავის მომხმარებელს?

ბრენდის მთავარი განმასხვავებელი ელემენტი მისი კონცეფციაა – თითოეული პროდუქტი მსოფლიოში ერთადერთი, ექსკლუზიურ იქნება. გარდა ამისა, ვიყენებთ უმაღლესი ხარისხის იტალიურ ქსოვილს: აბრეშუმს, შალს, ვისკოზას და ა.შ.

პროცესი ძალიან შრომატევადია იმ კუთხით, რომ დიზაინს მხოლოდ მე ვქმნი, კონსტრუირებაში კი ჩემი და მეხმარება. ყველა დეტალზე ერთად ვმუშაობთ. აი, მაგალითად, ნაჭრის მოძიებას განსაკუთრებული დაკვირვება სჭირდება. ხარისხიანი ქსოვილის დიდი არჩევანი თბილისში არ გვაქვს, ყიდვის შემდეგ კი დეტალურად შევისწავლით, რომ ხარვეზები არ აღმოაჩნდეს.

რა სეგმენტისთვის იქმნება თქვენი სამოსი და როგორია კომპანიის  საფასო პოლიტიკა?

იმის მიუხედავად, რომ მაღალი მოდის კონცეფციას ვქმნით, თავიდანვე მსურდა, ფასი საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანებისთვისაც ხელმისაწვდომი ყოფილიყო. შესაბამისად, საკმაოდ მრავალფეროვანი საფასო პოლიტიკა გვაქვს, რაც მოდელის სირთულიდან ან ქსოვილიდან გამომდინარეობს. ბრენდს ყოველთვის ექნება ისეთი ფასი, რომ მომხმარებელმა წელიწადში რამდენჯერმე საკუთარი თავი დაასაჩუქროს და ხარისხიანი, გამორჩეული, ინდივიდუალურად მისთვის შექმნილი სამოსი ატაროს.

სად შეიძლება „ასტუტის” შეძენა?

შეძენის პროცესის გამარტივებისთვის ჩვენ პლატფორმა astute.shop შევქმენით. მარტივი და სტანდარტული პროცედურების გავლის შემდეგ, ყველა ჩვენი დამზადებული ნივთის გამოწერა ამ „ონლაინ“ ვებგვერდიდან შეიძლება. მომხმარებლებს ფასდაკლებებსაც მუდმივად ვთავაზობთ.

რა გეგმები და მიზნები გაქვთ სამომავლოდ?

პირველ რიგში, ჩვენს „ონლაინ“ პლატფორმაზე საახალწლო პროდუქციის დამატებას ვგეგმავთ, რომლის შეძენასაც მომხმარებელი სულ მალე შეძლებს. რაც შეეხება სხვა გეგმებს, საქართველოს ბაზარზე დამკვიდრების შემდეგ, ევროპაში ოპერირებასაც ვაპირებთ. მადრიდსა და პარიზში კოლექციების გატანას საფუძველი უკვე ჩაეყარა, ვნახოთ მომავალი რას გვიჩვენებს. ამ ორივე ქალაქში იგრძნობა ინტერესი ქართული პროდუქტის მიმართ. ვაპირებდით ქართველი დიზაინერების მაღაზიის გახსნას და ერთჯერადი შოურუმების ორგანიზებას, რაც, სამწუხაროდ, კორონავირუსის გავრცელებამ დროებით შეაფერხა.

 

[R]

ბიზნეს ინტერნეტბანკი – ბიზნესისთვის გაზრდილი შესაძლებლობები

Night Vision Production-მა Covid-19-ის ციფრული პერსონაჟი შექმნა