ახალი კვლევის თანახმად, მილიონობით პატარა პლასტმასას ნატეხი “დაფარფატებს” დედამიწის ატმოსფეროში… ექსპერტების თქმით, ეს ეკოლოგიური პრობლემა სულ უფრო უარესდება და სამომავლოდ დიდ გავლენას იქონიებს ადამიანების ჯანმრთელობაზე.
როგორც ადრე ჩატარებულმა რამდენიმე კვლევამ აჩვენა, პლასტმასას მიკროსკოპული ნაწილაკები გვხვდება როგორც ოკეანეში, ისე სასმელ წყალსა და შესაბამისად, ჩვენს ორგანიზმშიც კი. თუმცა ამ კვლევების დროს “პლასტმასის ციკლის” ატმოსფერული მონაკვეთი ჯერ კიდევ არ იყო კარგად გაგებული.
ახალმა გამოკვლევამ კი აჩვენა, რომ ათასობით ტონა მიკროპლასტმასაა ატმოსფეროში მიმოფანტული. ამასთან ერთად, კომპიუტერულმა მოდელირებამ აჩვენა, როგორ ხდება ნაწილაკების მთელ მსოფლიოში გავრცელება და როგორც ჩანს, მისგან თავისუფალი ადგილი საერთოდ არ მოიძებნება – ეს ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე ეკოლოგიური პრობლემაა.
“მიკროპლასტმასამ შესაძლოა, თითქმის ყველა ეკოსისტემაზე ნეგატიურად იმოქმედოს, რომ აღარაფერი ვთქვათ ადამიანის ჯანმრთელობაზე” – ამბობს მეცნიერი ჯენის ბრენი. ასევე, მკვლევრების თქმით, ეს საკითხი მნიშვნელოვნად უკავშირდება კლიმატის ცვლილებებს.
იმის გასარკვევად, თუ როგორ ხდება მიკროპლასტმასას ატმოსფეროში და მის ფარგლებს გარეთ “ტრანსპორტირება”, ბრენმა და მისმა კოლეგებმა 14 თვიანი დაკვირვება ჩაატარეს. მათი დასკვნების საფუძველზე დადგინდა, რომ დაახლოებით1100 ტონა მიკროპლასტმასაა დასავლეთ აშშ-ს ატმოსფეროში. “ამ შედეგით გუნდი აბსოლუტურად შოკირებულია” – ამბობს ბრენი.
“ატმოსფერო ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც მიკროპლასტმასა ასე ფართოდ არის გავრცელებული. მას შეუძლია, ნაწილაკები სხვადასხვა ადგილებში გაავრცელოს – იქაც კი, სადაც ადამიანებს გარემოს დასაბინძურებლად ხელი არ მიუწვდებათ”.
როგორც მკვლევრები წინასწარმეტყველებენ, ქალაქები მიკროპლასტმასური დაბინძურების უდიდესი წყარო იქნება. ამაში კი ყველაზე დიდი წვლილი სატრანსპორტო გზებს მიუძღვის – ისინი ატმოსფერული დაბინძურების 84%-ზეა პასუხისმგებელი. ამასთან ერთად, დაბინძურების წყაროს წარმოადგენს ოკეანეები (11%) და სასოფლო-სამეურნეო ნიადაგის მტვერი (5%).
საგულისხმოა, რომ პლასტმასას ნაწილაკები ჰაერში ერთი საათიდან 6.5 დღემდე რჩება. ეს კი საკმარისი დროა ანტარქტიდის მსგავსი ადგილების დასაბინძურებლადაც კი… “არავინ არის დაცული დაბინძურების ამ წყაროსგან. ჩვენ შეგვიძლია, ჩვენი ნაგავი სადღაც სხვაგან “გადავხვეწოთ”, მაგრამ ის უბრალოდ დაბრუნდება და თავს შეგვახსენებს” – ამბობენ მკვლევრები.
შემდეგი ნაბიჯები
სამწუხაროდ, ეს ის პროცესია, რომლის წინააღმდეგადაც ჯერ კიდევ არ გვაქვს ეფექტური საშუალებები და შესაბამისად, პრობლემა სულ უფრო მწვავდება. ამიტომ, ამ ეტაპზე კვლევის მთავარ მიზანს იმის გარკვევა წარმოადგენს, თუ რამდენად საზიანოა ჰაერში მიმოფანტული პლასტმასა ჩვენთვის. “ნებისმიერი ნაწილაკის ჩასუნთქვას შეიძლება უარყოფითი შედეგები ჰქონდეს ჯანმრთელობისთვის, მაგრამ ამჟამად არ ვიცით, პლასტმასა აეროზოლებზე უფრო საზიანოა, თუ – არა”.