in

როგორ დავძლიოთ შეცდომების დაშვების შიში

M2
M2

ისედაც საკმაოდ რთულ და ემოციურად დატვირთულ სამყაროში ადამიანებს შინაგანი შიშებიც უხვად გვაქვს… დაწყებული ობობების ფობიით, დასრულებული შეცდომების დაშვების შიშით, რასაც „ატელოფობიის“ სახელით ვიცნობთ. რეალურად, რაღაცის არასწორად გაკეთებასთან დაკავშირებული შფოთვა ბევრისათვის ნაცნობია, განსაკუთრებით სამსახურში — ეს ხომ ხშირად წარმატების მიღწევა/ვერ მიღწევის პირდაპირპროპორციულია. თუმცა მუდმივად ამ განცდით ცხოვრება უბრალოდ ზედმეტი ტვირთია გონებისთვის და მის გადასალახად რამდენიმე მეთოდის გამოყენებაც შეიძლება.

ნუ შეგეშინდებათ საკუთარი შიშის

ბევრი კულტურა „უშიშრობის“ პათოსისკენ მოგვიწოდებს. ლიდერის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი პირის, ტრადიციული იმიჯიც სიჭკვიანეს, სიმკაცრესა და უშიშრობას უკავშირდება. მაგრამ შიშს, ისევე როგორც ნებისმიერ ემოციას, ევოლუციური მიზნი და დადებითი მხარე აქვს — შეცდომების დაშვების ფობია გვახსენებს, რომ ყოველთვის ყურადღებით უნდა ვიყოთ საქმესთან მიმართებით. ამიტომ, სრულადაც ნუ განდევნით ამ განცდას. სხვა სიტყვებით, ნუ შეგეშინდებათ ატელოფობიის.

გამოიყენეთ ემოციური მოქნილობის უნარები

ობიექტურად თუ შევაფასებთ, შეცდომების დაშვების შიშს ადამიანების პარალიზება შეუძლია. ემოციური მოქნილობის უნარები კი ამ დამბლის ანტიდოტია. ეს პროცესი აზრებისა და გრძნობების მარკირებით იწყება, როგორიცაა: „მე ვღელავ, რომ ვერ შევძლებ საქმის სათანადოდ შესრულებას“. შიშების ხმამაღლა გამოხატვა მათ გაფანტვას უწყობს ხელს — როგორც ბნელ ოთახში შუქის ანთება.

ამას მოსდევს რეალობის მიღება, მაგალითად: „მე მესმის, რომ ადამიანები ყოველთვის ყველაფერს იდეალურად ვერ აკეთებენ“. შემდეგ მოდის პირად ღირებულებებზე დაფუძნებული ქმედება — ჩამოთვალეთ 5 ფასეულობა და საკუთარ თავს ჰკითხეთ, როგორ უკავშირებთ ქმედებებს თითოეულ მათგანს. ეს მნიშვნელოვანი დაბრკოლებების გადალახვაში დაგეხმარებათ.

ფოკუსირდით პროცესებზე

შფოთვა უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ, თუ ამას ეფექტურად გააკეთებთ. ამიტომაც, როდესაც ღელავთ, გადაწყვეტილებების პოვნაზე უნდა იყოთ ორიენტირებული, ნაცვლად მხოლოდ საფრთხის დანახვისა. სხვა სიტყვებით, შფოთვა ქმედებებად აქციეთ, რომლებიც წარუმატებლობის შანსებს შეამცირებს.

ცოტა სხვა კუთხით თუ შევხედავთ, ყოველთვის შეგვიძლია ე. წ. სისტემების კონტროლი და არა, შედეგების. როგორია თქვენი სისტემები და პროცესები შეცდომების თავიდან ასაცილებლად? საქმის შესრულებისას შფოთვა ისეთ კითხვებზე პასუხების გასაცემად გამოიყენეთ, როგორებიცაა: რამდენად სანდო მონაცემებს ეყრდნობით? რა არის მისი შეზღუდვები?

გააფართოვეთ თქვენი აზროვნება

როდესაც შეცდომის დაშვების გვეშინია, ჩვენი აზროვნება შევიწროების საფრთხის წინაშეა. წარმოიდგინეთ, რომ ღამით სეირნობთ და მოულოდნელად შიში გიპყრობთ, ვიღაცის ან რაღაცის დანახვის. რეალურად, ეს ის დროა, როცა ყველაზე კარგად ვხვდებით, როგორია ჩვენი ყველაზე დიდი შიში…

შესაძლოა, არაეფექტურად გეჩვენებოდეთ, რომ შეცდომის დაშვების შიში ნეგატიურ შედეგებზე ფიქრით შეამციროთ, მაგრამ ეს სტრატეგია პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ. დაფიქრდით, ყველაზე უარესი რა შეიძლება მოჰყვეს არასწორად გაკეთებულ საქმეს და ყოველი შემთხვევისთვის ამისთვისაც მოიფიქრეთ შესაბამისი გადაწყვეტა.

მოერიდეთ ზედმეტ განსჯას

ბევრ ადამიანს ახასიათებს მსგავსი ქმედება: როცა რაიმე სადავო თემას წამოიწყებენ სოციალურ მედიაში, მუდმივად აკონტროლებენ, ვინმემ რაღაც საწინააღმდეგო ხომ არ დაწერა — ანუ, თავად კრიტიკის ობიექტად ხომ არ იქცა. ეს ინფორმაციულ გადატვირთვას იწვევს, რასაც ემოციური დაბნეულობა და გადაწვა მოსდევს. ამრიგად, უმჯობესია, ზედმეტ მონიტორინგს შეეშვათ და ასე აირიდოთ თავიდან დარდი თუ ბრაზი.

თავისთავად, შეცდომის დაშვების შიში მეტ-ნაკლებად არ გაიძულებთ სწორი გადაწყვეტილებების მიღებას. თუ ძალიან ბევრს ნერვიულობთ და მხოლოდ იმაზე ფოკუსირდებით, თუ რამდენად არასასიამოვნოა სტრესი და გაურკვევლობა, შესაძლოა, არასწორ ნაბიჯებამდე მიხვიდეთ. თუმცა, თუ გესმით, როგორ მუშაობს შფოთვა კოგნიტიურ დონეზე, შეგიძლიათ გამოიყენოთ იგი ფრთხილი, მაგრამ გაბედული და კარგად დასაბუთებული გადაწყვეტილებების მოტივაციისთვის.

სევდიან ამბებსაც აქვს სახალისო დასასრული — Canal+-ის მოკლემეტრაჟიანი ფილმი

რატომ არ იწვევს წარმატება კმაყოფილებას