62 000 ლარის მოზიდული ინვესტიცია, საქართველოში 14 000 მომხმარებელი და 1000-მდე რეგისტრირებული ავტონაწილების მაღაზია, 5 ყოფილი საბჭოთა ქვეყნის ბაზრებზე გასვლა და ყოველთვიურად, 2500-3000-მდე ახალი მომხმარებელი – ჩვენ ქართულ სტარტაპ Auto Element-ზე ვსაუბრობთ, რომელიც ჯერ კიდევ, გასულ წელს გაგაცანით. იმ დროს, როცა კომპანია ადგილობრივ ბაზარზე დამფუძნებლების ინვესტიციით გამოჩნდა მისიით: „Auto Element – მობილური აპია, რომელიც ავტონაწილების მაღაზიებსა და მომხმარებლებს ერთმანეთთან შუამავლების გარეშე აკავშირებს“.
ინვესტიციების მოზიდვის დეტალებსა თუ დაფუძნებიდან დღემდე განხორციელებულ ცვლილებებზე სტარტაპის თანადამფუძნებელი, მურად ბართიშვილი გვიყვება:
ინვესტიცია 2 რაუნდად მოვიზიდეთ. პირველი რაუნდი 2019 წლის დეკემბერში დავხურეთ. კომპანიაში შემოვიდა ერთ-ერთი ცნობილი ქართველი ბიზნესმენი, ჯამში, 30 000 ლარის ინვესტიციით. ეს ინვესტიცია დაგვეხმარა საქართველოს გარდა, გაგვეხსნა კიდევ ხუთი ქვეყანა: აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი, რუსეთი, უკრაინა. ასევე, განვითარდა მობილური აპლიკაცია. მეორე რაუნდი ახლახან გავაკეთეთ, რომელიც 32 000 ლარის ოდენობისაა. ამ შემთხვევაშიც, კერძო ინვესტიცია. ეს ფული აპლიკაციის პოპულარიზაციასა და განვითარებას მოხმარდება.
M: რაც შეეხება სხვადასხვა ქვეყნის ბაზარზე შესვლას, მურადი განმარტავს:
თავდაპირველად, ყაზახეთითა და აზერბაიჯანით დავიწყეთ, დავიქირავეთ თანამშრომლები, რომლებიც ჩვენს აპლიკაციას მაღაზიებს აცნობდნენ, პარალელურად, ინტერნეტსივრცეში გვქონდა რეკლამები. ყაზახეთში ყველაზე კარგად აუღეს ალღო, შესვლიდან ერთ კვირაში 300-მდე მომხმარებლი და 40-ზე მეტი მაღაზია დარეგისტრირდა. შემდეგ მივხვდით, რომ ყველა ქვეყანაში აქტიური მარკეტინგის წარმოებისთვის ძალიან დიდი ბიუჯეტი გვჭირდებოდა და აქცენტი საქართველოზე გავაკეთეთ.
M: და მომხმარებლებს როგორ აწვდენთ თქვენს ხმას – სხვადასხვა ქვეყნის განსხვავებულ აუდიტორიას?
მიუხედავად იმისა, რომ სამიზნედ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები შევარჩიეთ, უნდა ითქვას, რომ ყველა ბაზარი სპეციფიკურია. მაგალითად, ყაზახეთსა და რუსეთში სოციალური ქსელი Vkontakte არის პოპულარული, უკრაინასა და აზერბაიჯანში Facebook. ყაზახეთში, უზბეკეთში რუსულ ენაზე ვაკეთებთ რეკლამას, აზერბაიჯანში მხოლოდ აზერბაიჯანულად. უკრაინაში, მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობა რუსულად საუბრობს, პოლიტიკური სიტუაციაა ისეთი, რომ უკრაინულ ენაზე მივმართავთ აუდიტორიას. 
M: დაფუძნებიდან დღემდე, ინვესტიციების მოზიდვის შემდეგ რა შეიცვალა? როგორ განვითარდით?
ბევრი რამ შეიცვალა. ჩვენ მივყვებით მომხმარებლის გამოცდილებას და მუდმივად ვზრუნავთ აპლიკაციის განვითარებაზე. მარტში დაემატა მომხმარებლის SMS-ავტორიზაცია, მანამდე ვერ ვაკეთებდით მომხმარებლების იდენტიფიკაციას, მარტიდან დღემდე აპლიკაციაში 15,000-მდე აქტიური მომხმარებელი და 1000-ზე მეტი მაღაზია დარეგისტრირდა. მაღაზიების მხარეს დაემატა რეიტინგის სისტემა, რომელიც აქტიურ მაღაზიებს მეტ გაყიდვებს უგენერირებს. მალე დაგვემატება ავტონაწილის ხმოვანი შეტყობინებით მოთხოვნა.
M: როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენს შემთხვევაში ის კრიტერიუმი, რომლითაც სტარტაპის სწრაფ განვითარებას უზრუნველყოფთ?
მთავარია, რასაც აკეთებ, სარგებელი მოჰქონდეს. თუ პროდუქტი ან სერვისი სასარგებლოა, ის ადვილად ვრცელდება. მაგალითად, ჩვენი მომხმარებლების 23% ამბობს, რომ მეგობრის რჩევით იყენებს „ავტო ელემენტს“. ასევე, მნიშვნელოვანია სწორი იდეა და ფული, რადგან საწყის ეტაპზე სწრაფი ზრდა აუცილებელია.
M: რაც შეეხება ინვესტიციებს, ამაზე რეკომენდაცია თუ გაქვთ, სად, ვისთან, როგორ სჯობს თანამშრომლობა?
ჩვენს მაგალითზე, ორივე შემთხვევაში, კერძო ბიზნესმენები დავაინტერესეთ. ფონდებთან ურთიერთობას გამოცდილება სჭირდება, ისინი ხშირად სტარტაპის შემოსავლიანობაზე აკეთებენ აქცენტს, ხოლო თუ სტარტაპი იზრდება, მაგრამ შემოსავალს ჯერ არ აგენერირებს, ხშირად მათთვის არ არის საინტერესო. სტარტაპერებს ვურჩევდი, რომ ჯერ არსებული რესურსებით გაუშვან იდეა, ჩადონ თავიანთი დანაზოგი, ეს მნიშვნელოვანია, რადგან ინვესტორი უყურებს და ფიქრობს: თუ შენ არ ჩაგიდია ფული ამაში, მე რატომ უნდა ჩავდო? თუ პოტენციური ინვესტორი დაინახავს, რომ შენ ამ პროექტის 100%-ით გჯერა და ლაპარაკის გარდა, ფულსაც არ ზოგავ მისი განვითარებისთვის, მეტი შანსია, შემოვიდეს.
M: როგორ ხედავთ Auto Element-ის შემდეგ ნაბიჯებს? ამჯერად, რა სიახლეს შესთავაზებთ თქვენს აუდიტორიას?
ძალიან მალე დაგვემატება ავტოსერვისები. მომხმარებელს ნაწილის მოთხოვნასთან ერთად, ხელოსნის მოთხოვნაც შეეძლება. ასევე, მალე გადავალთ მონეტიზაციის მოდელზეც, სადაც მაღაზიებს „ავტო ელემენტით“ სარგებლობისთვის გარკვეული პაკეტის ყიდვა დასჭირდებათ. ჩვენი საბოლოო მიზანია, რომ მომხმარებელს ერთ აპლიკაციაში შეეძლოს ყველაფრის გაკეთება, რაც მის ავტომობილს უკავშირდება.











