in

ბრენდი, რომელსაც უნდა მოუსმინო – Audi-ს ისტორია

“ფულით ბედნიერებას ვერ იყიდი, მაგრამ შეგიძლია, აუდი იყიდო.”

დღესდღეობით არსებობს მრავალი ავტომწარმოებელი ბრენდი, რომლებზეც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ შექმნეს ეპოქა – არამხოლოდ თავიანთი პროდუქციით, არამედ იმ მიდგომებით, რომლებსაც ისინი ამ პროდუქციის შესაქმნელად იყენებდნენ.

ესენი სწორედ ის ბრენდები არიან, რომელთა მოდელების განვითარებასაც დროის მსვლელობასთან ერთად მუდამ ვაკვირდებით.. რომელთა ძველი მოდელები ჩვენში ნოსტალგიას იწვევენ.. რომელთა ავტომობილებიც ცხადში თუ არა, კომპიუტერულ თამაშებში ნამდვილად გვყოლია..

ამ ბრენდების ჩამონათვალი უამრავია და ამიერიდან მათზე ვრცლად მოგითხრობთ.

დღეისთვის კი ერთ-ერთი ასეთი ძველი და ყველასთვის კარგად ნაცნობი ავტომწარმოებელი – აუდი შევარჩიეთ.

ავგუსტ ჰორხი და აუდის ჩამოყალიბება

აუდის საკმაოდ დიდი და კომპლექსური ისტორია აქვს და მისი წარმოშობა მჭიდროდაა დაკავშირებული ინჟინერ ავგუსტ ჰორხთან. ეს ადამიანი 1868 წელს რაინის პრუსიაში, ვინინგენში დაიბადა. ავგუსტმა ინჟინერიის შემდეგ გემთა მშენებლობის ფაკულტეტი დაამთავრა. ალბათ სწორედ ამგვარმა განათლებამ მისცა მას ბიძგი, მომავალში ავტომწარმოებელი გამხდარიყო.

ავგუსტ ჰორხი

1896 წლამდე ეს ადამიანი მერსედესის თანადამფუძნებელთან, კარლ ბენცთან ერთად მუშაობდა. ხოლო 1899 წელს საკუთარი კომპანია A. Horch & Co. დააფუძნა. კომპანიას 1901 წლისთვის უკვე გამოშვებული ჰყავდა პირველი ავტომობილი. 1904 წლის 10 მაისს მან დააარსა August Horch & Cie. Motorwagenwerke AG. თუმცა, მალევე ჰორხს კომპანიის მთავარ ფინანსურ ოფიცერთან კონფლიქტი მოუვიდა, რის გამოც კომპანია დატოვა.

1909 წელს ჰორხმა დააარსა ახალი კომპანია, რომელსაც კვლავაც Horch უწოდა. ეს სახელი კი იმ ბრენდს ერქვა, რომლიდაც ცოტა ხნის წინ წამოვიდა. ძველმა კომპანიონებმა მას სასამართლოში უჩივლეს და ამიტომაც მას სახელის შეცვლა მოუწია.

მას შემდეგ, რაც ავგუსტ ჰორხს აეკრძალა “ჰორხის” სავაჭრო სახელად გამოყენება, მან მოიწვია შეხვედრა ახლო ბიზნესმენებთან, პოლ და ფრანც ფიკენშერებთან. ფრანც ფიკენტშერის ბინაში შედგა დისკუსია იმის შესახებ, თუ რა უნდა რქმეოდა ჰორხის ახალ კომპანიას. ამ შეხვედრის დროს, ფრანცის ვაჟი ოთახის კუთხეში ლათინურს მეცადინეობდა. ჩანდა, რომ რაღაცის თქმის ზღვარზე იყო, მაგრამ სიტყვებს ყლაპავდა და მუშაობას აგრძელებდა. თუმცა, საბოლოოდ მაინც გაბედა მამისთვის თქმა: “მამა, “ჰორხი” გერმანულად ნიშნავს “ჰარკს!” ანუ – “მოისმინე-ს”, რომელიც ლათინურად ითარგმნება, როგორც “აუდი”. იდეა ენთუზიაზმით მიიღო ყველამ, ვინც შეხვედრას ესწრებოდა. სწორედ ასე ეწოდა ბრენდს “აუდი”.

Audi Type A

აუდის პირველი ავტომობილები

1909 წელს კომპანიამ გამოუშვა პირველი ავტომობილი Audi Type A, რომლის სიჩქარე 16 კმ/სთ იყო. მას მალევე მოჰყვა Audi Type B.

Audi Type B

აუდის A ტიპის მოდელს 2 612 კუბური სანტიმეტრის მოცულობის ძრავი ჰქონდა. მას მოჰყვა 3 564, 4 680, 5 720-იანი მოდელებიც. აუდის პირველ მოდელებს 4 ცილინდრიანი ძრავი ჰქონდათ, თუმცა, 1924 წელს უკვე პირველი 6 ცილინდრიანი მოდელი დაამზადეს.

ავგუსტ ჰორხმა აუდი 1920 წელს დატოვა. ის ტრანსპორტის სამინისტროში მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა, თუმცა, როგორც სამეურვეო საბჭოს წევრი, ის, გარკვეულწილად, მაინც იყო ჩართული აუდის საქმეებში.

1921 წლის სექტემბერში აუდი გახდა პირველი ავტომწარმოებელი, რომელმაც მარცხენა საჭიანი მოდელი შექმნა, კერძოდ – Audy Type K.

Audi Type K

ახლადშექმნილმა აუდმა კიდევ ერთხელ გააოცა საზოგადოება, როდესაც მან პირველი რვა ცილინდრიანი მოდელი – Audi Imperator შექმნა.

Audi Imperator

ავტოგაერთიანების ისტორია

ზეწოლა გერმანიის ავტომწარმოებლებზე 1920-იანი წლების შუა პერიოდიდან გაიზარდა. ამ პერიოდში ამერიკული ავტომწარმოებლები გამოვიდნენ ასპარეზზე. ევროპულ ბაზარს, ფაქტობრივად, ისინი ითვისებდნენ.1929 წლის დიდმა დეპრესიამ საქსონიაში დაფუძნებული ოთხი ავტომწარმოებელი კომპანია კრიზისში ჩააგდო. საქსონიის სახელმწიფო ბანკში გაჩნდა იდეა, რომ ამ ოთხ კომპანიას ძალები გაეერთიანებინა და შერწყმულიყვნენ. ასეც მოხდა და ისინი 1932 წლის 29 ივნისს და გახდნენ Auto Union AG.

ალიანსში შესული კომპანიები იყვნენ: Zschopauer Motorenwerke J.S. Rasmussen AG, რომელიც უკვე ეკუთვნოდა Audiwerke AG-ს 1928 წლის აგვისტოდან, თვითონ Audiwerke AG, ასევე Horchwerke AG და Wanderer Werke-ს მანქანების განყოფილება. კომპანიის ლოგოზე გამოსახული ოთხი ერთმანეთთან დამაკავშირებელი რგოლი სწორედ ამ ოთხი კომპანიის გაერთიანებას გამოხატავს.

ალიანსში კონკურენციის თავიდან ასაცილებლად, ოთხი ბრენდიდან თითოეულს მიენიჭა კონკრეტული საბაზრო სეგმენტი: მოტოციკლები და პატარა მანქანები DKW- სთვის, საშუალო ზომის მანქანები Wanderer-ისთვის, მანქანები დელუქსის საშუალო ზომის სეგმენტში Audi-სთვის და ძვირადღირებული მანქანები ზედა ნაწილში ჰორხისთვის.

საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად, 1934 წელს ახალმა კომპანიამ გადაწყვიტა, საავტომობილო რბოლაში ჩართულიყო. მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში  Auto Union “Silver Arrow” მოდელებმა მსოფლიო მასშტაბით უთვალავ რბოლასა და ჩემპიონატში მიიღეს მონაწილეობა.  

1930-იანები

კონკრეტული საბაზრო სეგმენტის გამოყოფა თითოეული ბრენდისთვის ავტოგაერთიანებისთვის წარმატების მომტანი ნაბიჯი იყო. კომპანიები კონკრეტული მიმართულებით ორიენტირდნენ, რაც მათ საშუალებას აძლევდათ, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაედგათ.

აუდი ორიენტირდა Front Type ტიპის მანქანის შექმნაზე (ამ მანქანების ძრავის სიმძლავრე ძირითადად გადანაწილებულია წინა ბორბლებზე) და 1933 წელს შექმნა Audi Front Type UW საშუალო ზომის მანქანა.

1938 წლის დეკემბერში აუდიმ გამოუშვა მანქანა, რომელიც იმ პერიოდის ჰიტი გახდა. ეს მანქანა იყო – Audi 920.

ეს წარმატება მოულოდნელად შეჩერდა მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე. შემცირდა სამოქალაქო მანქანების წარმოება და ქვეყნისთვის პრიორიტეტი შეიარაღების წარმოება გახდა. 1940 წლისთვის აუდის ისტორიის ერთი და მნიშვნელოვანი ნაწილი დასრულდა.

1940-50-იანი წლები

მეორე მსოფლიო ომმა, ფაქტობრივად, გაანადგურა გაერთიანება. აუდის ქარხნები გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ანუ საბჭოთა კავშირის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცა. ამ პერიოდში ქარხნები განადგურდა, დანადგარების ნაწილი გადაადნეს, ნაწილი კი სსრკ-ში წაიღეს. გაერთიანების ბოლო იმედი ინგოლშტადტში არსებული მცირე საწარმო იყო და მართლაც, შემდგომში სწორედ აქედან აღდგა ალიანსი. 1949 წლის 3 სექტემბერს ახალი კომპანიის დაფუძნება გამოცხადდა, რომელსაც Auto Union GmbH დაერქვა, ოთხი რგოლის საავტომობილო ტრადიციის შენარჩუნების მიზნით. დღესდღეობით აუდის სათავო ოფისი სწორედ ინგოლშტადტშია განთავსებული.

DKW F 89 L

განახლებული გაერთიანების პირველი ავტომობილები და მოტოციკლები იყო ძლიერი და საიმედო მოდელები, ისინი სწორედ ომის შემდგომი წლების მკაცრი ვითარებისთვის იყო შესაფერისი. DKW F 89 L სწრაფი მიწოდების ფურგონი და DKW RT 125 W მოტოციკლი წარდგენილ იქნა ჰანოვერის საექსპორტო გამოფენაზე 1949 წლის დასაწყისში. ამ მოდელებით დაიწყო ავტომობილების წარმოება ინგოლშტადტში.

DKW RT 125 W

1954 წლიდან Auto Union GmbH–ის კაპიტალის დიდი წილი ფრიდრიხ ფლიქსმა შეიძინა. მისი სტრატეგია შუა საუკუნეებში Auto Union-ის ძლიერი პარტნიორის მოძებნა იყო. თუმცა, სულ მალე, 1958 წელს გაერთიანების აქციების 88% “დაიმლერ ბენცმა“ იყიდა 41 მილიონ მარკად.

1960-70-იანები

1965 წლის 13 აგვისტოს აუდიმ ახალი მოდელი, Audi 72 გამოუშვა, როგორც Auto Union-ის პირველი ომის შემდგომი მანქანა, მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ბრენდის ისტორიაში. 1965 – დან 1968 წლამდე ამ მოდელის 85 000 ერთეული გაიყიდა, რამაც  Audi–ს სახელის აღორძინებას შეუწყო ხელი.

Audi 72

1964 წელს გაერთიანების 50.3% Volkswagen-მა შეიძინა, რომელმაც აუდს ძველი სახელი დაუბრუნა. ამის შემდეგ ავტომობილების წარმოება აუდის სახელწოდებით გაგრძელდა. თუკი აქამდე კომპანია ხელმისაწვდომ მანქანებს აწარმოებდა, ზემოხსენებული ცვლილების შემდეგ ბრენდმა მაღალი კლასის მანქანების წარმოებაც დაიწყო. კომპანიას ოფიციალურად ეწოდა “Audi AG” და 90-იანი წლებისთვის უკვე მნიშვნელოვან კონკურენციას უწევდა მერსედესსა და BMW-ს.

თანამედროვე ერა

კონკურენცია უკვე თვალსაჩინო იყო მას შემდეგ, რაც აუდიმ გამოუშვა: Audi V8, Audi 80, Audi 90 და Audi 100.

Audi 80/90

1990-იანი წლების შუა რიცხვებიდან აუდიმ დანერგა ახალი ტექნოლოგიები, მათ შორის ალუმინის კონსტრუქციის გამოყენება. 1999–დან 2005 წლამდე იწარმოებოდა Audi A2, რომელიც იყო ფუტურისტული მანქანა და ის Al2–ის კონცეფციიდან იშვა.

Audi A2

აუდიში მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა 1995 წელს, როდესაც Audi A4–მა შეცვალა Audi 80. 1996 წელს ასპარეზზე შემოვიდა ახალი A3 ჰეჩბეკის მოდელი (რომელიც იზიარებს Volkswagen Golf Mk4 პლატფორმას), ხოლო 1998 წელს ლეგენდარული Audi TT კუპესა და TT Roadster-ის დებიუტი შედგა.

Audi TT Roadster

უახლესი პერიოდი

თუკი ადრე აუდი მხოლოდ ხელმისაწვდომი, საშუალო ფენის ავტომობილებს აწარმოებდა, უკვე XXI საუკუნიდან მან თითქმის ყველანაირი მანქანის წარმოება დაიწყო, იქნება ეს: სედანი, კუპე, ჯიპი, მაღალი კლასის მოდელები და ა.შ

აუდი დიდ აღმავლობას განიცდიდა გაყიდვების კუთხით XXI საუკუნის დასაწყისიდანვე. როგორც ცნობილია, 2000 წელს კომპანიამ 653 ათასი მანქანა გაყიდა, 2008 წელს – მილიონი, 2013 წელს კი – 1.3 მილიონი.

დღესდღეობით აუდი მანქანებს მსოფლიო მასშტაბით 7 ქარხანაში აწარმოებს, ისინი შემდეგ ქვეყნებში არიან განთავსებული: ბელგია, ინდოეთი, უნგრეთი, გერმანია, სლოვაკეთი, ესპანეთი, ბრაზილია, მექსიკა, ჩინეთი და რუსეთი.

აუდის ლოგოს განვითარების ისტორია

პროგრესი ტექნოლოგიით! – აუდის სლოგანი 2020 წლიდან.

და ბოლოს, სტატიას დავასრულებთ აუდის უახლესი ელექტრომოდელით Audi e-tron GT, რომელიც ამ ეპოქის ერთ-ერთ მნიშვნელოვან “ავტოქმნილებას” წარმოადგენს. მანქანას გააჩნია 522 ცხენის ძალა და ის სრულად 22.5 წუთში იტენება. მას მეორენაირად პორშე ტაიკანის ძმობილს უწოდებენ. ავტომობილის შეძენა 2022 წლიდან იქნება შესაძლებელი.

Audi e-tron GT
Audi e-tron GT

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

ახალი კვლევა – შინაური ცხოველები და მათი მეპატრონეები ერთად დიეტობენ!

ანტარქტიდას მსოფლიოს უდიდესი აისბერგი მოსწყდა!