in

Audi-ს პრაქტიკანტებმა საკულტო მოდელი თანამედროვე ელექტრომობილად გარდაქმნეს

Audi-ს ქარხანა გერმანიის ქალაქ ნეკარსულმში უკვე 150 წელია არსებობს. ამ თარიღის აღსანიშნავად, 12-მა პრაქტიკანტმა ბრენდის ერთ-ერთი კლასიკური და საკულტო მანქანის გათანამედროვებაზე იმუშავა. მექანიკოსების, ინჟინრებისა და დიზაინერების გუნდმა 2023 წლის 8 ივლისს დიდი სიამაყით წარადგინა EP4. დასახელება შემთხვევით არაა შერჩეული. “E” გამოხატავს მანქანის ელექტრიფიცირებას, ხოლო “P4” 1961 წელს გამოსული NSU Prinz 4-ის პატივსაცემად დაარქვეს, რათა არ დაეკარგათ მისი ავთენტური შინაარსი.

პრაქტიკანტების მიზანი იყო არა უბრალოდ სწრაფი და თანამედროვე დიზაინის მქონე ავტომობილის შექმნა, არამედ ისეთი პროექტის განხორციელება, რომელიც 150 წლის იუბილეს აღმნიშვნელი იქნებოდა. რა თქმა უნდა, 60-იან წლებში გამოსული მანქანის, რომელსაც წლებია გზაზე აღარ უვლია, მწყობრში მოყვანა და მისთვის ახალი იერსახის მიცემა მარტივი არ იყო. პროექტი იანვარში დაიწყო და პრაქტიკანტებს სულ რამდენიმე თვე ჰქონდათ მის დასასრულებლად. ამისთვის მათ არაერთი შეხვედრა მოაწყვეს, მენტორებთან კონსულტაციები გაიარეს და ისე დაგეგმეს ყველა ნაბიჯი. ერთ-ერთი პრაქტიკანტი ინჟინერთა ჯგუფიდან იხსენებს, რომ როდესაც მათ ძველი მოდელი აჩვენეს, რამდენიმე ადგილას ის უკვე ჟანგმოკიდებული იყო. დღეს, როცა ფოტოებზე ვხედავთ მანქანას, რომელიც Sci-Fi ფილმებიდან გადმოსულ ავტომობილს მოგვაგონებს, ცოტა წარმოუდგენელია, თუ როგორ შეძლეს ამ სტუდენტებმა ამხელა სამუშაოს გაწევა.

სამუშაოები პარალელურ რეჟიმში დაიგეგმა – სანამ დიზაინერები ფერებს არჩევდნენ და კორპუსის ესკიზებზე მუშაობდნენ, ინჟინრებმა და მექანიკოსებმა მანქანის ძრავის აღდგენაზე დაიწყეს მუშაობა. ძველ “prince”-ს გაზზე მომუშავე ორცილინდრიანი ძრავა ჰქონდა, თუმცა განახლების შედეგად მას, არც მეტი, არც ნაკლები, 176-კილოვატიანი ელექტროძრავა აქვს, რომელიც 2020 წლის Audi e-tron-იდანაა აღებული, ხოლო მისი დამტენი Audi Q7 TFSI e quattro-ს მოდელზეა დაშენებული. ბატარეა იმ ადგილას დამაგრდა, სადაც ადრე საწვავის ავზი იყო გათვალისწინებული. მოდელი კლასიკური სარბოლო მანქანების პრინციპზეა აგებული.

ექსტერიერი და ინტერიერი

პრაქტიკანტების მთავარი გამოწვევა ის იყო, რომ მათ არ დაეკარგათ ისტორიული ხიბლი და მანქანას დასტყობოდა, რომ ის ოდესღაც  NSU Prinz იყო. ამისთვის მათ შეინარჩუნეს წინა და უკანა ფარების სტილი. დიდად არ შეუცვლიათ მთლიანი კორპუსის აგებულებაც. მათ მოაშორეს მანქანას ჟანგი და გადაღებეს Audi-ს სიმბოლურ ფერებად: Suzuka Grey და Brilliant Black. 

მოდიფიცირდა მანქანის შასი და ძარაც. პრაქტიკანტებმა უფრო ფართო ადგილი გამოყვეს მანქანაში და მას უფრო ათლეტური იერი მიანიჭეს. მათ ამისთვის სამგანზომილებიანი ბეჭდვის სისტემა გამოიყენეს. მანქანას ამშვენებს განიერი ბორბლები და თანამედროვე წარმოების საბურავები, რაც განახლებულ კლასიკურ მოდელს მანევრირებასა და სწრაფად მოხვევაში ეხმარება.

ინტერიერი გადატვირთული არ არის. მთავარი ფერი, რომელიც თვალს გვჭრის, ყვითელია, ხოლო დანარჩენი სალონი – შავი. ეს კონტრასტი მას სარბოლო მანქანის იერს ანიჭებს. ერთეკრანიანი კომპიუტერი სულ რამდენიმე ინსტრუმენტითაა აღჭურვილი. აქვეა განთავსებული სპიდომეტრიც. 

ყველაზე მთავარი, რაც ამ პროექტმა პრაქტიკანტებს მოუტანა, იყო ყველა იმ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების საშუალება, რასაც ისინი კურსების მსვლელობისას სწავლობენ. მათ საშუალება მიეცათ, თავისუფლად გამოეყენებინათ როგორც ტექნიკური ცოდნა, ისე მოდელის განახლებისთვის საჭირო მასალები. 

NSU Prinz ის მანქანაა, რომელმაც თავის დროზე ისტორია დაწერა და ენთუზიასტებს დღესაც შთააგონებს. განახლებულმა მოდელმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. თავად Audi-ს საბჭოს წევრებმა აღნიშნეს, რომ პრაქტიკანტებს შეუძლიათ ამ პროექტით იამაყონ, რადგან მასში საკმაოდ დიდი კრეატივი, ცოდნა და შრომა იკვეთება.

500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამის მეხუთე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო!

Bow of Hope — თმისგან დამზადებული ვიოლინოს ხემი და მუსიკა, როგორც იმედი