in

auczon.com – „კომფორტული ზონა ელექტრონული კომერციისთვის“

ცოტა ხნის წინ, ბაზარზე ახალი „ონლაინ“ პლატფორმა auczon.com გამოჩნდა. როგორც მისი შემქმნელები ამბობენ, ეს არის სივრცე, სადაც ეძებ, პოულობ, ყიდულობ ან ყიდი სასურველ ნივთებს, აწარმოებ ბიზნესს და იღებ სრულ მხარდაჭერას.

bog
bog-mob

[„მოუშენ“ დიზაინი – აკო რეხვიაშვილი]

„ჩვენი მიზანია, „ონლაინ“ ვაჭრობა ყველასთვის მარტივი და ხელსაყრელი იყოს. გვსურს, შევქმნათ კომფორტული ზონა ელექტრონული კომერციისთვის. ვშრომობთ იმისთვის, რომ „აუქზონმა“, როგორც ყიდვა-გაყიდვის პლატფორმამ, მარტივად დააკავშიროს ერთმანეთთან მყიდველები და გამყიდველები“, – ამბობს auczon-ის ოპერაციების მენეჯერი ნიკა ბაძაღუა.

auczon.com-ზე, მის განვითარებაზე, ბრენდინგსა და სამომავლო გეგმებზე ნიკა ბაძაღუასთან და მარკეტერ სალი ბაქრაძესთან ერთად გიამბობთ.

როგორც აღმოჩნდა, პლატფორმის შექმნის იდეა მათ იმაზე ბევრად ადრე გაუჩნდათ, ვიდრე ქართულ ბაზარზე რამდენიმე ასეთი მოთამაშე გამოჩნდებოდა.

ნიკა ბაძაღუა: E-commerce-ში არანაირი გამოცდილება არ გვქონდა, მაგრამ იმ დროს არსებულმა სიტუაციამ, პრაქტიკულად გვიბიძგა და მოტივაცია მოგვცა, მთელი ძალები თუ რესურსები აქეთ მიგვემართა. ელექტრონული კომერციის პლატფორმა, პირველ რიგში, ნიშნავს ინდივიდუალური მომხმარებლის ინტერესებზე მორგებას, მოწესრიგებულ, ავტომატიზებულ, უსაფრთხო გადახდებს, სახლიდან გაუსვლელად, კომფორტულად შოპინგს, მიწოდების სერვისს, უკან დაბრუნების მოქნილ პოლიტიკას, გარანტიას, „ონლაინ“ ბიზნესის დაწყებისა და ნებისმიერი წერტილიდან ნივთების რეალურად გაყიდვის შესაძლებლობას. ჩვენ სწორედ ასეთი პლატფორმის შექმნა გვინდოდა.

დღევანდელი გადასახედიდან, შეძელით, თქვენთვის სასურველი პლატფორმის შექმნა?

auczon მომხმარებლებს სრულ კომფორტს უქმნის. აღარ არის საჭირო ზედმეტი რესურსების დახარჯვა იმისთვის, რომ რაიმე შეიძინო. ჩვენს პლატფორმაზე „ონლაინ“ გადახდები უსაფრთხოა, ვახდენთ დროულ მიწოდებას, გვაქვს ნივთებზე გარანტია და მუშაობს უკან დაბრუნების მოქნილი პოლიტიკა; თუ ნივთის ფაქტობრივი მდგომარეობა არ შეესაბამება მის აღწერას, ამ შემთხვევაში უპრობლემოდ გამოვუცვლით მყიდველს ნივთს, ან მომენტალურად დავუბრუნებთ თანხას. Sales Zone – ეს არის „აუქზონის“ B2C პლატფორმის ნაწილი, რომელიც ნებისმიერ მსურველს აძლევს შესაძლებლობას, ჩვენთან მაღაზია ააწყოს, მართოს მარაგები, მოაწყოს ფასდაკლებები, ისარგებლოს „აუქზონის“ უნიკალური რეკლამით და ინტერესთა სფეროს მიხედვით მოხდეს მათი პროდუქტების ჩვენება, დაზოგოს ფინანსები და გაიმარტივოს ცხოვრება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შემიძლია გითხრათ, რომ პლატფორმა ნამდვილად შეესაბამება ჩვენს თავდაპირველ სურვილებს.

კიდევ რა ფუნქციები აქვს პორტალს?

„აუქზონი“ მულტიფუნქციური, ტექნოლოგიური კომპანიაა და დროთა განმავლობაში, პერიოდულად სიახლეებით ვიქნებით წარმოდგენილი ბაზარზე. ამ მომენტისთვის, უმსხვილესი ვენდორები, ჩვენი დახმარებით, მთელი საქართველოს მასშტაბით ყიდიან პროდუქციას. შესაბამისად, ნებისმიერი წერტილიდან ყიდულობს მომხმარებელი, ჩვენ კი ადგილზე მიგვაქვს შენაძენი. აქვე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ მცირე მეწარმეებსაც ვაძლევთ საშუალებას, საკუთარი Shop ჰქონდეთ, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, აწარმოონ თავიანთი „ონლაინ“ ბიზნესები და გამოიყენონ ჩვენი პლატფორმის სერვისები – მარაგების მართვა, გადახდები, სრულყოფილი სტატისტიკური ინფორმაცია, ყველა პროცესი ავტომატიზებულია. ჩვენ არასდროს ვართულებთ, აქ მარტივად ყიდულობ და ყიდი.

რაც შეეხება auczon-ის ბრენდინგს . . .

სალი ბაქრაძე: auczon.com იმდენად მოქნილი და ფუნქციურად მრავალფეროვანი პლატფორმაა, რომ საკმაოდ დიდი გამოწვევა აღმოჩნდა მისი იდენტობის ჩამოყალიბება და სტრუქტურირება. ამიტომაც, პროცესში პრიორიტეტული იყო გამოცდილ და კრეატიულ ადამიანთან თანამშრომლობა. ბრენდის ლოგოტიპზე, ვიზუალურ და სტრატეგიულ კონცეფციაზე არტ დირექტორ ლუკა ივანიძესთან ერთად ვიმუშავე. ჩვენთვის მთავარი ამოცანა იყო, შეგვემუშავებინა ისეთი კონცეფცია, რომელიც გამოკვეთავდა ბრენდის მთავარ ღირებულებებს – სიმარტივე, მოქნილობა და მომხმარებლის მოთხოვნილებებზე მორგება. მე და ლუკას წარსულში, სხვადასხვა პროექტებზე ერთად მუშაობის გამოცდილება გვაქვს, რამაც მაფიქრებინა, რომ ჩვენი თანამშრომლობა ამჯერადაც გაამართლებდა და ამაში დავრწმუნდი კიდეც.

რა არის ბრენდის მთავარი კონცეფცია? 

პორტალი შეიქმნა მომხმარებლების ერთმანეთთან დასაკავშირებლად და ყიდვა-გაყიდვის პროცესის მაქსიმალურად გასამარტივებლად. პლატფორმა მთლიანად მორგებულია მათ ინტერესებსა და სურვილებს. auczon – თვითონ სახელის კონცეფციაც სხვადასხვა სივრცის, ზონის გაერთიანებას გულისხმობს ერთი სახურავის ქვეშ. წარმოიდგინეთ, რომ „აუქზონის“ ციფრული პლატფორმა იყოფა რამდენიმე სივრცედ – დავარქვათ მათ ზონები. ეს ზონებია – „ონლაინ“ მაღაზია, ტექნიკისა და ნებისმიერი წვრილმანისთვის; C2C პლატფორმა, სადაც მომხმარებელი რეგისტრირდება და შეუძლია, იყიდოს და გაყიდოს ახალი და მეორადი ნივთები აუქციონით, განვადებით და სხვა მეთოდებით; „შოპების“ ზონა, სადაც მცირე და მსხვილი ბიზნესის მეპატრონეებს აქვთ შესაძლებლობა, „ონლაინ“ აწარმოონ თავიანთი ბიზნესი. „აუქზონის“ მიზანიც სწორედ ისეთი სივრცის შექმნაა, სადაც ერთ პლატფორმაზე იქნებოდა თავმოყრილი ყველა შესაძლებლობა.

რატომ აირჩიეთ ასეთი კონცეფცია?  

ჩვენ ყველანი, მთელი ცხოვრება ვართ ძიებაში – ვეძებთ ბედნიერებას, მეგობრებს, სიყვარულს, სამსახურს, განვითარების გზებს, დასასვენებელ ადგილებს, კარგ ტელეფონს, ახალ ლეპტოპს, თმის კონდიციონერს. ამაზე ფიქრისას მივხვდით, რომ ისედაც რთულ დროში ვცხოვრობთ და კარგი იქნებოდა, შეგვეთავაზებინა კომფორტული ზონა ელექტრონული კომერციისთვის, სადაც ძალიან მარტივად და უსაფრთხოდ შეძლებდნენ ყიდვა-გაყიდვას და ბიზნესის წარმოებას ერთ სივრცეში. auczon-ის არსებობის მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება ბევრ ადამიანს აპოვნინოს ბიზნესის და წარმოების განვითარების შესაძლებლობა.

[„მოუშენ“ დიზაინი – აკო რეხვიაშვილი]

როგორი პოზიციონირებით გამოჩნდა auczon.com  ბაზარზე? 

ეს არის პლატფორმა, რომელიც მუდმივად კვლევის, ძიების და ექსპერიმენტების პროცესშია, რომ მოერგოს თითოეულ მომხმარებელს ინდივიდუალურად და გაუმარტივოს პროცესები. „აუქზონი“ პოზიციონირდება, როგორც ბრენდი, რომელიც მარტივი და კომფორტულია ყიდვისასაც და ბიზნესის წარმოებისთვისაც. მომხმარებლისთვის auczon არის პარტნიორი, რომლის გამოცდილების და ცოდნის იმედი აქვს, დარწმუნებულია, რომ მისგან მიიღებს სასარგებლო და პრაქტიკულ რჩევას და თვალდახუჭული ენდობა, რადგან იცის, რომ ბრენდი მის მხარესაა.

რა შეგიძლიათ გვითხრათ ბრენდის ლოგოზე, სლოგანზე?  

უკვე აღვნიშნეთ, რომ პლატფორმა ძალიან მოქნილია. ამიტომ, ჩვენი მიზანი იყო,  შეგვექმნა ასეთივე დინამიური ვიზუალური იდენტობა, რომელიც კარგად გამოხატავდა ბრენდის არსს. ჩვენი ლოგოტიპი არის მრავალფუნქციური, ვარირებადი „ვორდმარქი“. მისი დანიშნულებაა, მარტივი ტიპოგრაფიით გადმოსცეს ბრენდის დასახელება და იქცეს მოქნილ და ცვალებად ვიზუალურ ელემენტად. ამ ვიზუალური გადაწყვეტით გამოვხატავთ ბრენდის საქმიანობასა და ღირებულებებს, რაც გახლავთ:  სიმარტივე, მოქნილობა და მომხმარებლის მოთხოვნილებებზე მორგებულობა. მწვანე ფერიც ზუსტად იმიტომ ავირჩიეთ, რომ ახალთან, დადებითთან, სტარტთან, ჩართვასთან ასოცირდება. იმავეს თქმა შეიძლება სლოგანზეც – მარტივად! ეს არის ჩვენი მთავარი სათქმელი – არ გაართულო ის, რისი გაკეთებაც შეიძლება მარტივად. . . იყიდე მარტივად! გაყიდე მარტივად! დაიბრუნე მარტივად! აჩუქე მარტივად!

აღნიშნეთ, რომ auczon-ის შექმნის იდეა, ჯერ კიდევ მაშინ გქონდათ, სანამ ბაზარზე სხვა მსგავსი მოთამაშეები გამოჩნდებოდნენ. ანუ დღეს, ამ მიმართულების რამდენიმე პლატფორმა არსებობს. auczon რითია მათ გამორჩეული? მის უპირატესობებზე რა შეგიძლიათ გვითხრათ?

ნიკა ბაძაღუა: ჩვენ, სანამ რაიმეს ვიტყვით, ჯერ ვფიქრობთ და ვრწმუნდებით, რომ დაპირებას, რასაც მომხმარებლებს ვაძლევთ, აუცილებლად შევასრულებთ! ამის გამო, შედარებით გვიან გამოვჩნდით ბაზარზე, რადგან ხარისხი, უსაფრთხოება და მოქნილობა ჩვენთვის პრიორიტეტულია. აღსანიშნავია, რომ პლატფორმა მთლიანად ჩვენი შექმნილია, რაც საშუალებას გვაძლევს, ვიყოთ მოქნილები და კლიენტზე მორგებულები. ტექნიკურ უპირატესობებთან ერთად, კონცეფციური უპირატესობებიც გვაქვს: აქ, არამხოლოდ ყიდულობ, არამედ ყიდი კიდეც. „აუქზონი“ არ არის ონლაინ მაღაზია, ის ელექტრონული კომერციის ზონაა, ნამდვილი „მარკეტფლეისი“. როგორც უკვე აღვნიშნე, ყველას შეუძლია დაიწყოს „ონლაინ“ ბიზნესი და საკუთარი მაღაზია შექმნას ჩვენთან. მალე ამუშავდება C2C პლატფორმაც და „აუქზონზე“ მეორადი ნივთების „ონლაინ“ ყიდვა-გაყიდვას შეძლებთ, სახლიდან გაუსვლელად. აღარ მოგიწევთ შეხვედრები, ნივთისა და ფულის ხელიდან ხელში გადაცემა. მალე გვექნება აუქციონიც და მსურველები გაყიდვის ამ ვარიანტითაც ისარგებლებენ, ასევე Pre-Order-ის მეთოდი, რომელიც ხელით ნაკეთობების გაყიდვით დაკავებულ ადამიანებს მისცემს უნიკალურ შესაძლებლობას, თითოეული ადამიანის ინდივიდუალური შეკვეთა შეასრულონ და რამდენიმე დღის ვადაში ჩვენივე დახმარებით გაყიდონ და მიაწოდონ მყიდველებს. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ბოლომდე ვცდილობთ, ინდივიდუალური მომხმარებლის მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

როგორ აპირებთ პლატფორმის განვითარებას, სამომავლოდ  რას გეგმავთ?

ყოველდღიურად უფრო და უფრო ვამარტივებთ, არასდროს ვართულებთ და ვცდილობთ ერთი მომხმარებელიც კი არ დავტოვოთ გულგრილი. პლატფორმა, დროთა განმავლობაში, შეისწავლის თითოეული დარეგისტრირებული „იუზერის“ ქცევას და შესაბამისი ინტერესთა სფეროს მიხედვით მოხდება კონტენტის ჩვენება. როგორც უკვე გითხარით, ჩვენი მიმდინარე პროექტია C2C პლატფორმა, რომელსაც სულ მალე შევთავაზებთ ბაზარს და აუქციონი – ჩვენი სიამაყე და სრული კონკურენტული უპირატესობა. თითოეულ სიახლეს დაწვრილებით სიამოვნებით მოგიყვებით და გაგიზიარებთ. სამომავლოდ, auczon გაამართლებს თავის სახელს – „Auction and Commerce Zone”.

 

[R]

ACAG-მა 2020 წლის კრეატიული სააგენტო და დიზაინ სტუდია დაასახელა!

რა როლს თამაშობს ბინის დაზღვევა ჩვენს ცხოვრებაში?