in

„მავანს გაეცინება, მაგრამ ასე დაიწყო eBay-იმაც“ – ქართული ელ. კომერციის პლატფორმა auczon.com

Startauperi
Startauperi

თანამედროვე სამყარო ბიზნესს ბევრ საინტერესო და სასარგებლო გამოწვევას სთავაზობს, მათ შორის განსაკუთრებულად აქტუალური ელექტრონული კომერციის რელსებზე გადასვლის საჭიროებაა. ელექტრონული კომერციით დაინტერესებულთა რიცხვი მსოფლიოში მუდმივად იზრდება, COVID-19-მა კი ეს ზრდა კიდევ უფრო დააჩქარა. ერთი მხრივ, ელექტრონული კომერცია თანამედროვე ადამიანისთვის უძვირფასესი რესურსის – დროის დაზოგვის საშუალებაა, მეორე მხრივ კი, უკვე აუცილებლობა, რომელიც COVID-19-მა ბიზნესების ნაწილის წინაშე გამოწვევად წამომართა. უამრავი ბიზნესი დადგა გადარჩენისა და არსებობის შეწყვეტის ზღვარზე, გადარჩენის ერთადერთი გზა კი გაციფრულება, ანუ პროდუქტების ელექტრონული ხელმისაწვდომის უზრუნველყოფა იყო. 

რა თქმა უნდა, ბევრი ბიზნესი ამისთვის მზად არ იყო და ისევე როგორც საერთაშორისო, ასევე ქართულ ბაზარზეც არაერთი პლატფორმა სთავაზობდა და სთავაზობს მათ ონლაინ მაღაზიის შექმნას, პროდუქციის განთავსებასა თუ სხვადასხვა სერვისით სარგებლობის შესაძლებლობას. ერთ-ერთი ასეთი ახალბედა auczon.com-ია – პლატფორმა, რომელიც ცდილობს მყიდველებისა და გამყიდველებისთვის იყოს კომფორტული სივრცე, სადაც ისინი ელექტრონული კომერციისთვის საჭირო ყველა ინსტრუმენტით ისარგებლებენ. 

auczon.com სამმა მეგობარმა – ნიკა ბაძაღუამ, გიორგი ლომიძემ და მიშა მაჭარაშვილმა შექმნეს. მათი გამოცდილება აქამდე გაყიდვებს, ფინანსებს, მარკეტინგსა და ციფრულ პროდუქტებზე მუშაობას მოიცავდა და გამომდინარე იქიდან, რომ ელ. კომერციაში გამოცდილება, ფაქტობრივად, არ ჰქონდათ, პროექტზე 2016 წლიდან მუშაობდნენ, სწავლობდნენ, ტესტავდნენ და იზრდებოდნენ. პარალელურად, როგორც auczon.com-ის თანადამფუძნებელი და ოპერაციების მენეჯერი – ნიკა ბაძაღუა გვიყვება, ნულიდან წერდნენ კოდს. დღეს კი, ეს ახალბედა პლატფორმა ათობით მსხვილ ვენდორსა და ასობით მომხმარებელს აერთიანებს. 

ნიკა ბაძაღუა

M: რა არის auczon.com-ის მიზანი და რამდენად უნიკალურია ეს პროდუქტი ქართულ ბაზარზე?
მიზანია რომ გახდეს ყველაზე სანდო და ღირსეული მარკეტფლეისი, მინიმუმ, საქართველოში. უნიკალური ნამდვილადაა, სწორედ იმიტომ, რომ კოდი 0-დან არის დაწერილი, აბსოლუტურად ზედმეტი რაღაცების გარეშე. შემდეგ იმიტომ, რომ კონცეფცია არის საინტერესო და მრავალმხრივი. ეს არის პლატფორმა, ეს არ არის ონლაინ მაღაზია, ეს არის ადგილი, სივრცე, სადაც მყიდველები და გამყიდველები ონლაინ კომერციისთვის საჭირო ყველა ინსტრუმენტით ისარგებლებენ. ჩვენ აუქციონი გვექნება… დაახლოებით სექტემბერ-ოქტომბერში, ეს პროექტი სრულად ჩაეშვება. C2C – მეორადი ნივთების ყიდვა-გაყიდვა სახლიდან გაუსვლელად. დღეს ბაზარზე ასეთი პროდუქტი რეალურად არ არსებობს.

M: რა კოკნკურენტული უპირატესობა გაქვთ სხვა ელ. კომერციის სივრცეებთან შედარებით?
აუქციონი, C2C ონლაინ, + შოპების მარტივი რეგისტრაცია და ბიზნესის დაწყება აუქზონზე მარტივია… ის, რომ კოდი 0-დან არის დაწერილი, გვაძლევს საშუალებას, ნებისმიერ მომენტში, სწრაფად მოვერგოთ სიტუაციას. აქვე, ჩვენ ვსწავლობთ ჩვენს მომხმარებლებს, საკუთარი 0-დან დაწერილი ანალიტიკა გვაქვს და დაურეგისტრირებელ იუზერებსაც კი ვთავაზობთ მათთვის საინტერესო ქონთენთს, არათუ დარეგისტრირებულს.

M: auczon.com არის სივრცე, რომლის დახმარებითაც მყიდველები და გამყიდველები ერთმანეთისგან სარგებლის მიღებას ახერხებენ. როგორია ერთი მხრივ, მყიდველებისა და მეორე მხრივ, გამყიდველების სამომხმარებლო გამოცდილება თქვენი პლატფორმით სარგებლობისას და ასევე, რა პირობები გაქვთ მათთვის?
ამ მომენტისთვის, მხოლოდ მსხვილი ვენდორები გვყავს და ბაზარმა, ხალხმა ადეკვატურად მიიღო auczon – როგორც ონლაინ მაღაზია. პლატფორმა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ (მარკეტფლეისი), რაც უნდა ვიყოთ რეალურად, ჩვენი ნამდვილი სახეა. სამომავლოდ, უმსხვილესმა ვენდორებმაც კი უნდა მოინდომონ, მოისურვონ, რომ ონლაინ გაყიდონ პროდუქცია და ისარგებლონ ჩვენი პლატფორმით. ძალიან საინტერესოა ჩვენი პროექტი – Seller Zone – სადაც უბრალო ადამიანები მარტივად დაიწყებენ მცირე ბიზნესებს ჩვენთან და გაყიდიან ონლაინ. მათ, ფაქტობრივად, თავიანთი ონლაინ მაღაზია ექნებათ, სასურველი ინდივიდუალური დიზაინით, ისარგებლებენ ონლაინ კომერციისთვის საჭირო ყველა ინსტრუმენტით და ნიუანსით. (ონლაინ გადახდები, ტრანსპორტირების სერვისი, განვადება, მოქნილი უკან დაბრუნების პოლიტიკა და ა.შ.) ბევრმა გამოთქვა სურვილი და მზაობა, თავადვე ააწყონ შოპები აუქზონზე, რაც სასიხარულოა. წარმოიდგინეთ, ხელნაკეთობების შექმნით გატაცებულ ადამიანებს, ან არტ სფეროში მოღვაწეებს რამხელა გასაქანს მივცემთ.

auczon.com-ის გუნდი

მეორე მხრივ, auczon.com ნივთის შესაძენად საჭიროა გაიარო მარტივი რეგისტრაცია, მოძებნო სასურველი ნივთი და „იყიდე“ ღილაკზე დაკლიკვით შეიძინო. ყიდვის მომენტში უთითებ შენს მისამართს და პლასტიკური ბარათით იხდი თანხას. ასევე შეგიძლია Space ბანკის QR განვადებით ყიდვაც. ნივთის მიწოდების შემდეგ, პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში, auczon.com სრულად იღებს ვალდებულებას, რომ თუ ფოტო და აღწერა არ ემთხვევა შეძენილი ნივთის ფაქტობრივ მდგომარეობას, გადახდილი თანხა სრულად დაუბრუნდება მყიდველს. გარდა ამისა, შეძენილ ნივთებს მოყვება გარანტია. 

M: ამჟამად, რა პროდუქციის არჩევანია auczon.com-ზე? რა მიმართულებასთან ხართ მეტად ასოცირებული?
ამ წუთას, ძირითადად, როგორც ვთქვი, მსხვილი ვენდორების პროდუქციას ვყიდით, ელექტრონიკა, სახლი და ეზო, სამუშაო ინსტრუმენტები და იარაღები, სათამაშოები, სილამაზე და თავის მოვლა, სპორტი და გართობა და ახლა დავამატებთ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს. თუმცა, მივიწევთ მარკეტფლეისობისკენ. ხალხმა რომ დაარეგისტრიროს შოპები ჩვენთან და დაიწყონ თავიანთი ბიზნესები და C2C ყიდვა-გაყიდვა + მეორადი ნივთების აუქციონზე გაყიდვა. (90% დასრულებულია ეს პროექტი და 1 თვეში Launch-ს გავაკეთებთ).

M: რას ცვლის auczon.com ქართულ ელექტრონული კომერციის ბაზარზე და რა ამბიციები აქვს სამომავლოდ?
ცვლის მთლიანად საზოგადოების ქცევას. მე ასე მგონია და რატომ იცით? იმიტომ, რომ რეალურად, გულწრფელად, ეს პლატფორმა სრულყოფილი და გამართული, მარტივი და მოქნილი უნდა იყოს, ამიტომ ბაზარმა უნდა მიიღოს ის და ისწავლოს მართლა ონლაინ, რასაც ჰქვია, ყიდვა და გაყიდვა. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ არ იქნება ეს ადვილი (ასწავლო ხალხს და შეუცვალო ქცევა, მაგრამ დროა). წარმოიდგინე, ხარ აგარაკზე, ჰამაკში წევხარ და გინდა რომ გამოცვალო მობილური ტელეფონი, შემოდიხარ აუქზონზე, ტვირთავ განცხადებას და უთითებ აუქციონის პრინციპით გაყიდვას, ფაქტობრივად აქეთ გთავაზობს ბაზარი ფასს. ცოტა გრძელვადიან პერსპექტივაში, აუქზონი ადეკვატურ ფასს შექმნის ამა თუ იმ პროდუქტებზე და დააბალანსებს ბაზარს. მავანს გაეცინება, მაგრამ ასე დაიწყო eBay-იმაც. 

“გვჭირდებოდა სივრცე, სადაც მოგზაურობას დეტალურად და მარტივად დავგეგმავდით” – ამბავი Tripify.co-ზე

500 სტარტაპის პირველი თაობა საქართველოში – ნიკა გაბუნია, მარიამ რუსიშვილი, ვანო ჩალაძე