11
Jan
2019

„ატარე ანბანი“ – სამაჯურები ქართული ასო – ნიშნებით

11 Jan 2019

Startauperi
Startauperi


ატარე ანბანი“ ქართული სტარტაპია. მისი დამფუძნებლები, დები, თამარ და ნესი ამირეჯიბები არიან. მათ  ქართული ასოები ვერცხლისა და ოქროს სამაჯურებად აქციეს. თითოეულ ნიშანს კი თავისი განსაზღვრება და მნიშვნელობა მიანიჭეს.

როგორც თავად ამბობენ, შექმნეს სადა, ყოველდღიური და ნებისმიერ სამოსზე მოსახდენი აქსესუარი, მომხმარებელს კი ხელმისაწვდომ ფასად, ორიგინალური საჩუქარი შესთავაზეს.

„ატარე ანბანის“ დამფუძნებლები თამარ და ნესი ამირეჯიბები

ნესი ამირეჯიბი: ჩვენმა გერმანელმა მეგობარმა ქართული ანბანი ყვავილებს შეადარა. თან დაემთხვა, რომ იმ პერიოდში, ძალიან ბევრი ტურისტი იყო საქართველოში. მივხვდით, რომ შეიძლებოდა ჩვენი უნიკალური ანბანით ისეთი ნივთები შეგვექმნა, რომელიც პოპულარიზაციას გაუწევდა ქართულ ენას და შრიფტს. უცხოელებს კი მისცემდა საშუალებას, საკუთარ ქვეყანაში, ნამდვილი ქართული სუვენირი წაეღო. მთელი მსოფლიო გადასულია იმაზე, რომ თავისი გამორჩეულობა და განსაკუთრებული ნიშანი წარმოაჩინოს. ჩვენთვის ასეთი არის ანბანი, ისტორიული ამბავია. აი, ასე გაგვიჩნდა სტარტაპის იდეაც. „ატარე ანბანისთვის“ დიზაინერმა შექმნა სრულიად ახალი ფონტი, სამკაულის ესკიზები და ჩვენმა სამაჯურებმა საბოლოო სახე მიიღო.

M: „ატარე ანბანის“ ყველა ასოს თავისი ეპითეტი აქვს . . . 

ნ.ა. : აქსესუარები მხოლოდ ინიციალებს არ გულისხმობს. თითოეულ ასო – ნიშანს მივუსადაგეთ პოზიტიური ეპითეტი, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია კომპლიმენტის გაკეთება, ან საუკეთესო სურვილების გაგზავნა, დღესასწაულებსა და მნიშვნელოვან დღეებში. ჩვენი მომხმარებელი სამაჯურს ყიდულობს ისეთი მნიშვნელოვანი სიტყვებისა და ღირებულებების გამო, როგორებიცაა: ბ – ბედნიერება, ი – იღბალი, თ – თავისუფლება, მ – მშვიდობა, კ -კეთილდღეობა და ა.შ. – ნესი ამირეჯიბი.

M: კონკრეტულად რას სთავაზობთ მომხმარებელს, სად და როგორ  იყიდება თქვენი „ატარე ანბანი“? 

თამარ ამირეჯიბი: ჩვენი სამაჯურები 925 სინჯის ვერცხლისა და 585 სინჯის ოქროსაგან, ერთ-ერთ ქართულ საიუველირო საწარმოში მზადდება. ფერად თასმებს კი, რომლებზეც ასო – ნიშნებია შებმული, ესპანეთიდან ვიწერთ.

ნ.ა.: შეკვეთა ხდება „ონლაინ”: „ფეისბუქისა“ და „ინსტაგრამში, პირადი შეტყობინებებით. ასევე, იყიდება სუვენირების მაღაზიებში. გვაქვს ადგილზე მიტანის უფასო სერვისი.

M: „ატარე ანბანის“ მსგავსი სტარტაპები მრავლადაა. კიდევ ერთი ასეთი პროდუქტის საჭიროება იყო ბაზარზე? 

თ.ა. : ყველაზე მთავარი ის არის, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ საჩუქრის პრობლემა. მომხმარებელს, ხელმისაწვდომ ფასად, ორიგინალური და შინაარსიანი საჩუქარი შევთავაზეთ. შევქმენით სადა, მარტივი, ყოველდღიური და ნებისმიერ სამოსზე მოსახდენი აქსესუარი, რომელსაც ადრესატი სულ თან ატარებს.

M: ასეთ კონკურენტულ გარემოში, თქვენი პროდუქტის უპირატესობა რა არის?

ნ.ა. : ბაზარი გაჯერებულია სხვადასხვა ხარისხისა და დიზაინის სამკაულით, მაგრამ ეს ანბანი პირველად ჩვენ „გავასამკაულეთ“ და თითოეულ ასო – ნიშანს პოზიტიური დატვირთვა მივანიჭეთ.

M: მოთხოვნა არის თქვენს აქსესუარებზე?  

ნ.ა. : მოთხოვნა იმაზე დიდია, ვიდრე პირველ ეტაპზე ველოდით. არის ძალიან პოზიტიური გამოხმაურება, შეფასებები და ბევრი მადლობა „ატარე ანბანის” მომხმარებლების მხრიდან. ყველაზე დასაფასებელი მათი ნდობა და კეთილგანწყობაა, რაც რთულია მოიპოვოს სტარტაპმა საქმიანობის პირველსავე ეტაპზე და ამისთვის თითოეულ მათგანს, ძალიან დიდ მადლობას ვუხდით.

M: რა სირთულეებs აწყდებით, როგორც სტარტაპერები ?

თ.ა. : ერთი წელი დასჭირდა იდეის დამუშავებასა და მის სრულყოფას. თავდაპირველად, ბევრი სირთულე შეგვხვდა, დიდი დრო და ენერგია დავხარჯეთ დიზაინერის პოვნაზეც. გაგვიმართლა, ბოლოს დავუკავშირდით სარეკლამო სააგენტოს „ფაბრიკა“, რომლის არტ დირექტორმა, ირინა ქვლივიძემ ზუსტად გაიგო იდეისა და კონცეფციის არსი, დახატა ახალი ფონტი, შექმნა აქსესუარის დიზაინი, იმუშავა ბრენდინგზე და სხვა საჭირო ვიზუალებზე. სირთულე, ასევე, შეგვხვდა პროდუქციის დამზადების, შემდეგ მისი შეფუთვის პროცესში, არ ვიშურებდით ძალისხმევას და რესურსს, თუმცა გაჭირდა იმ ხარისხის მიღება, როგორის ამბიციაც გვქონდა. ჩვენი მიზანი იყო, რომ მომხმარებელს  ხარისხიანი პროდუქტი მიეღო. ამაში დიდი ენერგია ჩავდეთ.

M: რაც შეეხება სამომავლო გეგმებს . . . 

თ.ა. : რამდენიმე დღეში ბაზარზე გამოჩნდება ვერცხლის ახალი პროდუქტი და ოქროს პრემიუმ ხაზი. ჩვენი შემდეგი ნაბიჯი იქნება ტურისტულად აქტიურ ობიექტებზე პოზიციონირება და წარდგენა.

განხილვა