მეშვიდე წელია, ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებისა და ცნობადობის გაზრდისთვის, თიბისი ბიზნეს დაჯილდოების ყოველწლიურ მასშტაბურ ღონისძიებას ატარებს. კონკურსში 7 წლის განმავლობაში 3000-მდე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, წელს პროექტში მონაწილეობის სურვილი რეკორდული რაოდენობის, 412-მა კომპანიამ გამოთქვა. სულ ცოტა ხნის წინ, ბიზნეს დაჯილდოება 2022-ის ფინალისტების ვინაობა გახდა ცნობილი. 5 ნომინაციაში სულ 15 ფინალისტი მოხვდა და სტატიების ამ სერიაში თითოეულ მათგანს უფრო ახლოს გაგაცნობთ.
შეგახსენებთ, რომ ფინალისტები შემდეგ ნომინაციებში ასპარეზობენ: საუკეთესო პროდუქტი, საუკეთესო ინოვაციური სტარტაპი, გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა, გამორჩეული როლი რეგიონის განვითარებაში, გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება.
ამ სერიაში კიდევ ერთ კომპანიაზე უნდა მოგიყვეთ, რომელსაც „ატომ ქიდსი” ჰქვია და რომელიც ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს. ის მიზნად STEAM განათლების პოპულარიზაციას ისახავს. ბიზნეს დაჯილდოების ნომინანტი გახდა საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის.
იდეა, რომ გაჩენილიყო მსგავსი სივრცე ბავშვებისთვის, სწორედ ბავშვებთან თამაშის დროს გაჩნდა. პატარები ხომ სამყაროს შეცნობის პროცესში არიან და მუდამ სვამენ კითხვებს, ხშირ შემთხვევაში, ჩამჭრელსაც კი. კითხვებზე პასუხის გაცემისას ნინო ბარამიძე, „ატომკიდსის” დამფუძნებელი, ხვდებოდა, რომ ბავშვს მხოლოდ თეორიული ცოდნა არ აკმაყოფილებს და საჭიროა, მისთვის უფრო გასაგები ენით ახსნა. ის, რაც ესმის ბავშვს კარგია, მაგრამ ესა თუ ის საგანი რომ შეისწავლოს, ვიზუალური კონტაქტიც უნდა ჰქონდეს მასთან. სწორედ ასე, ბავშვებზე დაკვირვებით გაჩნდა „ატომ ქიდსი”, რომელიც სამეცნიერო საგნებს თამაშ-თამაშით შეასწავლის მომავალ თაობას.
Marketer-ის კითხვებს ნინო ბარამიძე თავად პასუხობს. ჩვენ მას დეტალურად ვესაუბრეთ კომპანიის საქმიანობასა და ბიზნეს დაჯილდოებაზე:
M: რა არის „ატომ ქიდსი” და რას სთავაზობთ მომხმარებელს?
ატომ ქიდსი არის ინოვაციური კომპანია, რომლის მიზანია პოპულარიზაცია გაუწიოს ექსპერიმენტულ თამაშებს STEAM განათლების ფარგლებში, რაც გულისხმობს ისეთი დარგების ხელმისაწვდომობასა და შემეცნებას, როგორიც არის მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა. ექსპერიმენტული თამაშების საშუალებით სხვადასხვა ასაკის ბავშვებს საშუალება აქვთ, მარტივად და თამაშით, სახლის პირობებში, გაიგონ სამყაროს რთული მოვლენები.
ეს პროცესი არის სახალისო და გასართობი ბავშვებისთვის, რაც ეხმიანება ატომ ქიდსის მთავარ მიზანს – ბავშვებსა და მოზარდებს შეაყვაროს მეცნიერება და გაუღვივოს სამყაროს შემეცნების სურვილი. ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ბავშვი არის მეცნიერი!
M: დამფუძნებლებსა და გუნდის წევრებზე ვისაუბროთ: რა გამოცდილება აქვთ ამ სფეროში, როგორ მოხვედით ამ კომპანიამდე?
ატომ ქიდსი არის დაფუძნებული ახლაგაზრდა მეცნიერების, ფსიქოლოგების, ბიოლოგებისა და სოციოლოგების მიერ. ჩვენი მიზანია, შევქმნათ საბავშვო შემეცნებითი ექსპერიმენტების ნაკრებები, რათა ბავშვებს შევაყვაროთ მეცნიერება ჩარჩოებს გარეთ და გავხადოთ ის ხელშესახები.
M: რატომ გადაწყვიტეთ ბიზნეს დაჯილდოების კონკურსში მონაწილეობა და თქვენი აზრით, რამ განაპირობა რჩეულებში მოხვედრა?
თიბისი ბიზნეს დაჯილდოება არის საკმაოდ ცნობილი დაჯილდოება, რომელმაც მოგვცა შესაძლებლობა, ჩვენი ბრენდის ცნობადობა გაგვეზარდა. რჩეულებში მოხვედრა განაპირობა ატომ ქიდსის ინოვაციური სწავლის მეთოდმა, რომელიც მას გამოარჩევს ყველა სხვა ბრენდისგან.
M: რა არის თქვენი კომპანიის ნიშა, რაც სხვებისგან გამოგარჩევთ?
ყველა ბავშვი არის დამკვირვებელი და ამ დაკვირვების პროცესში აუცილებლად უჩნდება სხვადასხვა კითხვა გარე სამყაროს შესახებ. ამ კითხვებს თუ სათანადოდ არ მოვეკიდეთ, ეს ინტერესი ხდება პასიური, ქრება ან უბრალოდ ნეგატიურ დამოკიდებულებაში გადადის. ამას ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, თუმცა ერთ-ერთი მთავარი მიზეზია არასაკმარისი ძალისხმევა ან არასწორი მიდგომა სწავლის პროცესში. ასევე მნიშვნელოვანი იყო ადგილობრივი კონტექსტი.
მსგავსი ქართული ბრენდი ჩვენს ბაზარზე არ არსებობდა. არსებული უცხოური ბრენდები კი ენის ბარიერის გამო მიუწვდომელია ბავშვების უმრავლესობისთვის და ხშირ შემთხვევაში, მშობლებისთვისაც. სწორედ აქ დავინახეთ და ვხედავთ ჩვენ ატომ ქიდსის მნიშვნელოვან როლს – დავეხმაროთ მშობლებსა და ბავშვებს მარტივი და გასართობი მეთოდებით, ქართულ ენაზე ასწავლონ და ისწავლონ STEAM-ის დარგები, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობას წარმოადგენს.
M: ვინ არიან თქვენი მომხმარებლები და როგორ უზრუნველყოფთ მათ დადებით გამოცდილებას თქვენთან თანამშრომლობისას?
ატომ ქიდსმა შექმნა რეალური ექსპერიმენტები, სადაც სხვადასხვა ასაკის ბავშვები და მშობლები დააკვირდებიან ამა თუ იმ მოვლენებს სახლის პირობებში, ლაბორატორიის გარეშე.
ამჟამად, ატომ ქიდსის გაყიდვაშია 8 ექსპერიმენტული კიტი: „მოლეკულები”, „დნმ ექსტრაქცია”, „მხიარული ქაფი”, „მფრინავი ბუშტი”, „3D პლანეტები”. „ვულკანი”, „ჰიგიენის ლაბორატორია”, „კონტინენტები და ცხოველები”. პროდუქცია განკუთვნილია 3-12 წლის ბავშვებისთვის. სახალისო-შემეცნებითი ექსპერიმენტების ნაკრები არის სრულიად უსაფრთხო და მოჰყვება ექსპერიმენტის ჩასატარებელი ყველა ატრიბუტი. ატომ ქიდსს აქვს საწარმო, სოფ ნატახტარში, სადაც წარმოება შეესაბამება უსაფრთხოების სტანდარტებს (GHS კლასიფიკაცია).
M: რა მოლოდინები გაქვთ ბიზნეს დაჯილდოებისგან და რამდენად არის აქ გამარჯვებაზე დამოკიდებული თქვენი კომპანიის სამომავლო ხედვა და გეგმები?
თიბისი ბიზნეს დაჯილდოებაში გამარჯვება მოგვცემს შესაძლებლობას, გავზარდოთ ბრენდის ცნობადობა. მათი საკომუნიკაციო მხარდაჭერა დაგვეხმარება, განვახორციელოთ ჩვენი მიზანი, რომ რაც შეიძლება მეტი ბავშვი გახდეს ატომ ქიდსის მეცნიერი.