in

აუტიზმი ქალებსა და კაცებში შეიძლება თანაბრად გამოვლინდეს — კვლევა

რაც უფრო მეტს ვიგებთ აუტიზმის შესახებ, მით უფრო მწვავე გვეჩვენება მანამდე არსებული მცდარი წარმოდგენები. ახალი კვლევის თანახმად კი, მდედრობითი და მამრობითი სქესის ტვინი თანაბრად შეიძლება იყოს მიდრეკილი აუტიზმისკენ. თუმცა მანამდე ეს მდგომარეობა ქალებში ნაკლებად შესწავლილი იყო. მეტიც, ისტორიულად აუტიზმი ძირითადად მამრობით სქესისთვის დამახასიათებელ დარღვევად განიხილებოდა. სადიაგნოსტიკო საშუალებებიც კი უფრო მეტად მამაკაცების პრეფერენციებს მოიცავდა. შესაბამისად, მათ უფრო მეტად უსვამდნენ ამ დიაგნოზს, ვიდრე გოგონებს… თუმცა ბოლო წლებში მეცნიერებმა ეს მოსაზრება კითხვით ნიშნის ქვეშ დააყენეს. 

M2
M2

გამომდინარე იქიდან, რომ სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები მამაკაცებზეა მორგებული, მეტი ბიჭი იგზავნება დიაგნოსტირებისთვის და ნაკლები ქალი. შესაბამისად, აუტიზმის მაჩვენებლებიც მამაკაცებში უფრო მაღალია, რასაც გენდერულ მიკერძოებებამდეც მივყავართ… 

მართალია, ჩვენ არ ვიცით, რა იწვევს აუტიზმს, მაგრამ მკვლევრებმა გადაწყვიტეს სინაფსის განვითარება შეესწავლათ ორ კარგად დამკვიდრებულ აუტიზმის სპექტრის დარღვევაში. უფრო ზუსტად, მკვლევრებმა თაგვების სოციალური ქცევა და მათი ტვინის განვითარება შეისწავლეს; ამასთან, ცილების დონეებიც, რადგან ეს სინაფსური სიგნალისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია. თუ ჩვეულებრივ და მუტაციის მქონე თაგვებს შევადარებთ ერთმანეთს, მუტაციის მქონეს ხერხემლის უფრო დაბალი სიმკვრივე ჰქონდა და ცილების უფრო დაბალი დონე. თუმცა ამ მახასიათებლების მხრივ, მდედრობითი და მამრობითი სქესის ტვინებს შორის სხვაობა არ ყოფილა, ეს არც მათ სოციალურ ქცევაში შეინიშნებოდა. 

აღსანიშნავია ისიც, რომ წინა კვლევები დიაგნოზის დისბალანსს მიაწერდა იმას, რაც ჩვენთვის ქალის დამცავი ეფექტის სახელითაა ცნობილი, იმის, რაც გოგოებს აუტისტური მახასიათებლების გამოვლენისგან იცავს. თუმცა აქაც არ არის ცნობილი, რა იწვევს ამას — თუ კვლევას დავეყრდნობით, რომელიც ამბობს, რომ აუტისტური თვისებების გამოსავლენად გოგოებს მეტი მუტაცია სჭირდებათ, გამოდის, ისინი აუტიზმის წინააღმდეგ ბიოლოგიური გამძლეობით გამოირჩევიან. 

თუმცა თუ სხვა კვლევასაც განვიხილავთ, გავიგებთ, რომ ქალებშიც აუტიზმი ინტერნალიზებული დარღვევების იმაზე მაღალი მაჩვენებლებით შეიძლება გამოვლინდეს, ვიდრე ეს მამაკაცებში გვხვდება. საინტერესოა ისიც, რომ მდედრობით სქესში სიმპტომები განსხვავებულად ვლინდება. მაგალითისთვის თუ აუტიზმის მქონე ბიჭები უფრო მეტად იზოლაციისკენ არიან მიდრეკილნი, ახალგაზრდა გოგოები მეტად სოციალურები ხდებიან.

ხოლო ნეირომეცნიერის მანიშ კუმარ ტრიპათის კვლევა სწორედ ამ ბოლო თეორიას უჭერს მხარს, რადგან მათ აღმოაჩინეს, რომ მდედრობითი სქესის ტვინი არ არის აუტიზმისადმი მეტად მდგრადი. ამის საპირისპიროდ, ისინი გვთავაზობენ, რომ გოგოები უკეთ ახერხებენ თავიანთი აუტისტური მახასიათებლების შენიღბვას, ვიდრე ბიჭები და ამ ხნის მანძილზე სწორედ ეს იყო ის, რაც მეცნიერებს ყურადღების მიღმა დარჩათ. მართალია, კვლევა ამ ეტაპზე მხოლოდ თაგვებზე ჩატარდა, მაგრამ მეცნიერთა თქმით, მიღებული შედეგები აუტისტური სპექტრის კვლევებში ორივე სქესის ჩართვის აუცილებლობაზე მიუთითებს… 

სარეკლამო კამპანიები ვიდეოთამაშებში — ახალი მარკეტინგული სტრატეგია

Mac 40 წლის გახდა: როგორ შეცვალა რევოლუციურმა მიდგომამ კომპიუტერები?