Authentic creative Lab-ის ისტორია 2018 წელს იწყება, როცა ოთხი სხვადასხვა პროფესიის ადამიანი ერთმა იდეამ – განსხვავებული, კრეატიული და დახვეწილი ავეჯის შექმნამ გააერთიანა. როგორც ამბობენ, Authentic-ის კონცეფცია მარტივია და შეიცავს – ავთენტურობას, გამჭვირვალობას, ახლებურ ხედვასა და მაღალი ხარისხის კომპონენტებს. „ვქმნით იმას რისი შექმნაც გვინდა, ვახორციელებთ ჩვენს იდეებსა და ფანტაზიებს“. ავეჯის შესაქმნელად Authentic-ში იყენებენ ნატურალურ ხეს, მეტალსა და ცივ რეზინას, პროდუქციის შეძენა კი, ამ ეტაპზე, ფეისბუკ გვერდიდანაა შესაძლებელი.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, Authentic-ის შექმნა და ფუნქციონირება ოთხ ადამიანს უკავშირდება, ესენი არიან: გიორგი გვათუა – ავეჯის კონსტრუქციული პროექტირება და დიზაინი, მუსია ქებურია – მხატვარი, სტრიტარტისტი, ნიკა ფანიაშვილი – პროფესიონალი ფოტოგრაფი და ლადო ჯახველაძე – ავეჯის დიზაინერი, კონსტრუქტორი. მარკეტერის კითხვებს Authentic-ის გუნდმა უპასუხა:
M: როგორ დაიწყო Authentic-ის ისტორია? რა ეტაპები გაიარეთ იმისათვის, რომ საბოლოო პროდუქტამდე მისულიყავით?
ყველაფერი დაიწყო მაშინ როდესაც ყველა თავის საქმეში იყო გართული. ძირითადად, გვიან ვიკრიბებოდით სხვადასხვა ლოკაციაზე, ვსაუბრობდით სხვადასხვა თემაზე, გვქონდა სხვადასხვა იდეა, სხვადასხვა ხედვა, თუმცა, ყველას გვინდოდა შეგვექმნა რაღაც ახალი, რამე ისეთი, რაც ჯერ საქართველოში არავის შეუქმნია. ჩვენი იდეების გადაკვეთა მაინც ინდუსტრიული და ავთენტური სტილის ავეჯზე მოხდა, დავიწყეთ ამ იდეის გარშემო საინტერესო კომპონენტების მიბმა, ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი კი ცივ რეზინასთან მუშაობა აღმოჩნდა, რომელიც ძალიან იშვიათი და გამოუცდელი მიმართულებაა საქართველოში. გადავწყვიტეთ, მოგვეძებნა სახელოსნო ფართი, სადაც დავიწყებდით მუშაობას, ჩავატარებდით ტესტებს, უკეთ გავიცნობდით ახალ სფეროსა და მასალებს. სახელოსნო გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ყოფილი ქსოვილების ფაბრიკის ეზოში ვიქირავეთ, მოვიმარაგეთი ინსტრუმენტები, ხის მასალები და ცივი რეზინა, სხვადასხვა ტიპისა და შემადგენლობის.
შემდეგ, დაიწყო ექსპერიმენტებისა და ცდების ეტაპი, ვაკვირდებოდით რომელი ტიპის რეზინი იყო უფრო მეტად გამჭირვალე, რომელი უფრო კარგად იღებდა ფერს, როგორ და რა ტემპერატურაზე უნდა გამშრალიყო, რომ მიგვეღო სასურველი ეფექტი. ბევრი წარმატებული და წარუმატებელი ცდის შემდეგ, საკითხში მეტნაკლებად გავერკვიეთ, გავაკეთეთ ავეჯის რამდენიმე მონახაზი და დავიწყეთ მათი განხორციელება“.
M: როგორ შეუძლია მომხმარებელს თქვენი პროდუქციის შეძენა? შესაძლებელია, თუ არა ინდივიდუალური შეკვეთა?
ნამუშევრებს, ძირითადად, ფეისბუკ გვერდზე ვათავსებთ, მომხმარებელს კი მათი ნახვა სახელოსნოშიც შეუძლია, რაც შეეხება შეკვეთას, ჯერჯერობით ვერიდებით, რადგან ამ ეტაპზე პროდუქტს ჩვენი დროის რესურსიდან გამომდინარე ვამზადებთ.
M: რა გეგმები აქვს Authentic-ს? როგორია თქვენი სამომავლო ხედვა?
მომავლის განჭვრეტა, ამ გადმოსახედიდან, საკმაოდ რთულია, რადგან ყველას ჩვენი ძირითადი საქმიანობები გვაქვს და დროის მხრივ, მთლიანი რესურსის ჩადებას ვერ ვახერხებთ ამ მიმართულებაში, საქმე თვითონ გვიჩვენებს სამომავლო მოქმედებებს. გვინდა, საკუთარი სახელოსნო შევიძინოთ და მეტად პროფესიონალური და თანამედროვე დანადგარებით აღვჭურვოთ, რადგან ფანტაზია უსაზღვროა, მის განხორციელებას კი უახლესი ტექნოლოგიები სჭირდება.