რეკლამის ფორმები იმაზე ხშირად იცვლება, ვიდრე მათთან შეჩვევას მოვასწრებთ. ჩანაცვლებით, ვერ ვიტყვით, რომ ანაცვლებს ერთი მეორეს, მაგრამ ახალი ფორმები ჩნდება, რომლებიც რაღაც დროს უფრო ტრენდულია. მაგალითად, ახლა მიმდინარე და მომავალი წლის საუკეთესო საინვესტიციო სამიზნედ აუდიო ითვლება.
აუდიო ბიზნესი აგრძელებს ზრდას პლატფორმებზე, პირდაპირი სტრიმინგებით დაწყებული ექსკლუზიურ შოუებამდე. Spotify და Pandora-ს მფლობელი SiriusXM ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პლატფორმებია ამ მხრივ. მათმა მომხმარებლებმა დაინახეს, რომ რეკლამის შემოსავალი გაიზარდა მეორე კვარტალში, მაშინ როცა ტექნიკური გიგანტები, როგორიცაა, მაგალითად, Meta პირიქით, კლებისკენ წავიდა. გარდა ამისა, Twitter-მა და YouTube-მა ცოტა ხნის წინ შემოიღეს პოდკასტის ფუნქციები, რითაც ბრენდებისა და შემქმნელებისთვის ჩნდება ვარიანტები, რათა გამოიმუშაონ დამატებითი შემოსავალი და მიაღწიონ ახალ სამიზნე ჯგუფს.
ექსპერტები ამბობენ, რომ პოდკასტების მსმენელები ის აუდიტორიაა, რომელიც ერთგულად უსმენს გამოწერილ არხებს. თავად პოდკასტის ფორმატი კი რეკლამისთვის საკმაოდ მოქნილია. კვლევითი ფირმის WARC-ის თანახმად, ამან შეიძლება ახსნას, თუ რატომ გაიზარდა პოდკასტების სარეკლამო ხარჯები 2018 წელს, 806 მილიონი აშშ დოლარიდან გლობალურად 2.6 მილიარდ დოლარამდე. აქვე პროგნოზირებენ, რომ 2023 წელს ის გლობალურად თითქმის 2,8 მილიარდ დოლარს მიაღწევს, რაც ყველა ონლაინ აუდიო ინვესტიციის 26,8%-ს შეადგენს. შედარებისთვის, გლობალური სარეკლამო ინვესტიციები რადიოში მომავალ წელს დაახლოებით 2.4%-ით შემცირდება.
ადამიანების უმეტესობა სამუშაოდან სამუშაოზე გადარბენის რეჟიმშია, ზოგი მანქანაში ზის, ამიტომ რაღაცის მოსმენა ბევრად უფრო პრაქტიკულია ამ სიტუაციაში, ვიდრე ნახვა და თვალიერება. ამაზე დაყრდნობით გახდა აუდიო რეკლამა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფორმატი ბოლო პერიოდში – დროის სიმცირემ და კომფორტის მოთხოვნილებამ, აუდიო სივრცე მეტად დატვირთა.
კარგი პრაქტიკა გამოდგა რეკლამების შოუებში ჩართვის საშუალებაც, რადგან აუდიტორია, როგორც წესი, ჩართულია შოუებში და მიჯაჭვულია მასზე. შესაბამისად, ამ კონტენტში რეკლამის ინტეგრირება სრულიად ლოგიკურია, რომ ახალ მომხმარებელზე გასვლის საშუალებაც არის.
უფრო მეტი მოსასმენი მოწყობილობის ხელმისაწვდომობით, აუდიო რეკლამის ახალი ფორმატების გაჩენაც შესაძლებელია. დამოუკიდებელმა სააგენტომ Ocean Media ცოტა ხნის წინ შექმნა ახალი პოდკასტინგის გუნდი, რადგან მისი კლიენტების მეტი ნაწილი ამ მედიაშია წარმოდგენილი. მისმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეი ლანგანმა თქვა, რომ სტრიმინგი და პოდკასტინგი ახლა მათი ზრდის ყველაზე დიდი სფეროა. პოდკასტებსა და თოქ-შოუებში ინვესტიციის შემდეგ, როგორიცაა „First Things First“ და „Conan O’Brien“, ბრენდმა მიაღწია 10%-ით მეტ ეფექტურობას. კომპანიის თქმით, ბრენდები ასევე აღმოაჩენენ, რომ პოდკასტის შინაარსი უფრო კრეატიულ მოქნილობას გვთავაზობს, ვიდრე სხვა სარეკლამო ფორმატები.
პოდკასტების კიდევ ერთი დადებითი მხარე არის მათი პოტენციალი, გამოიყენონ უფრო ახალგაზრდა დემოგრაფია, რადგან მათი მოხმარება იზრდება. 2022 წლის მარტში, Triton Digital-მა და Edison Research-მა დაადგინეს, რომ Spotify იყო ნომერ 1 ციფრული აუდიო სერვისი მოზარდებისა და მოზრდილებისთვის აშშ-ში. თავის მხრივ, Spotify-მ 2022 წლის 1 კვარტალში პოდკასტების მოსმენის 40%-იანი ზრდა აჩვენა.