აუტიზმი უკვე საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, თუმცა მისი გამომწვევი მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია. მკურნალობისას ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირებას კი ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ამიტომ, მკვლევრებმა სკანირება საშვილოსნოში მყოფ 25 კვირის ნაყოფს გაუკეთეს, რათა მათ ტვინს დაკვირვებოდნენ და ის ცვლილებები დაედგინათ, რაც შემდგომში აუტიზმის გამომწვევი მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო. ხოლო თუ ჰარვარდის მედიცინის მკვლევრებს დავუჯერებთ, მსგავსად ისინი დაავადების ადრეულ დიაგნოსტირებასა და მკურნალობას შეძლებენ.
„მიუხედავად იმისა, რომ აუტიზმი საკმაოდ ხშირი გახდა, მისი გამომწვევი მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია. მის წარმოქნას როგორც გენეტიკური, ისე მშობიარობამდე და მის შემდეგ არსებული მდგომარეობა იწვევს“, — განმარტავს მკვლევართა გუნდი.
აუტისტური სპექტრის აშლილობა ან ASD ტვინის აშლილობაა, რომელიც ბავშვების გარემოსთან ურთიერთქმედებასა და კომუნიკაციაზე გავლენას ახდენს. ამიტომ, ხშირად კოგნიტურ თერაპიას მიმართავენ, რაც მათ კომუნიკაციის უნარის გაუმჯობესებაში ეხმარება. თუმცა აქაც მკურნალობის შედეგი დაავადების სიმძიმესა და მის ადრეულ დიაგნოსტირებაზეა დამოკიდებული. ჯერჯერობით კი აუტიზმის დადგენა 18 თვიდანაა შესაძლებელი.
ჰარვარდის მედიცინის მკვლევრები იმასაც ადასტურებენ, რომ ამ მდგომარეობის დიაგნოსტიკისთვის უაღრესად ზუსტი სკანირების სისტემაა საჭირო. ამიტომ მათ ფეტუსზე დაკვირვებისთვის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიაა (MRI) გამოიყენეს.
კვლევისას, 39 ნაყოფის ტვინს დააკვირდნენ და მათ სკანირება დაბადების შემდგომაც გადაუღეს. დაბადებამდე გამოკვლეულ 9 ბავშვს მოგვიანებით ASD დიაგნოზი დაუსვეს. კვლევით კი დადგინდა, რომ ბავშვებს, რომელთაც დაბადების შემდგომ აუტიზმი განუვითარდათ, დაბადებამდე ტვინის ინსულარულ ნაწილში გარკვეული ცვლილებები აღენიშნებოდათ — აუტიზმის მქონე ბავშვებში იგი უფრო დიდი ზომის იყო. ტვინის ეს ნაწილი კი ჩვენს აღქმაზე, სოციალურ ქცევასა თუ გადაწყვეტილების მიღებაზეა პასუხისმგებელი, ხოლო მისი ფუნქციები ძირითადად სოციალურ ინტელექტსა და ცნობიერებასთანაა დაკავშირებული. ამასთან ერთად, მკვლევრები ამბობენ, რომ აუტიზმის მქონე ბავშვებში ამიგდალასა და ჰიპოკამპს შორის შეერთება უფრო მეტად იყო გამოკვეთილი.
„იმის გათვალისწინებით, რომ აუტიზმის წარმოქმნაზე მრავალი გარემოება ახდენს გავლენას, მნიშვნელოვანია ტვინის პათოლოგიების ადრეული ნიშნების იდენტიფიცირება, რადგან ადრე გამოვლენა უკეთეს მკურნალობასაც ნიშნავს“, — ამბობს დოქტორი ალპენ ორტუგი.











