დღეს ჩვენ იმ ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც ბევრი დიდი საქმე უკვე გაკეთებულია. ბევრი დიდი ბრენდი უკვე ისეა ფეხგადგმული, რომ მათ მთელი მსოფლიო იცნობს და მათი საქმიანობა თუ პროდუქტები მისაბაძ როლებს თამაშობს ჩვენს ცხოვრებაში. მსოფლიოში უამრავი ისეთი ბრენდია, რომლებიც ჩვენზე უფროსია. ზოგიერთი მათგანი 100 და მეტი წლის არის. ალბათ ერთხელ მაინც დავფიქრებულვართ, როგორ იქცნენ ისინი ამისთანა გიგანტებად, როგორ მოიცვეს მთელი პლანეტა ისე, რომ დღეს ყველამ იცის მათი სახელი.
ბრენდი, სახელად Audi
Audi-ს ამჟამინდელი წარმატება ძვირადღირებული ავტომობილების გლობალურ ბაზარზე ბევრისთვის მაგალითის მიმცემია. მის თანამედროვე მფლობელებს ესმით იმ კომპლექსური ისტორიის მნიშვნელობა, რომელიც ბრენდმა 100 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მოაგროვა. ისინი საგულდაგულოდ ინახავენ მემკვიდრეობას, რაც ავტომწარმოებელმა თაობებს გადასცა. მათ კარგად ესმით, რას ნიშნავს იმ ოთხი ბორბლის ემბლემა, რომელიც ბრენდის სავიზიტო ბარათია.
ადამიანი, რომელმაც ამ დიდებას დაუდო სათავე, კრეატიული ინჟინერი, ავგუსტ ჰორშია.
ავგუსტ ჰორში, სანამ ლეგენდარული ბრენდის დამფუძნებელი გახდებოდა
იგი დასავლეთ გერმანიის ქალაქ ვინინგენში 1868 წელს დაიბადა. ბავშვობიდანვე გატაცებული იყო მანქანებით. თინეიჯერობის ასაკში კი ბევრს მოგზაურობდა, რამაც ეს ინტერესი კიდევ უფრო გაუღრმავა. ინტერესების დასაკმაყოფილებლად მან ძრავების დამამზადებელ ქარხანაში დაიწყო სწავლა, 1896 წელს კი კარლ ბენცის მანჰეიმის ქარხანაში დაიქირავეს, სადაც ის მალე დაწინაურდა.
ქარხანაში ჰორშმა სამი წელი დაჰყო და ბევრი რამ შეიტყო ახალი საავტომობილო ინდუსტრიის შესახებ.
ჯერ იყო სახელოსნო
ავგუსტ ჰორშის პირველი საავტომობილო ბიზნესი მანქანების სახელოსნოებით დაიწყო, რომელსაც ერქვა Horch & Cie. იმის მიუხედავად, რომ ეს იყო მანქანების შეკეთების სერვისი, თავად ჰორში არასოდეს დაკმაყოფილებულა მხოლოდ ამ სერვისზე აქცენტირებით და მუდამ ფიქრობდა იდეებზე, თუ როგორ შეექმნა მანქანის დიზაინი.
პირველი პროტოტიპი 1901 წლის იანვარში ჰქონდა მზად. ეს იყო ორცილინდრიანი ავტომობილი მსუბუქი შენადნობის კარკასით. მომდევნო წლებში ის აგრძელებდა ექსპერიმენტების ჩატარებას, აწყობდა მანქანებს, რომლებსაც 4,5-5 ცხენის ძალა ჰქონდა; მანქანებს ფოლადის ბორბლებით; მანქანებს განსხვავებული კონცეფციებით.
1904 წელს მან სააქციო საზოგადოებაც დააარსა. მანქანებმა ნელ-ნელა დაიწყო სიმძლავრის მომატება და ჯერ 22, შემდეგ კი 40 ცხენის ძალას ფლობდა. ასევე შეიცვალა ცილიდრების რაოდენობაც, გახდა 4-ცილინდრიანი. 1908 წლისთვის საწარმოს 100-ზე მეტი ნიმუში ჰქონდა შექმნილი. თუმცა ჰორშსა და მისივე დაფუძნებული კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს შორის დაიძაბა ურთიერთობა და მან კომპანია 1909 წელს დატოვა.
ახალი საწარმოს დაარსება
მიუხედავად პრობლემებისა, ჰორში არასოდეს ნებდებოდა ბედს. საკუთარი საწარმოდან წამოსვლის შემდეგ, სულ რაღაც ერთ თვეში, მან ახალი საავტომობილო ფირმა შექმნა. ვინაიდან მას აკრძალული ჰქონდა წინა კომპანიის სახელის გამოყენება, ახალ ფირმას Audi Automobilwerke დაარქვა და წარმოებაც მალევე, 1911 წელს დაიწყო.
პირველივე ავტომობილები, რომლებიც საწარმომ გამოუშვა, პრესტიჟულ რალიში იღებდა მონაწილეობას, რომლებსაც თავად ავგუსტი მართავდა. სწორედ ის გახდა გამარჯვებული ავსტრიულ რალიზე მოდელით Type C 14/35.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი