Audi-მ თავისი სფერული კონცეფციის ბოლო სერიად Audi Activesphere კონცეფცია გამოუშვა. შეგახსენებთ, რომ 2021 წელს გამოვიდა Audi skysphere roadster-ის კონცეფცია, მას მოჰყვა Audi grandsphere სედანი და ბოლო იყო Audi urbansphere-ის კოსმოსური კონცეფცია.
Audi Activesphere ოთხკარიანი კროსოვერი კუპეა, საოცრად მრავალმხრივი დიზაინით. ეს უაღრესად ელეგანტური მანქანა უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფუფუნების კლასის სპორტული ავტომობილი. Activesphere-ის უკანა ნაწილი ღილაკზე დაჭერით შეიძლება გადაიქცეს ტვირთის განსათავსებელ ადგილად, რომელიც იდეალურია რეკრეაციული აღჭურვილობის გადასატანად, როგორიცაა ელექტრონული ველოსიპედები ან ზამთრის სპორტული აღჭურვილობა.
კონცეპტი წარმოდგენილია წამყვანი სისტემით, მართვის მაღალი ხარისხით როგორც ტრასებზე, ისე ცუდ გზებზე. მოხერხებულად აწყობილი საჭე და პედლები საშუალებას აძლევს მძღოლს, აქტიურად აკონტროლოს მანქანა, ასევე ავტონომიურ მართვას სთავაზობს მძღოლს გზის გარკვეულ მონაკვეთებზე, სადაც ოდნავ მოდუნება შეიძლება. ამ კუპეს აქვს კლასიკური პროპორციები, თუმცა ტვირთის გადასატანად გამოყოფილი სივრცის წყალობით, სულ მალე შეუძლია პიკაპად გადაქცევა.
მდიდარი ფუნქციონალურობის მიუხედავად, ინტერიერი საკმაოდ მინიმალისტური აქვს. სივრცის არქიტექტურაში, სწორ კუთხეებთან ერთად, ვერტიკალური და ჰორიზონტალური ზედაპირები დომინირებს. შემოთავაზებულია კონტრასტული ფერები, სადაც ერთმანეთს წითელი, შავი და ნაცრისფერი ერწყმის.
კონცეპტუალური ავტომობილი ჩაფიქრებული და დაპროექტებული იქნა Audi Design Studio-ში, მალიბუში. მისი შემქმნელები ამბობენ, რომ იდეა უნიკალურია. ეს არის ახალი ტიპის კროსოვერი, რომელიც ჭკვიანურად აერთიანებს Audi Sportback-ის ელეგანტურობას, SUV-ის პრაქტიკულობასა და ნამდვილი offroad-ის შესაძლებლობებს. Audi-ს მოდულური სისტემის ელექტროძრავითა და სწრაფი დატენის ტექნოლოგიით, Audi Activesphere „სფეროს” კონცეფციის მანქანების ოჯახს უერთდება. ის მოძრაობს გამონაბოლქვის გარეშე, 600 კმ-ზე მეტი დისტანციით და ძალიან სწრაფი დატენის დროით, 800-ვოლტიანი ტექნოლოგიის წყალობით, ის უახლესი ელექტრული მანქანების მდგრადობას, დინამიკასა და დისტანციურ შესაძლებლობებს გამოხატავს.
როგორც ბრენდის ტექნიკური განვითარების მენეჯმენტის საბჭოს წევრი, ოლივერ ჰოფმანი აცხადებს, სფერული კონცეფციის მანქანები Audi-ს ხედვას აჩვენებს მომავლის პრემიუმ მობილურობაზე. მთავარი მისია კი გარემოსა და ციფრულ რეალობას შორის სრულყოფილი სინთეზის შექმნაა.