7
Aug
2019

Audi სკუტერსა და სკეიტბორდს აერთიანებს

7 Aug 2019

ელექტროსკუტერები სულ უფრო ხშირად გვხვდება ქალაქებში, რაც ეკოლოგიური მოცემულობებისთვის საკმაოდ პოზიტიური ამბავია. მათი მოხმარება ადვილია, ამ ტიპის ტრანსპორტი იაფია და ეს საუკეთესო გზაა მოკლე დისტანციებზე გადაადგილებისთვის. ამ კუთხით, არაერთი კომპანია ცდილობს სიახლის შეთავაზებას მომხმარებლისთვის. ამჯერად, მოგიყვებით გერმანულ ავტომწარმოებელ კომპანია Audi-ს ახალ სკუტერზე E-trone, რომელთანაც სკეიტბორდი გაერთიანდება. მისი შექმნა ორი დღის წინ დაანონსდა, „აუდის“ E-tron scooter კი ბაზარზე 2020 წელს გამოჩნდება. 

Alta
Alta

მომხმარებელს სკუტერის მართვა სკეიტბორდის პრინციპით, წონის გადანაწილების კონტროლის საფუძველზე შეეძლება. E-tron-ს ოთხი ბორბალი აქვს (როგორც სკეიტბორდს) და გაძლევთ მოსახვევებში, სკეიტბორდის მსგავსი მოქნილი მანევრების შესრულების შესაძლებლობას. სკუტერი 12 კილოგრამს იწონის, 20 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია, ხოლო მისი ელემენტი 20 კილომეტრის გავლას ხდის შესაძლებელს.

Audi-ში ამბობენ, რომ E-trone-ის მართვა ტალღებზე სერფინგით სრიალს ჰგავს. სკუტერს აქვს სახელურიც, რაც „სკუტერბორდით“ გადაადგილებას უფრო უსაფრთხოს ხდის. ამავე სახელურის მეშვეობით, E-trone-ის ოპერატორებს სპეციალური სიგნალის ჩართვაც შეეძლებათ, ასევე, ბილიკით მოსარგებლე სხვა ტრანსპორტის ოპერატორებისთვის მიმართულებისა თუ გაჩერებისთვის მზადების მითითებაც.

სავარაუდოდ, რომ E-tron scooter-ის დატენვა Audi-ს ელექტრომობილების საბარგულში იქნება შესაძლებელი. სკუტერის ელემენტი მის სახელურშია განთავსებული, მცირე ზომის ეკრანზე კი ელემენტის დამუხტვის დონის კონტროლია შესაძლებელი. Audi-ს ახალი, „სკუტერბორდი“, სავარაუდოდ, 2000 ევრო ეღირება.

 

განხილვა