Audi თავის ძველ მოდელებს ახალ დანიშნულებას უძებნის – გადამუშავების პროცესის მეშვეობით, გარკვეული ნაწილები კვლავ ბრუნდება წარმოების მიმდინარე პროცესში. ეს არის მიდგომა, რომელსაც იყენებს BMW-ც. Audi ახორციელებს ამ პრაქტიკას, რათა მისი წარმოების პროცესი უფრო მდგრადი გახდეს და 2025 წლისთვის ნახშირბადის ნეიტრალიტეტს მიაღწიოს.
Audi-ის ძველი მოდელების გადამუშავება იწყება ინტერიერის ყველა კომპონენტის, მათ შორის აირბალიშების, სავარძლების, ინსტრუმენტებისა და ტორპედოს ამოღებით. აღსანიშნავია, რომ Audi ძველ შასისაც იყენებს ახალი ავტომობილის წარმოებაში.
პროცესს, რომელსაც გადის ამ დროს ავტომობილი, ალუმინის დახურული ციკლი ჰქვია და მას მწარმოებელი 2017 წლიდან ახორციელებს ნეკარსულმის ქარხანაში. შემდეგ Audi ხელახლა იყენებს გადამუშავებულ ალუმინის ფურცლებს ახალი მანქანების წარმოების პროცესში.
ასევე მიმდინარეობს Audi-ს ძველი მანქანების საქარე მინებისა და შუშების გადამუშავება. მანქანის შუშები ჯერ იშლება პატარა ნაჭრებად, შემდეგ მას ათავისუფლებენ ლითონისა და წებოს ნარჩენებისგან. დამსხვრეული მინა დნება და ხდება ახალი შუშა, რომელსაც ისევ მანქანის ფანჯრად გადააქცევენ. როგორც ცნობილია, აუდიმ ასეთი გადამუშავებული მინები გამოიყენა ბოლო დროის ცნობილ მოდელში, Q4 e-tron.
ვიდეოში, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა, ასევე ნაჩვენებია Audi-ს მანქანების დიზაინისა და წარმოების პროცესი. ახალი დიზაინის კონცეპტუალიზაციისას ის კომპიუტერულ პროგრამებს იყენებს, რათა ავტომობილის ფორმას გაუწიოს ოპტიმიზაცია. Toyota-ს მსგავსად, აუდიც იყენებს გენერაციულ AI ინსტრუმენტებს იმისთვის, რომ წინასწარ განსაზღვროს მანქანების აეროდინამიკა.
უშუალოდ ქარხანაში ბრენდი რობოტებსა და ავტომატიზებულ მანქანებს იყენებს, რომ უფრო გაამარტივოს და ეფექტური გახადოს წარმოება. ცნობილი ხდება, რომ Audi კიდევ რამდენიმე ნარჩენ მასალას ტესტავს, რომლებსაც სამომავლოდ ახალი მანქანების ასაწყობად გამოიყენებს.