6
Jan
2020

ავსტრალიის ხანძარი – დედამიწის კიდევ ერთი ტრაგედია

6 Jan 2020

მსგავსი შინაარსის სტატიის დაწერა 2019 წლის აგვისტოში მოგვიწია – როცა “დედამიწის ფილტვები”, ამაზონის ტყე იწვოდა. 2020 წელიც მსოფლიოსთვის სამწუხარო მოვლენით, ავსტრალიის მასშტაბური ხანძრით დაიწყო.. ხანძარმა მოიცვა ავსტრალიის სამხრეთ-აღმოსავლეთი სანაპიროების უზარმაზარი ტერიტორია , სიდნეის გარეუბნების ნაწილის ჩათვლით. რეალურად, ცეცხლის კერები კონტინენტზე სექტემბრიდან გაჩნდა. სწორედ აქედან დღემდე სტიქიას 23 ადამიანი ემსხვერპლა, განადგურდა 1500-მდე სახლი და 500 მილიონზე მეტი ცხოველი, მათ შორის, კოალების პოპულაციის 30%-ზე მეტი – ეს ძალიან მოკლე შეჯამებაა იმის, რაც ამ თვეებში და განსაკუთრებით ბოლო დღეებში ავსტრალიამ გადაიტანა.

რა იწვევს ცეცხლს?

ავსტრალიისთვის ცხელი და მშრალი ჰავა ახალი სულაც არ არის. თუმცა, ბოლო პერიოდისთვის რეკორდული ტემპერატურა, გახანგრძლივებული გვალვა და ძლიერი ქარია დამახასიათებელი, რომელიც ცეცხლის გავრცელებას უწყობს ხელს. დეკემბრის შუა რიცხვებში ავსტრალიის ტემპერატურამ რეკორდულ მაჩვენებელს – 41,9 გრადუსს მიაღწია.

ხანძარი ყველაზე მეტად საშიში მაშინ ხდება, როდესაც კონტინენტის უდაბნოებიდან ცხელი, მშრალი ჰაერი ხალხმრავალ სანაპიროებზე გადაადგილდება. აქ უკვე ერთმანეთს სხვადასხვა სიმკვრივის ჰაერის მასები ხვდება და ამან შეიძლება, ქარის მიმართულება სწრაფად შეცვალოს. საბოლოო ჯამში კი, ხანძარი მრავალი მიმართულებით ვრცელდება.

ამჟამინდელი ხანძარი შეიძლება ისეთი დიდი მასშტაბის იყოს, რომ მან არაპროგნოზირებადი ამინდის სისტემა შექმნას. ამ ხანძარმა შეიძლება გამოიწვიოს ელვა, ძლიერი ქარი და ცეცხლის ტორნადოებიც კი, თუმცა – არა წვიმა.

შეიძლება თუ არა, რომ ავსტრალიის ხანძრები კლიმატის ცვლილებას დავაბრალოთ?

მასშტაბური ხანძრების სეზონის დაწყებამ დაადასტურა ის, რასაც მეცნიერები აქამდე პროგნოზირებდნენ: “ავსტრალიის ხანძარი გახშირდება, რადგან კლიმატის ცვლილებები გაუარესდება.”

ზაფხულში ავსტრალია ჩვეულებრივ ცხელი და მშრალია, მაგრამ კლიმატის ცვლილება ექსტრემალურ სიცხეს იწვევს. ავსტრალიაში კლიმატის ცვლილებას ხელს უწყობს ნახშირორჟანგის დიდი რაოდენობით გამოყოფაც. ერთ სულ მოსახლეზე სათბურის გაზების გავრცელების მაჩვენებელი ავსტრალიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდია. სწორედ ამ პრობლემის მოგვარებაზე უნდა ეზრუნა წლების წინ ავსტრალიის მთავრობას, თუმცა, სახალხო პროტესტისა და აქტივისტების აქტიური გამოსვლების მიუხედავად, მან ეს მაინც ვერ შეძლო.

კლიმატის ცვლილების შედეგები ავსტრალიისთვის მეცნიერების მხრიდან მარტივად ამოსაცნობი აღმოჩნდა. ალბათ იმიტომ, რომ სიგნალებს ავსტრალია აქამდეც გვატყობინებდა. როგორც ვხედავთ, კლიმატის მდგომარეობის შედეგებს მსოფლიო პერიოდულად, ნაწილ-ნაწილ განიცდის, რაც ამცირებს ტყის საფარს და მასში გავრცელებულ ბიომრავალფეროვნებას. ნადგურდება ფაუნის წარმომადგენლების სახლი, რაც მრავალი სახეობის გადაშენებას იწვევს.

და მაინც, რატომ უნდა გვადარდებდეს ავსტრალიის ხანძარი?

იმიტომ, რომ დედამიწის ერთ კონკრეტულ ადგილას მომხდარი ამბავი პირდაპირპროპორციულად აისახება მეორე ადგილზე. დედამიწაზე ყველაფერი კავშირშია და თუ ხანძარმა ამაზონიდან ავსტრალიაში გადაინაცვლა, ჩვენ ვერ გვექნება გარანტია, რომ ეს ხანძარი არ მოგვიახლოვდება. ძირითადი მიზეზი, რის გამოც პლანეტას ამგვარი ამბების გადატანა და დროებით ჩაყლაპვა უწევს, ადამიანი და მისი საქმიანობაა. ამიტომაც, საჭიროა, აქტიურად ვიფიქროთ, რამდენად გვჭირდება ყოველდღიურად ის ენერგია, რომელსაც მოვიხმართ, რამდენად აუცილებელია, გარემო არასასურველი აირებით დავაბინძუროთ, რამდენად აუცილებელია, ნერგები არაჯანსაღი საშუალებებით შევწამლოთ და ა.შ

სტატია მომზადებულია CENN-თან პარტნიორობის ფარგლებში

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

განხილვა