თანამედროვე ეკონომიკა, შრომის ბაზარი და მთელი სამყაროც სინთეზს ეფუძნება – სხვადასხვა უნარების, ცოდნის, გამოცდილებების თუ პროცესების. შესაბამისად, ამ სამყაროში ტალანტის რეალიზება და წარმატება ორ რამეს მოითხოვს ადამიანებისგან – სწავლის უნარს და მულტიდისციპლინურ აზროვნებას.
თუ შუა საუკუნეებში ოსტატს სჭირდებოდა, ერთი საქმე ესწავლა კარგად და შემდეგ მთელი ცხოვრება ის ეკეთებინა, ინდუსტრიულმა რევოლუციამ გააჩინა პროფესიები და საქმეები, რომელსაც რამდენიმე მიმართულების ერთდროულად ფლობა სჭირდებოდა. მაგალითად, გაჩნდნენ ბიზნესმენები, რომლებსაც უნდა სცოდნოდათ ადამიანების მართვა, ფინანსური დაგეგმვა, ზოგჯერ პროდუქტის წარმოების ტექნიკური დეტალებიც კი. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად კი შრომის ბაზარი და ეკონომიკა, ხშირად, რადიკალურადაც იცვლება და ადამიანებს უწევს საკუთარი უნარების და ცოდნის ძირეულად შეცვლა ანდა განახლება იმისთვის, რომ საკუთარი კარიერა ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად გამქრალ პროფესიებს არ გაატანონ.
რაც უფრო სწრაფად ვითარდება ტექნოლოგიები, მით უფრო ხშირად ხდება ასეთი ცვლილელები ეკონომიკაში. მაგალითად, უკანასკნელმა რევოლუციურმა განვითარებამ ხელოვნური ინტელექტის, კერძოდ კი გენერაციული AI-ის, მიმართულებით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მასშტაბური, ფუნდამენტური ცვლილებები შეიძლება ძალიან სწრაფად მოხდეს. სწორედ ამიტომ, ახალ ტექნოლოგიებთან ადაპტირება, მათი სწრაფად ათვისება არის ის მთავარი უნარი, რომელიც მომავალში ადამიანების წარმატების გარანტი იქნება. სწავლისა და ახლის ათვისების უნარი კი ადამიანმა მხოლოდ პრაქტიკით, ესე იგი, სწავლითა და ათვისებით შეიძლება განივითაროს.
ეს პროცესი – სწავლა და ათვისება – ყველაზე ეფექტურად ვითარდება, როცა ადამიანები ეხებიან მრავალფეროვან, განსხვავებულ თემებსა და საკითხებს. არსებობს მოსაზრება, რომ ზოგიერთი ადამიანს “ტექნიკური ტვინი” აქვს, ზოგს კი – ‘ჰუმანიტარული”. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ადამიანებს მართლა ჰქონდეთ გარკვეული მიდრეკილებები კონკრეტული დარგებისა და დისციპლინების მიმართ, ადრეულ ასაკში და გვიანაც, შეუძლებელია ცდის გარეშე ზუსტად დადგინდეს, რომელი “ტვინი” აქვს ადამიანს. მეტიც, ორივე ჰემისფერო და ორივე ტიპის “ტვინი” თანამედროვე ადამიანს განსაკუთრებით სჭირდება, რადგან დღეს მედიცინაც, ხელოვნებაც, სოციალური მეცნიერებებიც, ბიზნესიც და მუსიკაც კი იმდენად არის დაკავშირებული ტექნოლოგიებთან, რომ ნებისმიერ სფეროში წარმატებისთვის ადამიანს სჭირდება მულტიდისცპილინური აზროვნება. ამ ტიპის აზროვნება, სწავლისა და ათვისების უნარის მსგავსად, ადამიანმა მხოლოდ პრაქტიკით შეიძლება შეიძინოს. ამ პრაქტიკის დაწყებისთვის კი ყველაზე შესაფერისი დრო სასკოლო პერიოდია.
თანამედროვე სამყაროში სკოლის ფუნქციამაც განიცადა ცვლილება და დღეს სკოლას, ცოდნის გადაცემასთან ერთად, უნარების განვითარების პასუხისმგებლობაც აქვს. სკოლაში განსხვავებული საგნების თანაბარი ხარისხით სწავლება მოსწავლეებში, ერთი მხრივ, ზოგადად სწავლისა და სიახლეების ათვისების, მეორე მხრივ კი მრავალმხრივი აზროვნების უნარებს ავითარებს. ეს უნარი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც 5-10 წელიწადში პროფესიას აირჩევენ და შრომის ბაზარზე გავლენ. თუმცა სწორედ ეს ადამიანები საკუთარ პროფესიას, ტექნოლოგიურ და ეკონომიკურ ცვლილებებთან ერთად, კიდევ არაერთხელ შეიცვლიან და სწორედ ამ ცვლილებებისთვის დასჭირდებათ სიახლეების სწრაფად ათვისების და მულტიდისციპლინურად ფიქრის უნარები.
თბილისის თავისუფალი სკოლა სწორედ ამ ხედვას ეფუძნება, როცა თავის მოსწავლეების ჰარმონიულ განვითარებაზე ზრუნავს და მაგალითად, თანაბრად აძლიერებს ქართული და ინგლისური ენების და მათემატიკისა და პროგრამირების სწავლებას. ასევე, ამ ხედვის ნაწილია მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი კლუბური აქტივობების შეთავაზება, რათა თითოეულ მოსწავლეს თავისი შესაძლებლობების ბევრ სფეროში ურისკოდ მოსინჯვის შესაძლებლობა ჰქონდეს. თბილისის თავისუფალი სკოლა თავისი მისიით მომავლის ადამიანებს ზრდის, რომლებიც ყოველთვის მზად იქნებიან გამოწვევებისთვის და საკუთარი უნარების საშუალებით სიახლეებთან ადაპტირებას შეძლებენ. განათლების ამ ხედვას, რომლითაც სკოლა ცოდნას და უნარებს გასცემს და თავისუფალი აზროვნების ადამიანებს ზრდის, მენეჯმენტის გამოცდილი გუნდი განსაზღვრავს და მე-5 წელია, წარმატებით ახორციელებს.
[R]