Audi-ს მომავალი Q6 e-tron ელექტრო SUV ახალი, მაღალი კლასის განათების სისტემით გამოვა, რომლის მსგავსიც სერიულ მოდელებში აქამდე არ გამოსულა. სისტემა, რომელსაც განსაკუთრებით შთამბეჭდავი აქვს უკანა მხარის განათებები, Audi-ს მეორე თაობის, ციფრული გამოშვების ნაწილია და საგზაო უსაფრთხოების დაცვის მიზნითაა შექმნილი. როგორც მწარმოებელი ამბობს, ის მანქანის უსაფრთხოდ გადაადგილებას ახალ დონეზე აიყვანს.
მანქანას აქვს გამაფრთხილებელი სიმბოლოები, რომლებიც სხვადასხვა დროს აქტიურდება. მაგალითად, არის უკნიდან შეჯახების შესახებ გამაფრთხილებელი სიგნალი, გადაუდებელი დახმარების საჭიროების სიგნალი და სხვები. ეს სიგნალები თითქოს კომუნიკაციას ამყარებს მანქანის საერთო სისტემასთან. მას შეუძლია აცნობოს გზაზე მოსიარულე სხვა სატრანსპორტო საშუალებებს, რომ მგზავრი გადადის Q6 e-tron-დან. ადრე მსგავსი სისტემა მხოლოდ მანქანაში მჯდომი მგზავრებისთვის მუშაობდა. ის აფრთხილებდა მგზავრს კარის გაღების დროს, რათა აერიდებინა შეჯახება უკნიდან მომავალ ტრანსპორტთან. ახლა კი, Q6 e-tron-ის სისტემის დახვეწის შემდეგ, უკვე გარეთ მოძრავი ობიექტებიც დაცულნი იქნებიან.
ცალკეა გათვალისწინებული პარკირების პროცესიც. მაგალითად, როდესაც მძღოლმა Q6 e-tron უნდა დააპარკინგოს, მას ერთვება სპეციალური ციმციმა, რომელიც შორიახლოს მოძრავი ტრანსპორტის მძღოლებს აცნობებს, რომ გავლა უსაფრთხოა, სანამ ის დაასრულებს ავტოპარკინგის პროცესს. გარე ელემენტებთან კავშირის დამყარება Q6 e-tron-ს car-to-X საკომუნიკაციო სისტემის მეშვეობით შეუძლია.
თუმცა მანქანის ამ ახალი განათების უპირატესობა მხოლოდ მისი ფუნქციური სარგებელი არ არის. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დიზაინის განახლებაშიც და მოდელს მეტი სილამაზე შესძინა.
დიზაინერებმა შეძლეს და შექმნეს სამგანზომილებიანი განათების ილუზია დამატებითი რეფლექტორების გარეშე. მასალად გამოყენებულ იქნა 3D მინა, რათა უკანა განათების მთავარი ხაზი გამოყოფილი ყოფილიყო სხვა დანარჩენი დეტალებისგან.
აღსანიშნავია ისიც, რომ Audi-ს წარმოებაში სულ უფრო მეტად შემოაქვს პერსონალიზაცია. ეს იმას ნიშნავს, რომ მან ამ მოდელის 8 განახლებული დიზაინი შემოგვთავაზა ერთის მაგივრად. ეს კი საშუალებას გვაძლევს, ზუსტად ჩვენს გემოვნებაზე მორგებული მანქანა ავარჩიოთ და ყველა Q6 e-tron ერთმანეთს არ ჰგავდეს. მეტი სიმარტივისთვის, მომავალ მფლობელებს სასურველი ხელწერის არჩევა myAudi აპლიკაციიდან ან MMI სისტემის მეშვეობით შეუძლიათ.
myAudi აპლიკაციის გამოყენებით, მომხმარებელს შეუძლია ჯერ გადახედოს სასურველ ვარიანტებს. ის მას უჩვენებს, თუ როგორ იმუშავებს ზემოთ აღნიშნული ფუნქციები და რას დაინახავენ საგზაო მოძრაობის დროს სხვა ტრანსპორტის მძღოლები.