in

ATOMS ქართული დინამიკების წარმოებას იწყებს

Startauperi
Startauperi

ქართული დინამიკების წარმოების იდეა წლების წინ გაუჩნდათ. მაშინ როცა არ ჰქონდათ საკმარისი ფული, სპეციფიკური ცოდნა და არ ჰყავდათ კვალიფიციური კადრები, მაგრამ არ გაჩერებულან. ყველა საჭირო რესურსი საკუთარ თავში იპოვეს და დღეს ტექნოლოგიურ საწარმოს ფლობენ. ქართველი მელომანები მუსიკის სიყვარულმა და ახლა უკვე საერთო საქმემ გააერთიანა.

ATOMS ქართული სტარტაპია, რომელიც აუდიო სისტემებისა და მუსიკალური ინსტრუმენტების წარმოებას იწყებს. საქართველოში ქმნის ყველაფერს, იქნება ეს იდეა, თუ საჭირო ტექნიკური შესრულება.

„იყო ურთულესი პერიოდები, როდესაც ბევრჯერ უიმედობამ მოგვიცვა, როგორც ფინანსურად, ისე ტექნიკური კუთხით. თუმცა, გუნდის შემართებამ, რწმენამ და საქმისადმი სიყვარულმა, შეგვაძლებინა უამრავი სფეროს ნულიდან სწავლა. დაგვჭირდა პროფესიები, რომელიც საქართველოში აქამდე საერთოდ არ არსებობდა, ან ოდესღაც არსებობდა და გაქრა. შესაბამისად, ცოდნას მხოლოდ უცხო წყაროებიდან თუ მოვიძიებდით. უკვე კი ვიცით, რომ რაც უფრო რთულად გვეჩვენება გამოწვევა, მით უფრო მეტს ვსწავლობთ მისგან”.

M: რამდენად რეალური იყო თქვენთვის, ფინანსების გარეშე, სტარტაპზე მუშაობა?

საკმაოდ ადრე, დაახლოებით 2013 წელს, ბრენდის შექმნის იდეა ჩაისახა. ლოგო, პირველი ატომსის” დინამიკის ვიზუალი და ტექნიკური ნახაზებიც სწორედ მაშინ გაკეთდა. წარმოების დაწყებასთან დაკავშირებით, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ვერ ვახერხებდით, რადგან მაშინ, ჯერ კიდევ გამოუცდელობის გამო, ვფიქრობდით, რომ დიდი ფინანსების გარეშე, მსგავსი საწარმოს შექმნა, რეალურად წარმოუდგენელი იყო. ძირითადად, ფინანსების მოძიებით ვიყავით დაკავებული და კონკრეტულ ნაბიჯებს ტექნიკურად არ ვდგამდით. შემდეგ კი პანდემიისას გამოჩენილი თავისუფალი დრო ნაყოფიერად გამოვიყენეთ. რამდენიმე მეგობარმა ვიქირავეთ ადგილი, სადაც კონკრეტული ნაბიჯების გადადგმასა და გეგმების განხორციელებას შევუდექით. ოთახის პირველადი საჭირო ნივთები მეგობარმა გვიყიდა, ხშირად გვეხმარებოდნენ სხვებიც. ფაქტობრივად, ფინანსების გარეშე დაწყებული იდეის განხროციელება, ტექნოლოგიურ საწარმოში გადაიზარდა.

M: რა პროდუქტს სთავაზობთ მომხმარებელს?

უახლოეს მომავალში, გვსურს, ჩვენი ძირითადი პროდუქტის – დინამიკების წარმოება, სამომხმარებლო პროდუქტის მიმართულებაში, მაგალითად, Bluetooth პორტაბელური დინამიკები, კომპიუტერისთვის. ასევე, პროფესიონალური გახმოვანების მიმართულებით, საინსტალაციო აუდიოს კატეგორიაში. მაგალითად, საევაკუაციო გახმოვანებაში: ტემპერატურა გამძლე დინამიკები და საევაკუაციო მოდულები.

ამასთან ერთად, ვინილების საკრავები, გამაძლიერებლები, ფილტრები, ეფექტები გიტარისთვის და სხვა მსგავსი პროდუქტები. მზად გვაქვს პროექტი და დაწყებული გვაქვს მუშაობა დრამის ჯოხებზე.

აკუსტიკური ინსტრუმენტების მიმართულებაც ძალიან გვაინტერესებს, რაც ელექტროინჟინრულ გადაწყვეტილებებთან ერთად, ერთ-ერთი მთავარი ხაზი იქნება ჩვენთვის.

M: რამდენად რთულია ქართული დინამიკის წარმოების პროცესი?

ჩვენი თავდაპირველი მიზანი ყველა დეტალის საქართველოში წარმოება იყო, მაშინ, როცა ერთი დინამიკი 11 დეტალისგან შედგება. ვიცოდით, რომ უამრავი დაბრკოლება გვექნებოდა ტექნიკურ ნაწილში. დაწყებიდან რამდენიმე თვეში აღმონდა, რომ დეტალების მისაღებად საჭირო ყალიბების დამზადებას საქართველოში ვერ შევძლებდით. უმეტესად სხვა ქვეყნებში გვამისამართებდნენ, თუმცა ჩვენს ექსპერიმენტებს საკმაოდ ბევრი დროებითი ყალიბი სჭირდებოდა, ამიტომ ამ სერვისით ვერც ფიზიკურად და ვერც ფინანსურად ვისარგებლებდით. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ ჩვენ თვითონ გვესწავლა ამ ყველაფრის კეთება და დანადგარებთან მუშაობა. წელიწად ნახევრის შემდეგ, მოვახერხეთ სრულიად ახალი სფეროს ათვისება, რაც თავიდან ურთულესი რამ ჩანდა. მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა, დღეს ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი ფორმის ყალიბის დამზადება და საწყისი პროდუქტების შექმნა.

ჩვენი ერთ-ერთი მიგნება დინამიკის მთავარი კომპონენტის – მატერიის საქართველოში დამზადებაა. მეტიც, ეს სხვებისგან გამოგვარჩევს და ჩვენს ჟღერადობას განსაკუთრებულს ხდის. ქართული ნედლეულის გადამუშავების შედეგად დამზადებული მატერია, სპეციალურად ჩვენთვის იქსოვება. მისი შემდგომი დამუშავება და გამაგრება გვაძლევს იდეალურ ფაქტურას, რომელიც ეფექტურია, დაბალი და საშუალო აუდიო სიხშირეების გადმოსაცემად. ვფიქრობთ, აქ ორ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორში გაგვიმართლა, ერთი ის, რომ უმაღლესი სტანდარტების პროდუქტს ვიღებთ, ხოლო, მეორე მხრივ, ქართულმა საწარმომ Basalt Fibers Georgia, როგორც ტექნიკურად, ისე ინტელექტუალურად, დიდი დახმარება აღმოგვიჩინა.

M: ახლა, განვითარების რა ეტაპზეა თქვენი სტარტაპი?

დავასრულეთ საბოლოო პროტოტიპზე მუშაობა, ვამზადებთ სერიული წარმოებისთვის საჭირო შაბლონებს და სხვადასხვა ხელსაწყოს, რომელიც, თავის მხრივ, ფინალურ ფაზაშია. ა ეტაპზე, საბოლოო სატესტო რეჟიმებში, სრულადატომსის” მიერ შექმნილი დინამიკები უკვე მუშაობს.

M: რა აერთიანებთ „ატომსის” გუნდის წევრებს?

ატომსის” გუნდი შედგება სხვადასხვა სფეროს ადამიანებისგან: ელექტროინჟინერია, ფიზიკა, ქიმია, აკუსტიკა, მენეჯმენტი, გაყიდვები, მარკეტინგი და სხვა.

მაგრამ, არის ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც საერთოა გუნდის ყველა წევრისთვის, ეს არის მელომანობა და ზოგადად, მუსიკის ძლიერი სიყვარული. ამიტომ, გადავწყვიტეთ, შეგვექმნა რაღაც ახალი და განსაკუთრებული, სადაც უფრო მეტად დავიკმაყოფილებდით სურვილს მოგვესმინა საუკეთესოდ. გუნდის გარკვეულ ნაწილს სამუშაო გამოცდილებაც წლების მანძილზე აუდიო სფეროს სხვადასხვა პოზიციაზე გვქონდა. სწორედ ამ გამოცდილებების ერთობლიობამ გადაგვაწყვეტინა, შევკრებილიყავით საერთო მიზნისთვის და შეგვექმნა აუდიო ბრენდი, რითაც დიდი ხნის ოცნებასაც ავიხდენდით.

დღეს კი დავით პილპილაშვილი, თაზო შავეშოვი, დავით ბლიაძე, ლუკა ბოკუჩავა და ბაჩო ლებანიძე, სხვა წევრებთან ერთად,  „ატომსის” გუნდს წარმოადგენენ.

M: როგორი წარმოგიდგენიათ ატომსის” მომავალი?

თუ ჩვენ მოვახერხებთ, საუკეთესო პროდუქტის შეთავაზებას, ვფიქრობთ, შევძლებთ კომპანიის განვითარებასაც. ლოკალურ ბაზარზე გასვლის შემდგომ, ჩვენი ამოცანა, სხვადასხვა გამოფენაში მონაწილეობაა, რაც ევროპულ ბაზარზე წვდომის საშუალებას მოგვცემს. რაც მთავარია, ჩვენ დავასაქმებთ უამრავი პროფესიის ადამიანს სხვადასხვა მიმართულებაში, რადგან ინოვაციების შესაქმნელად, უამრავი სამეცნიერო სამუშაოსა და ექსპერიმენტის ჩატარებაა საჭირო.

M: რა შემთხვევაში იტყვით, რომ თქვენი წამოწყება წარმატებულია?

წარმატებულად ჩაითვლება მაშინ, როცა „ატომსის” მიერ ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით შექმნილი აუდიო სისტემები, მაღალ ხარისხთან იქნება დაკავშირებული. როცა სახასიათო ჟღერადობით გამორჩეული, ამ სფეროში მომავალ ქართულ ბრენდებს გზას გაუხსნის. ჩვენი უმთავრესი მიღწევა კი ყველა პროდუქტში Made in Georgia-ს, როგორც მაღალი ხარისხის ნიშნის, დამკვიდრება იქნება.

 

ავტორი: მაკა ჯუღელი

მხოლოდ საუკეთესო ყველასთვის! – „ტოპსპორტის“ ახალი საიმიჯო ვიდეორგოლი

როგორ განავითაროთ თქვენი კარიერული გზა?