Audi სულ უფრო აახლებს ტექნოლოგიებს და ამჯერად სპეციალურ ფონურ თემებს უშვებს მანქანის ინტერიერისთვის. ეს ახალი თემები ხელმისაწვდომი იქნება Audi App Store-ის მეშვეობით, რომლის ერთჯერადი საფასურიც იწყება $12,99-დან. აღსანიშნავია, რომ ეს თემები დაყენდება მხოლოდ იმ ავტომობილში, რომელსაც აქვს მსგავსი ტექმხარდაჭერა და მათ სხვა მანქანებში ვერ გადაიტანთ.
თემები ხელმისაწვდომი იქნება “შერჩეულ” 2023/24 წლის Audi-ს მანქანებში, მაგრამ დეტალური სია ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა, კონკრეტულად რომელ მოდელებში იქნება ისინი წარმოდგენილი. როგორც პირველ ფოტოებზე ჩანს, ეს შეიძლება იყოს Audi RS6 Avant ან Audi RS7. Audi ამბობს, რომ მომხმარებელს თემებზე წვდომისთვის დასჭირდება უახლესი MIB 3 პროგრამული უზრუნველყოფა, Audi connect PLUS და, რა თქმა უნდა, Wi-Fi-სთან კავშირი.
გასაკვირია, რომ არცერთი შემოთავაზებული ფონი არ არის დაკავშირებული უშუალოდ ტრანსპორტთან. მომხმარებელს შეუძლია, აირჩიოს მოგზაურობის პეიზაჟები, ცხოველები და აბსტრაქტული ფორმები. Audi ისეთ სეზონურ თემებსაც კი შესთავაზებს მომხმარებელს, როგორიცაა ნაძვის ხე და სანტა. მანქანებში, რომლებიც აღჭურვილია Ambient Light Package plus-ით, შიდა განათება ავტომატურად შეიცვლება არჩეულ თემასთან ერთად.
Audi აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში დაამატებს ფილმის პერსონაჟებს, სპორტსა და სხვა თემებს. ასევე, შესაძლოა წარმოდგენილი იყოს რეტრო ფონები, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს, თავისი ახალი მანქანა კლასიკურ მოდელად გადააქციოს.