in

Audi-ს ახალმა პატენტმა ელექტრომობილების ხანძრის საფრთხე მარტივად გადაჭრა

როდესაც ელექტრომანქანებზე საუბრობენ, განხილვის ერთ-ერთი საგანი ხანძარუსაფრთხოება ხდება. მართალია, ავტოექსპერტები გვამშვიდებენ, რომ EV-ის თვითწვის შანსები საწვავზე მომუშავე მანქანის 10%-ზე ნაკლებია, ეს არ ნიშნავს, რომ უსაფრთხოების ზომები წინასწარ არ უნდა იყოს მიღებული. ავტომწარმოებლები, რომლებიც ელექტრიფიკაციისკენ მიისწრაფვიან, ფიქრობენ, როგორ დაიცვან ავტომობილი და მგზავრები.

Audi ის ბრენდია, რომელიც ელექტრომობილების უსაფრთხოებასა და კომფორტზე მნიშვნელოვან გათვლებს აკეთებს. ახლახან მან დააპატენტა 2 კონცეფცია, რომელიც ბატარეების დაცვას ეხება. სავარაუდოდ, ეს კონცეფცია Audi e-tron-ის მომავალ მოდელებზე იქნება გამოყენებული. 

ლითიუმ-იონური ბატარეის უჯრედებს გათბობისა და გაგრილების სისტემა აქვს. ეს ეხმარება მას, რომ ერთგვაროვნად იმუშაოს. მაშინ, როცა სისტემა ყველა უჯრედზე თანაბრად არ არის გადანაწილებული, ეს ხანძრის წარმოქმნის საშიშროებას ქმნის, რადგან ქიმია ამ დროს არასტაბილურად მუშაობს. Audi-ს პირველი პატენტი ამ პრობლემას აგვარებს. უჯრედზე დამონტაჟებული სენსორების მიერ შეგროვებული ინფორმაციის საფუძველზე, ის უჯრედების იდენტიფიცირებასა და იზოლირებას ახდენს. ბატარეის მართვის ამ ახალ სისტემას შეუძლია ამოიცნოს, მუშაობს თუ არა უჯრედი უსაფრთხო ტემპერატურისა და გამომავალი დიაპაზონის ფარგლებში, შეადაროს მაჩვენებლები მის მეზობელ უჯრედებთან და საჭიროებისამებრ გამორთოს ცალკეული უჯრედები.

თუ პრობლემა გამოვლინდა, ის სხვადასხვა ინტერვალით ზომავს გათიშული უჯრედის ტემპერატურასა და გამომავალ ძაბვას. ეს ინფორმაცია შემდეგ გამოიყენება იმის გამოსათვლელად, უჯრედის ქცევა ერთჯერადი ანომალია იყო თუ ბატარეაში რეალური რისკი არსებობს. 

Audi-ს შემდეგი პატენტი თავისი სიმარტივით იქცევს ყურადღებას. თუ ბატარეის კონტროლის სისტემა აღმოაჩენს თერმული დარღვევის რისკს, რაც ხანძრის წინამორბედია, ის დატბორავს ბატარეის პაკეტის შიდა მოცულობას. თუ ბორტზე ცეცხლმაქრი ამოიწურება, გარე ჩაქრობის რეზერვუარიდან შესაძლო დამატებითი კვების ხაზმა შეიძლება გაუადვილოს მეხანძრეებს პოტენციური ხანძრის კონტროლი. 

ელექტრომობილების ხანძრის ალბათობა, როგორც თავიდან ვთქვით, ნაკლებია, თუმცა თუკი ის მაინც წარმოიქმნა, შემდეგ შეჩერება უფრო რთულია, ვიდრე სტანდარტული მანქანის შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, Audi-ს გამოგონების წყალობით, პრევენცია შეიძლება უკეთესი იყოს, ვიდრე უკვე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა.

აქტივისტებმა მონეს ნამუშევარს პიურე გადაასხეს

„მადლობა… რომ ხარ“ — Nike-ის დამფუძნებლის გამომშვიდობება Just Do It-ის შემქმნელ დენ ვიდენთან