„აუდის” ბოლო სიახლეები Audi RS Q e-tron-ის შესახებ ცნობებითა და შეფასებებითაა აჭრელებული. ავტომობილმა ამა წლის იანვარში მონაწილეობა მიიღო ერთ-ერთ გამორჩეულ რბოლაში – Dakar rally. ამით მან, შეიძლება ითქვას, საფუძველი ჩაუყარა ელექტრომობილების მონაწილეობას მსგავსი მასშტაბის შეჯიბრებებში და გამარჯვებულ სამეულშიც მოხვდა.
თუმცა, უნდა ითქვას, რომ მანქანა თავიდან ბოლომდე ელექტრო არ გახლავთ, ეს არის ჰიბრიდი. მას აქვს დიაპაზონის გამაფართოებელი, 2.0-ლიტრიანი ტურბო ბენზინის ძრავა, რომელიც ულტრა თანამედროვე სტანდარტებითაა დამზადებული და არის თერმული. მანქანის ელექტროძრავა კი Formula E-ს პლატფრომაზეა დაფუძნებული, რაც მას ანიჭებს სარბოლო სიმძლავრეს.
ავტომობილს დიდ სარბოლო მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ახალი ტექნოლოგიების წყალობით, ის მოიხმარს 40%-ით ნაკლებ საწვავს, ვიდრე ჩვეულებრივი მანქანები. იგი თითქმის არ იყენებს ბორბლების მუხრუჭებს, რადგან სარგებლობს დიდი რეგენერაციის ძალით. ამ სფეროს ექსპერტების აზრით, ავტომობილს აქვს მტკიცე მომავალი არა მხოლოდ დაკარის ტიპის რბოლებზე, არამედ ზოგადად, ნებისმიერი სახის უდაბნოს შეჯიბრებებზე. ამ მოდელით „აუდი” თითქოს ამტკიცებს, რომ ჰიბრიდული ტექნოლოგია კარგად მუშაობს სარბოლო ინდუსტრიაში.
თავად დაკარის რალის რეგულაციები ძალიან ღიაა ყველასთვის. ის გუნდებს სრულ თავისუფლებას აძლევს ახალი იდეებისა და ტექნოლოგიების შემოსატანად, რაც აუდიმ ამ მოდელში გამოიყენა და ამისთვის შექებას იმსახურებს.