28
Jun
2019

“ათასში ერთი” – მაღაზია, რომელიც პროდუქტებს ვიდეო გადაცემების საშუალებით ყიდის

28 Jun 2019

Startauperi
Startauperi


ხარისხის მოყვარული მომხმარებლებისთვის უცხო არ უნდა იყოს ფრაზა “ასეთი რაღაც ხომ ათასში ერთია”. სასურველი ნივთის მოძიება პროდუქტებით გადავსებულ ბაზარზე არც ისე მარტივია. ამასთან, დატვირთული სამუშაო დღეების გამო, მომხმარებლისთვის რთულია მაღაზიებში სასიარულოდ დროის გამონახვა, ინტერნეტ მაღაზიებში პროდუქტების შედარება, ფასის ხარისხთან შესაბამისობაში თანხვედრა და იმ “ათასში ერთი”, სასურველი ნივთის შეძენა, რომელსაც ეძებს. ცოტა ხნის წინ, ქართულ ციფრულ სივრცეს შეემატა მაღაზია “ათასში ერთი”, რომელმაც მომხმარებელთან კომუნიკაცია და პროდუქციის გაყიდვა ვიდეო გადაცემის საშუალებით დაიწყო.

“ქართული სამომხმარებლო ბაზარი გაჯერებულია ერთგვაროვანი პროდუქტით, მომხმარებლისთვის რთულია გაერკვეს პროდუქტის უპირატესობაში. ბაზარს აკლია ახალი და ინოვაციური პროდუქტები, რადგან დილერები მიყვებიან ბაზრის მოთხოვნებს და მაღალი მარკეტინგული დანახარჯების საჭიროების გამო ერიდებიან ახალი პროდუქტების ბაზრისთვის შეთავაზებას. ამასთან, პარალელურ სამყაროში, ტრადიციული მედია, სახელდობრ, ტელევიზია ხარისხიანი ქონთენთის დეფიციტს განიცდის და გამკაცრებული სარეკლამო რეგულაციების შედეგად, მონეტიზაციის მწარე პრობლემის წინაშე დგას,” – ამბობენ კომპანიის წარმომადგენლები.

“ათასში ერთის” შექმნით, დამფუძნებლებმა გადაწყვიტეს შეექმნათ პლატფორმა, ერთგვარი ვიდეო მაღაზია, რომელიც საერთო სარგებელს შექმნიდა ყველა მხარისთვის: მომხმარებელი მიიღებდა ნამდვილად ხარისხიან პროდუქტს საუკეთესო ფასად, დისტრიბუტორი მოახერხებდა თავისი ბრენდის ცნობადობის ზრდას, მარკეტინგული დანახარჯების გარეშე და შესაძლებელი იქნებოდა საეთერო დროის მონეტიზაცია.

M: “ათასში ერთის” კონცეფცია ტელემარკეტის პრინციპთანაა კავშირში?

ვიდეო მაღაზია “ათასში ერთი” თავისი ფორმატით ჰგავს ტელემარკეტს, თუმცა პრინციპული სხვაობები არსებობს:
ჩვენ მიერ შეთავაზებული პროდუქტი აუცილებლად გამოცდილია ხარისხში და ემსახურება ცხოვრების გამარტივებას (ამ ეტაპზე, ვთანამშრომლობთ უკვე ყველასთვის კარგად ცნობილ გერმანულ ბრენდ “კერხერთან”, სახის კანის მოვლის ინოვაციურ შვეიცარიულ ბრენდ “HQ”-სთან და იტალიურ Elleci SPA-სთან.
გადაცემა არის ქართული და არა ადაპტირებული. შეთავაზებული ფასი გარანტირებულად საუკეთესოა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში, მომხარებელი ვერსად ნახავს ამ პროდუქტს უკეთეს ფასად.

M: რამდენად მოგებიანია/პერსპექტიულია მაღაზიის ეს პრინციპი ქართული რეალობისთვის?

ჯერ მოგებიანობაზე საუბარი ადრეა, რადგან სატესტო რეჟიმში ვართ გაშვებული. არ გვინდოდა და არც გვქონდა დიდი ინვესტიციით დაწყების საშუალება. MVP-ს (Minimum Viable Product) დონეზე გავეშვით და დავინახეთ, რომ მოდელი მუშაობს. სექტემბრიდან უკვე მეტი პროდუქტით და მედიით ვგეგმავთ მუშაობის გაგრძელებას

M: რა ტიპის პროდუქცია იყიდება თქვენთან?

პროდუქტის შერჩევაზე დიდ დროს ვხარჯავთ. ვაკეთებთ აუდიტს, ინტერნეტ არხების გამოყენებით, გულდასმით ვაანალიზებთ პროდუქტის ფუნციონალს, მთავარ ბენეფიტებს და მომხმარებლების გამოხმაურებას და ვანიჭებთ პროდუქტს ჩვენს შეფასებას.
საერთო პრინციპი, რაც ბრენდის პირდაპირ დაპირებად ვაქციეთ: “მხოლოდ საუკეთესო პროდუქტი – საუკეთესო ფასად”.
ამ ეტაპზე, ვყიდით 3 პროდუქტს:

M: მომხმარებლებისთვის შესათავაზებელ პროდუქციას რა პრინციპით არჩევთ?

ჩვენ ვეძებთ საუკეთესო პროდუქტებს ბაზარზე და მათ ექსკლუზიურ დილერებს ვეხმარებით კარგად გააცნონ ისინი ფართო სამომხმარებლო საზოგადოებას. ისინი კი, ამის სანაცვლოდ, ჩვენს მომხმარებელს დიდ ფასდაკლებას უკეთებენ.

კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც პროდუქტებს ვარჩევთ:
პროდუქტი უნდა იყოს აუცილებლად საუკეთესო მის ფუნქციურ და საფასო კატეგორიაში; ვეძებთ მათ მომხმარებლებს საქართველოში და ვუტარებთ ინტერვიუებს; უნდა ჰქონდეს 5 ვარსკვლავიანი შეფასება (review) ინტერნეტში სხვადასხვა საერთაშორის მაღაზიებსა და ვებგვერდებზე.

ბრენდი – უნდა იყოს სანდო და ჰქონდეს კარგი გლობალური რეპუტაცია. პროდუქტს უნდა ჰქონდეს ხარისხის გარანტია
გამყიდველი უნდა იყოს ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში – ეს გვჭირდება იმისთვის, რათა ვინმე სხვა კომპანიამ ჩვენი დახმარებით სტიმულირებულ მოთხოვნაზე არ შემოიტანოს იგივე პროდუქტი დემპინგურ ფასად და ერთი მხრივ, ჩვენი პარტნიორი არ დაზარალდეს და მეორე მხრივ, არ დაირღვეს ჩვენი პირობა მომხმარებელთან – “საუკეთესო ფასად”.

დილერი უნდა იყოს ორიენტირებული მომხმარებლისთვის ღირებულების შექმნაზე და მზაობას აცხადებდეს პროდუქტის გაყიდვის შემდეგ გარანტიაზე ან/და საჭიროების შემთხვევაში სერვისზე.

ჩვენ გამუდმებით ვეძებთ ასეთ პროდუქტებს და მათ დილერებს. მათ შეუძლიათ მოგვწერონ მეილზე [email protected], თუ რა პროდუქტითა და პირობებით სურთ ჩვენთან თანამშრომლობა.

M: ვინ არის თქვენი სამიზნე სეგმენტი?

ჩვენი სამიზნე სეგმენტი არის General audience – ტელევიზიისა და ინტერნეტის მომხმარებლები. უფრო კონკრეტული სეგმენტაცია პროდუქტების ჭრილში უნდა დავინახოთ. პროდუქტების სეგმენტები განსხვავდება როგორც დემოგრაფიული ნიშნით, ისე მსყიდველუნარიანობითაც. პროდუქტები, რომლებსაც შევთავაზებთ მაყურებლებს, აუცილებლად დივერსიფიცირებული იქნება საფასო კატეგორიის მხრივ. თუმცა, ყველა პროდუქტი იქნება საუკეთესო – საუკეთესო ფასად. “ათასში ერთის” სეგმენტი კი არიან ჭკვიანი ადამიანები, რომლელთათვისაც მნიშვნელოვანია კარგად ესმოდეთ, რას ყიდულობენ, რადგან ჩვენი ვიდეო დაწვრილებით მიმოიხილავს ყველა პროდუქტს და იმ შემთხვევაში, თუ სჭირდებათ, ასეთ შეთავაზებას ხელიდან არ უშვებენ.

M: ქართულ ბაზარზე “ყველაზე დაბალი ფასით” სხვებიც ოპერირებენ. ვის დავუჯეროთ? მეორე მხრივ, “დაბალი ფასი” მომხმარებელში ნაკლებხარისხიანთან ასოცირდება…

ჩვენ არ შემოგვაქვს პროდუქცია და არც ვყიდულობთ და ვყიდით, სხვა მაღაზიებისგან განსხვავებით. ჩვენ ვეძებთ საუკეთესო პროდუქტებს და ვპარტნიორობთ მათ ექსკლუზიურ დისტრიბუტორებთან საქართველოში, რომლებიც ახერხებენ აკონტროლონ სამომხმარებლო საბაზრო ფასი. ისინი გვაძლევენ ჩვენ უფლებას, რომ შეზღუდული დროით შევთავაზოთ ეს პროდუქტი მხოლოდ ჩვენს მომხმარებელს საბაზროზე საგრძნობლად დაბალ ფასად. ამ დათმობის სანაცვლოდ, ჩვენ ვამზადებთ ამ პროდუქტის ამომწურავ სადემონსტრაციო ვიდეო გადაცემას, რომელსაც ვათავსებთ მრავალ სატელევიზიო და ინტერნეტ არხში. ანუ, ჩვენ არ ვყიდით “დაბალფასიან” პროდუქტებს. ჩვენ გთავაზობთ “მაღალფასიან” პროდუქტებს დაბალ ფასად.

M: მხოლოდ ფეისბუკ გვერდის საშუალებით გაქვთ კომუნიკაცია? თუ კი – მაშინ როგორ უმკლავდებით სხვა უამრავ ონლაინ მაღაზიასთან კონკურენციას, რომელთა დასპონსორებულ რეკლამას ხშირად ვხედავთ ჩვენს ნიუს-ფიდში?

Facebook გვერდი ჩვენთვის მომხმარებელთან დიალოგის საშუალებაა. ამ ეტაპზე მას ნაკლებად ვიყენებთ, როგორც გაყიდვების არხს, ვმუშაობთ მისი ამ მიმართულებით განვითარების სტრატეგიაზე. ჩვენი მთავარი არხები, რომლითაც მომხმარებლამდე მიგვაქვს შეთავაზებები არის სატელევიზიო და ინტერნეტ მედია საშუალებები. ამ ეტაპზე, affiliate (შედეგზე ორიენტირებული) მოდელით ვთანამშრომლობთ “მესამე” არხთან, ტელეკომპანია “კავკასიასთან”, სილქ უნივერსალთან, სილქ სპორტ და კინო არხებთან, ასევე რეგიონურ მაუწყებლობასთან TV4. ნელ-ნელა ვამატებთ სხვა არხებსაც და ინტერნეტ არხებს, როგორიცაა adjaranet.com, სადაც ამ სტატიის გამოქვეყნების მომენტში უკვე გაშვებული ვიქნებით. ღია ვართ ნებისმიერ მედიასთან თანამშრომლობისთვის, რომლებიც მზად არიან მიიტანონ მათ მაყურებელთან პროდუქტები, რომლებიც მათ ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

განხილვა