in

ანტიპროკრესტინატორული, ჭკვიანი სათვალე, რომელიც აკონტროლებს რაში ხარჯავთ დროს

veon
veon

დღის მანძილზე, საქმეზე ფოკუსირება ბევრ ადამიანს უძნელდება, მით უფრო თანამედროვე სამყაროში, რომელიც სავსეა განსხვავებული ციფრული აქტივობებით. განსაკუთრებით, სოციალური ქსელებისთვის თვალის არიდებაა ხოლმე პრობლემა. სტარტაპმა სახელად Auctify ამ პრობლემის გადაწყვეტა ჭკვიანი სათვალის შექმნით სცადა. პროდუქტი იყენებს ხელოვნურ ინტელექტს, იმისათვის, რომ აკონტროლოს, რას უყურებთ დღის განმავლობაში და გიბიძგებთ, საქმეზე კონცენტრირდეთ. თქვენი მსოფმხედველობის გათვალისწინებით, ეს სათვალე შეიძლება თქვენი ოცნების პროდუქტი იყოს, ან პროდუქტიულობის მზომი ღამის კოშმარი.

Auctify-ის ამ ანტიპროკრესტინატორულ სათვალეს Specs ჰქვია და მას, ამ ეტაპზე, თანადაფინანსების პლატფორმა Indiegogo-ზე შეხვდებით. მისი მუშაობის პრინციპი კი მარტივია – სათვალის ჩარჩოში ჩაშენებულია სპეციალური კამერა, რომელიც მანქანური დასწავლის მეთოდს იყენებს, რათა განსაზღვროს, რას უყურებთ ლეპტოპში, წიგნსა თუ ხალხით სავსე ქუჩაში. მოწყობილობა იწერს მონაცემებს და აგზავნის მას სპეციალურ აპლიკაციაზე. აპლიკაცია, რომელიც თქვენს სმარტფონში უნდა ჩამოწეროთ, თუ Specs-ის მომხმარებელი გახდებით, საშუალებას მოგცემთ გააკონტროლოთ საკუთარი აქტივობები, მეორე მხრივ კი, დაგეგმოთ/განსაზღვროთ ისინი.

სათვალისა და აპლიკაციის გამოყენებამ, შესაძლოა, იმედგაცრუებული დაგტოვოთ, რადგან ასე ცხადად დაინახავთ, დღეში რამდენ დროს ფლანგავთ ფუჭად. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ადამიანი რობოტი არაა და მას აქვს უფლება, დასვენებისა თუ საქმიდან მცირეხნიანი გარიდების მიზნით, ერთი შეხედვით არასაჭირო აქტივობებს დაუთმოს დრო.

სათვალეს სხვადასხვა რეჟიმი აქვს. მაგალითად, თუ გინდათ მეტად პროაქტიული იყოთ, “focus sessions”-ის ჩართვა შეგიძლიათ, რომლის ფარგლებშიც მხოლოდ რამდენიმე აქტივობაზე ფოკუსირებას შეძლებთ. ხოლო თუ საკუთარი თავისთვის წესების გამკაცრება გინდათ, Specs-ს შეუძლია გამცნოთ, თუ არასწორ რამეს უყურებთ. ის ამას ვიზუალური თუ აუდიო შეტყობინებების გზით მოახერხებს – სათვალეზე სპეციალური განათების ანთებით, ან სათვალის ჩარჩოში მოთავსებული დინამიკების დახმარებით.

საინტერესოა, რამდენად შეუძლია ანტიპროკრესტინატორულ სათვალეს იმუშაოს ისე, როგორც მისი შემქმნელები გვპირდებიან? ალბათ, რთულია მოწყობილობას აუხსნა, როცა სოციალურ ქსელს სამსახურებრივი მიზნისთვის იყენებ და ეს, შესაძლოა, მეგობართან მიმოწერა და პროკრესტინაცია სულაც არ იყოს. მოკლედ რომ ვთქვათ, როცა ერთ ვებგვერდს სხვადასხვა მიზნისთვის ვიყენებთ, Specs-ს გაუჭირდება გაიგოს, ვერთობით, თუ ვმუშაობთ.

ამ ეტაპზე, Auctify-ის მიერ შექმნილ ალგორითმს 20 აქტივობის ერთმანეთისგან განსხვავება შეუძლია. მაგალითად – კითხვა, წერა, ტელეფონის, ლეპტოპისა თუ ტელევიზორის ეკრანის ყურება, ვარჯიში, იოგას კეთება, კერძების მომზადება, სხვადასხვა ინსტრუმენტზე დაკვრა, ჭამა, მიმოწერა და ა.შ. სხვა აქტივობების ამოცნობის ფუნქცია მოწყობილობას დროთა განმავლობაში დაემატება და მომხმარებელს, აპლიკაციის დახმარებით, Specs-ის საკუთარ აქტივობებზე მორგება და კატეგორიზება შეეძლება.

Miami Ad School-ის სტუდენტებმა მოიფიქრეს, როგორ უმკურნალონ დეპრესიას ბავშვებში

სამოქალაქო და საჯარო ინსტიტუტების თანამშრომლობა წალკის ადგილობრივი პრობლემების გადასაჭრელად