მეოთხე თაობის Audi A4 საკმაოდ დიდი ხანია, რაც ბაზარზეა, მაგრამ კომპაქტური ძვირადღირებული სედანი მალე შეიცვლება რევოლუციური ელექტრომობილით, რომელიც პირდაპირ იმაზეა მიმართული, რომ Tesla Model 3-სა და BMW i4-ს გაუტოლდეს ან მეტიც, გადაასწროს მას.
როგორც ცნობილი გამოცემა, Autocar იუწყება, ახალი ელექტრომობილი 2025 წლიდან იქნება ხელმისაწვდომი და გაიყიდება არსებული A4-ის ძლიერ, განახლებულ ვერსიასთან ერთად.
წინასწარ ბევრი ინფორმაცია არ იწერება, თუმცა უკვე ირკვევა, რომ ახალი A4 თავისი სტანდარტული „ძმობილისგან” განსხვავებული იქნება. გარკვეული სტილური მახასიათებლები კი ისეთივე ექნება, როგორიც მომავალი Q6 და A6 e-tron ელექტრომანქანებს. ამ მოდელების მსგავსად, ელექტრო A4-ს დაეფუძნება დახვეწილი PPE (Premium Platform Electric) არქიტექტურა, რომელიც ერთობლივად არის შემუშავებული Porsche-სა და Audi-ს მიერ.
A4 e-tron, ისევე როგორც Audi-ის დანარჩენი ელექტრომანქანები, დახვეწილი და ელეგანტური სტილით იქნება გამორჩეული. როგორც თავად კომპანიაში ამბობენ, Audi-ს დიზაინერები კმაყოფილნი არიან ახალ პლატფორმაზე გადასვლით, რომელსაც იდეალური პროპორციები აქვს. ისინი სედანსა და ფურგონის ტიპს შემოგვთავაზებენ.
რაც შეეხება ინოვაციურ ტექნოლოგიებს, ახალი e-tron მანქანები სხვადასხვა მახასიათებელს მოიცავს. ერთ-ერთია ახალი ბატარეის ნაკრები, რომელიც განლაგებულია ღერძებს შორის. გავრცელებული ინფორმაციით, მისი სიმძლავრე იქნება 100 კვტ/სთ. A4 e-tron სტანდარტულად მიიღებს 800-ვოლტიან ბატარეას, რომლის დამუხტვის მაქსიმალური სიჩქარეც 270 კვტ-ია. აქვე, შედარებისთვის გეტყვით, რომ სწრაფ დამტენში ჩართვისას Q4 e-tron-ის სიჩქარე 150 კვტ-ია. Audi უფრო ენერგოეფექტურ სილიკონ-კარბიდის ნახევარგამტარებს იყენებს გაყვანილობის სტრუქტურაში. ასევე, ის ჭკვიანურადაა განლაგებული ისე, რომ მანქანის შიდა სივრცე მაქსიმალურად გაიზარდოს.
Audi-ს ელექტრო A4 10 წუთში 250-მდე კმ/სთ-ის გავლა შეეძლება. ერთი დამუხტვით მას 600-მდე კილომეტრის გავლა შეეძლება, რაც იმას ნიშნავს, რომ Audi ტესლას Model 3-საც გაუსწრებს, თუ ამ ორს გვერდიგვერდ დააყენებენ რბოლაში.
ამ მოდელს ორმაგი ელექტროძრავა, ოთხივე წამყვანი თვალი და 396 ცხენის ძალა ექნება. მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ახალ ელექტრომობილში აეროდინამიკაც. Audi Design-ის ხელმძღვანელმა, მარკ ლიხტემ განაცხადა, რომ ბრენდი გააგრძელებს ლამაზი, მაგრამ ფუნქციონალური ავტომობილების შექმნას.
რაც შეეხება ინტერიერს, არსებობს ვარაუდი, რომ Q6 e-tron-ის მსგავსი იქნება, რომელიც, თავისი მაღალი დონის სალონით, ყველას ყურადღებას იპყრობს.