in

დაიწყე მოგზაურობა საკუთარ ქვეცნობიერში – აუდიო-ვიზუალური ინსტალაცია „ექო“

თავიდან ბნელ ოთახში მარტო აღმოჩნდები. თან მხოლოდ პლანშეტი გექნება, რომელზეც ნელ-ნელა კითხვები და სავარაუდო პასუხები გამოჩნდება. რას შეიგრძნობ დაბადებისას? – სწორედ, ამ კითხვით დაიწყება შენი ციფრული თავგადასავალი აუდიო-ვიზუალურ ინსტალაცია „ექოში“. სულ 8 კითხვაზე მოგიწევს პასუხის გაცემა და, საბოლოოდ, საკუთარი ქვეცნობიერის კარნახით, პერსონალურ ხმოვან და ვიზუალურ ამბავსაც შექმნი. მისი ერთადერთი მონაწილე და გმირიც შენ იქნები და, თუ ბოლომდე მიენდობი, შეიძლება, შენი ნამდვილი შინაგანი ექოც აღმოაჩინო.

ამ გზის გავლაში აუდიო-ვიზუალური ინსტალაცია „ექო“ დაგეხმარება, რომელიც აუდიო პოსტპროდუქციის კომპანია Postred-მა, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში შექმნა. „ექო“ არტარეა გალერეაში 12 თებერვალს გაიხსნა და, მას შემდეგ, ვიზიტორებს აქტიურად მასპინძლობს.

ექოადამიანს აძლევს საშუალებას, საკუთარ ქვეცნობიერს ჩაუღრმავდეს და იქ მიიღოს ისეთი პასუხები ან იდეები, რომლებზეც მანამდე არ უფიქრია“,ამბობს ნიკა ესებუა, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პროექტების კოორდინატორი.

ინსტალაცია „ექოს“ გავლით განცდილი თავგადასავალი შთამაგონებელი აღმოჩნდა ქართველი ავტორების – ქეთი დევდარიანის, არჩილ ქიქოძისა და ტორესა მოსისთვის.

ექოარის ადგილი, სადაც წყდები ყველაფერს, რჩები მარტო და საკუთარ თავთან ურთიერთობას და დამეგობრებას იწყებ“, ბესო კაჭარავა, Postred-ის დამფუძნებელი და პროექტის ავტორი.

„ექოზე“, მის იდეასა და ინსტალაციის სამომავლო გეგმებზე, ვრცლად „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პროექტების კოორდინატორი, ნიკა ესებუა და პროექტის ავტორი, ბესო კაჭარავა გვესაუბრნენ.

აუდიო-ვიზუალური ინსტალაცია „ექო“ არტარეა გალერეაში, 5 აპრილის ჩათვლით დარჩება. მისი ნახვა მსურველებს, სამუშაო დღეებში, 16:00-დან 22:00 საათამდე, ხოლო შაბათ-კვირას, 13:00-დან 23:00 საათამდე, შეეძლებათ.

ვიზიტის წინასწარ დაჯავშნა აუცილებელია შემდეგ პერიოდში სტუმრობისას: სამუშაო დღეებში, 19:00-21:00 საათი და შაბათ კვირას, 18:00-22:00 საათი. ნებისმიერ სხვა დროს, მოქმედებს ცოცხალი რიგის პრინციპი.

[პარტნიორის კონტენტი]

პირველი კომპიუტერული თამაში ისტორიაში — კამათი, რომელიც კვლავ გრძელდება

შექმნეს რობოტი, რომელიც „განრისხებული შეტყობინების“ გაგზავნაში ხელს გიშლით