13
Mar
2019

სახელმწიფო პროგრამაზე “აწარმოე უკეთესი მომავლისთვის” რეგისტრაცია დაიწყო

13 Mar 2019

საქართველოს მთავრობის ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ წარმატებით განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შემუშავდა ახალი საგრანტო პროგრამა ,,აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“. პროგრამა ითვალისწინებს გამყოფი ხაზების (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, ცხინვალის რეგიონი (სამაჩაბლოს ავტონომიური ოლქის ტერიტორიები)) გასწვრივ ვაჭრობისა და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის, აგრეთვე თანამშრომლობისა და ნდობის მშენებლობისათვის საფუძვლის შექმნის მიზნით, გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ერთობლივი წარმოებისა და პარტნიორული პროექტების მხარდაჭერას.

ვის შეუძლია მონაწილეობა:

აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში ლეგიტიმურად მცხოვრებ 18 წელს მიღწეული ფიზიკურ პირს, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ მეწარმე სუბიექტს, რომელიც საქმიანობას ლეგიტიმურად ახორციელებს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში.

ასევე, 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირსა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტს, რომელიც საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე;

დაფინანსების მაქსიმალური თანხები:

7 000 ლარამდე  ერთ ბენეფიციარზე, რომელიც უნდა ცხოვრობდეს / საქმიანობდეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე;

15 000 ლარამდე  ბენეფიციართა ჯგუფზე, რომელიც შედგება ორი ბენეფიციარისგან, მათ შორის ერთი ბენეფიციარი უნდა ცხოვრობდეს / საქმიანობდეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე;

20 000 ლარამდე ბენეფიციართა ჯგუფზე, რომელიც შედგება სამი ბენეფიციარისგან, მათ შორის მინიმუმ ერთი ბენეფიციარი უნდა ცხოვრობდეს   / საქმიანობდეს  საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე;

35 000 ლარამდე  ბენეფიციართა ჯგუფზე, რომელიც შედგება ოთხი ან მეტი ბენეფიციარისგან, მათ შორის მინიმუმ ერთი ბენეფიციარი უნდა ცხოვრობდეს   / საქმიანობდეს  საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე;

შერჩევის ეტაპები:

შერჩევის პირველ ეტაპზე, პროგრამაში მონაწილეობის მსურველი პირები ავსებენ და არეგისტრირებენ ელექტრონულ ბიზნესგეგმას და შევსებული დოკუმენტი იგზავნება ელ. ფოსტის მისამართზე ([email protected]); განაცხადის ფორმა ხელმისაწვდომია ქართულ და აფხაზურ ენაზე.

პროგრამის მეორე ეტაპზე, სააგენტოს მიერ ხდება ბიზნესგეგმების შეფასება წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით;

შერჩევის მესამე ეტაპზე, შერჩეული პოტენციური ბენეფიციარების სია წარედგინება კომისიას, რათა გამოავლინოს საბოლოო გამარჯვებულები;

პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ნებისმიერი სახის წარმოება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.

განხილვა