ახლაგაზრდა მეცნიერები, ფსიქოლოგები, ბიოლოგები და სოციოლოგები ერთი მიზნის გარშემო გაერთიანდნენ და გადაწყვიტეს: „გვინდა, შევქმნათ საბავშვო შემეცნებითი ექსპერიმენტების ნაკრები, რათა ბავშვებს მეცნიერება ჩარჩოებს გარეთ შევაყვაროთ. მეცნიერება ხელშესახები გავხადოთ“.
მიზნის მისაღწევ საუკეთესო გზად სტარტაპის დაფუძნება მიიჩნიეს და ასე, Atom Kids-ის სახელით, STEAM განათლების ფარგლებში, ზრუნვა ექსპერიმენტული თამაშების შექმნასა და პოპულარიზაციაზე დაიწყეს.
ჩვენ STEAM განათლებასა და მის მნიშვნელობაზე (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია, ხელოვნება, მათემატიკა) 2 წლის წინაც გიყვებოდით და იმასაც ვამბობდით, რომ მისი მიცემა ბავშვისთვის სახლშიც თავისუფლად შესაძლებელი გახლდათ. ზუსტად ამის დასტურია Atom Kids-ის იდეაც – ექსპერიმენტული თამაშების საშულებით, სხვადასხვა ასაკის ბავშვებმა სამყაროს რთულ მოვლენებზე წარმოდგენა მარტივად, სახლის პირობებში შეიქმნან.
ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ბავშვი არის მეცნიერი! შემეცნების პროცესი ბავშვებისთვის სახალისო უნდა იყოს, რაც „ატომ ქიდსის“ მთავარ მიზანს ეხმიანება – ბავშვებსა და მოზარდებს მეცნიერება შეაყვაროს და სამყაროს გაგების სურვილი გაუღვივოს.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი, ნინო ბარამიძე გვიყვება, „ატომ ქიდსის“ შექმნის იდეა 2018 წელს, ბავშვებთან თამაშის დროს დაიბადა: „ამ პროცესში მთელი ჩვენი ოჯახი ჩართული იყო. ბავშვები სხვადასხვა მოვლენაზე კითხვებს ხშირად გვისვამდნენ და ამ მოვლენების ახსნის პროცესში ვიაზრებდით, რომ მხოლოდ თეორიული, მშრალი განმარტება არაფრის მომცემი იყო.
შესაბამისად, აქ გაჩნდა მიდგომა, სადაც ახსნასთან ერთად, ბავშვების მიერ, სხვადასხვა ვიზუალური თუ პრაქტიკული ამოცანების შესრულებაც გარდაუვალი გახდა. მაგალითად, სახლის პირობებში მცენარიდან დნმ-ის გამოყოფის მეთოდმა და მისმა კოდური თავსატეხის 3D ფორმატში გამოძერწვამ, ინსპირაცია მოგვცა, სხვა ექსპერიმენტებიც გაგვეგრძელებინა. სწორედ აქედან დაიწყო თამაშით სწავლის ინტერდისციპლინარული მიდგომის განვითარება, რაც შემდეგ უკვე „ატომ ქიდსის“ ბრენდში გადაიზარდა“.
M: ნინო, როგორც ვხვდები, Atom Kids-ის შექმნის იდეა ბავშვურმა ცნობისმოყვარეობამ განაპირობა… თქვენი პირადი გამოცდილება გასაგებია, რაც შეეხება ბაზარზე არსებულ კონტექსტს, რამდენად სჭირდებოდა ქართულ აუდიტორიას ის პროდუქტი და მიდგომები, რომელსაც Atom Kids-ის ფარგლებში სთავაზობთ?
ყველა ბავშვი დამკვირვებელია და ამ დაკვირვების პროცესში, გარესამყაროს შესახებ, აუცილებლად სხვადასხვა კითხვა უჩნდება. ამ კითხვებს თუ სათანადოდ არ მოვეკიდეთ, ეს ინტერესი პასიური ხდება, ქრება ან უბრალოდ, ნეგატიურ დამოკიდებულებაში გადადის. ამას ბევრი მიზეზი შეიძლება, ჰქონდეს, თუმცა ერთ-ერთი მთავარი სწავლის პროცესში არასაკმარისი ძალისხმევა ან არასწორი მიდგომაა. ასევე, მნიშვნელოვანია ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებაც.
მსგავსი ქართული ბრენდი ჩვენს ბაზარზე არ არსებობს. არსებული უცხოური ბრენდები კი, ენის ბარიერის გამო, ბავშვების უმრავლესობისთვის მიუწვდომელია და ასევე, ხშირ შემთხვევაში, მშობლებისთვისაც. სწორედ აქ დავინახეთ და ვხედავთ ჩვენ „ატომ ქიდსის“ მნიშვნელოვან როლს, დავეხმაროთ მშობლებსა და ბავშვებს მარტივი და გასართობი მეთოდებით, ქართულ ენაზე ასწავლონ და ისწავლონ STEAM-ის დარგები, რაც, რეალურად, ჩვენი ყოველდღიურობაა.
M: ამბობთ, რომ სურვილი და შესაძლებლობაც გაქვთ, მეცნიერება ხელშესახები გახადოთ… ამაში რას გულისხმობთ და კონკრეტულად, რომელ ასაკობრივ კატეგორიას ერგებით?
„ატომ ქიდსმა“ რეალური ექსპერიმენტები შექმნა, სადაც სხვადასხვა ასაკის ბავშვები და მშობლები დააკვირდებიან ამა თუ იმ მოვლენებს სახლის პირობებში, ლაბორატორიის გარეშე. ამჟამად, „ატომ ქიდსის“ სახელით 8 ექსპერიმენტული კიტი იყიდება: „მოლეკულები“, „დნმ ექსტრაქცია“, „მხიარული ქაფი“, „მფრინავი ბუშტი“, „3D პლანეტები“, „ვულკანი“, „ჰიგიენის ლაბორატორია“, „კონტინენტები და ცხოველები“.
პროდუქცია განკუთვნილია 3-12 წლის ბავშვებისთვის. სახალისო-შემეცნებითი ექსპერიმენტების ნაკრები სრულიად უსაფრთხოა და ექსპერიმენტის ჩასატარებელი ყველა ატრიბუტი მოჰყვება. „ატომ ქიდსს“ სოფელ ნატახტარში საწარმო აქვს, სადაც პროცესი უსაფრთხოების სტანდარტების (GHS კლასიფიკაცია) დაცვით მიმდინარეობს.
M: როგორ პასუხობს თქვენს მთავარ მიზანს – ბავშვებისა და მოზარდებისთვის მეცნიერების შეყვარება და მათში სამყაროს შემეცნების სურვილის გაღვივება – ბრენდის სახელი და ვიზუალური სიმბოლო?
„ატომ ქიდსის“ მიზნიდან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, ისეთი სახელწოდება შეგვერჩია, სადაც მოვლენების შემადგენელი მატერიების მთავარი ფუნდამენტი გამოჩნდებოდა. სწორედ ასეთი ფუნდამენტური ერთეულია ატომი, რომელიც ყველგან და ყველაფერშია.
ჩვენი სამყარო ატომის დონეზე ფუნქციონირებს, რაც ჩვენი და „ატომ ქიდსის“ ბავშვების მთავარი ინტერესია. ასე დაიბადა სახელწოდება. შემდეგ უკვე ჩვენმა ჯგუფმა ამ სახელწოდების ვიზუალიზაციაზე დაიწყო მუშაობა. შინაარსთან ერთად თამაში, გართობა, მხიარულება ამ სახელწოდების შრიფტის დიზაინსა და ფერებში აისახა.
M: სად შევხვდებით „ატომს ქიდსის“ პროდუქციას?
ჩვენი პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ჩვენს ვებგვერდზე: www.atomkids.ge და ასევე, ჩვენს პარტნიორ ონლაინ და საბავშვო მაღაზიებში, როგორიცაა: „ვუნდერკინდი“, „გლოვო“, „ვენდუ“, „პსპ“ და სხვ.
M: რა არის თქვენი ამოსავალი წერტილი იმისთვის, რომ ბრენდმა, გრძელვადიან პერსპექტივაში, აქტუალობა შეინარჩუნოს?
ნებისმიერი იდეის პროდუქტად გადაქცევა და ბაზარზე თავის დამკვიდრება, ზოგადად, რთული პროცესია. ეს ყველაფერი ბევრი შრომის, კვლევის, სატესტო რეჟიმის, დისკუსიისა და ანალიზის შედეგია. შესაბამისად, „ატომ ქიდსის“ ყოველდღიური საქმიანობა სწორედ ამ გამოწვევების გადალახვაა და ამისი რეალური შედეგია ჩვენი სახელი და უკვე არსებული რვა პროდუქტი.
იმისთვის, რომ „ატომ ქიდსი“ მუდმივად აქტუალური იყოს, ახალი იდეებისა თუ უკვე არსებული პროდუქტების კვლევისა და ანალიზის პროცესიც მუდმივ რეჟიმში უნდა ხორციელდებოდეს. ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს მომხმარებლებთან აქტიური კავშირი, რაც საშუალებას გვაძლევს, სწორად შევაფასოთ „ატომ ქიდსის“ ძლიერი და სუსტი მხარეები. ასე გვესმის ჩვენ ბრენდის მუშაობა.
M: იდეალურ შემთხვევაში, სად იქნება Atom Kids-ის ადგილი ამ სამყაროში?
ჩვენი კომპანია დღითი დღე იზრდება. გვყავს მომხმარებელი, რომელიც ექსპერიმენტების განვითარებაში აქტიურად არის ჩართული. ამჟამად, ახალ იდეებს ვამუშავებთ, ონლაინ პლატფორმის გამართვას ვიწყებთ და უახლოეს მომავალში, ახალ ექსპერიმენტებსაც დავამატებთ. ეს საშუალებას მოგვცემს, მრავალფეროვანი პროდუქცია წარმოვადგინოთ როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ.
„ატომ ქიდსის“ მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება ბევრი ბავშვი გახდეს ჩვენი მეცნიერი!!
გახდი(თ) ჩვენი მეცნიერი!
ავტორი: თიკა გეგენავა