in

„საბედნიეროდ, ეს გაკვეთილი მხოლოდ რამდენიმე ასეული დოლარი დაგვიჯდა“ – Auto Element-ის #შეცდომები

„ავტოელემენტის“ განვითარების გზაზე 2 ძირითად შეცდომა/გაკვეთილს გამოვყოფთ, რომელმაც კომპანიას საინტერესო გამოცდილება შესძინა.

მურად ბართიშვილი
Startauperi
Startauperi

მარკეტერი წარმოგიდგენთ რუბრიკას – #შეცდომები, რომლის ფარგლებშიც, ქართველი სტარტაპერები მოჰყვებიან ბიზნესის კეთებისას/დაწყებისას დაშვებული ყველაზე დიდი და გამოცდილების თვალსაზრისით, ღირებული შეცდომ(ებ)ის შესახებ. ამ შემთხვევაში, „Auto Element-ის – მობილური აპი, რომელიც ავტონაწილების მაღაზიებსა და მომხმარებლებს ერთმანეთთან შუამავლების გარეშე აკავშირებს – დამფუძნებელი, მურად ბართიშვილი გვიზიარებს სტარტაპის გამოცდილებას:

ჩვენ მივყვებით იდეოლოგიას, რომ შეცდომები არ არსებობს, არსებობს მხოლოდ გაკვეთილები. „ავტოელემენტის“ განვითარების გზაზე 2 ძირითად შეცდომა/გაკვეთილს გამოვყოფდით, რომელმაც კომპანიას საინტერესო გამოცდილება შესძინა.

პირველი გაკვეთილი: „მიენდეთ პროფესიონალებს“.
„ელემენტის“ ბაზარზე გამოჩენასთან ერთად GITA-ს 100 000-იან გრანტზე განაცხადიც შევავსეთ: ბიზნესგეგმა, ფინანსური გეგმა დავწერეთ და გვეგონა, „თუ ჩვენ არ შეგვარჩევენ, მაშინ ვინ უნდა შეარჩიონ?“

მაგრამ მწარე რეალობა არ აგვცდა, 178 სტარტაპიდან 40-ეულშიც ვერ მოვხვდით.

რა თქმა უნდა, არ დავნებდით და საგრანტო კონკურსის შემდეგ გამოცხადებაზე დავსხედით, წინა ექსპერტების შეფასებები გავაანალიზეთ და ბიზნესგეგმა ახლებურად შევადგინეთ. თუმცა ფინალში ვერც ამჯერად აღმოვჩნდით.

ერთი პერიოდი ისიც ვიფიქრეთ, რომ ვიღაცას ჩვენი ფინალში გასვლა არ უნდოდა და განგებ გვბლოკავდა. გავნაწყენდით და იმ აზრმაც კი გაგვიელვა, რომ გრანტზე განაცხადს აღარასდროს გავაკეთებდით.

საბედნიეროდ, მალევე მივხვდით, რომ ეს აზრი არცთუ ადეკვატურად ჟღერდა და იმ მომენტისთვის ყველაზე სწორი არჩევანი გავაკეთეთ: პროფესიონალი მენტორი დავიქირავეთ, რომელთან ერთადაც მესამე ცდაზე ფინალშიც გადავედით და 100 000 ლარიანი გრანტიც მოვიგეთ.

რეალურად, სწორი გადაწყვეტილების მისაღებად, ერთი და იმავე შინაარსის ორი გაკვეთილი, ანუ ერთი წელი დაგვჭირდა.

მეორე გაკვეთილი: „ჯერ აქ აჩვენე, რა შეგიძლია“.
2020 წლის დასაწყისში ზრდასთან ერთად სხვა ქვეყნების ბაზრებზე შესვლის ამბიციაც გაგვიჩნდა. ვინაიდან საქართველოში ასე სწრაფად ვვითარდებოდით, გადავწყვიტეთ, კიდევ 6 ქვეყანა დაგვემატებინა და 2 მათგანში პოზიციონირებაც დავიწყეთ. 

ამჯერადაც, მალევე მივხვდით, რომ ეს გადაწყვეტილება ჩვენს შემთხვევაში ნაჩქარევი იყო და საბედნიეროდ, ეს გაკვეთილი მხოლოდ რამდენიმე ასეული დოლარი დაგვიჯდა.

მასშტაბირება სტარტაპისთვის კარგია, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი დრო. „ელემენტისთვის“, ჯერ კიდევ, შემოსავლის არმქონე სტარტაპისთვის – 2020 წელს, სამი ქვეყნის მასშტაბით მარკეტინგის წარმოება ძალიან დიდ ბიუჯეტს მოითხოვდა, რომელიც გონივრული იქნებოდა, ერთი ქვეყნის ბაზრისკენ მიმართულიყო, სტარტაპი შემოსავლიანი ადგილობრივად გამხდარიყო და მხოლოდ ამის შემდეგ გვეფიქრა სხვა ქვეყანაში გასვლაზე.

ეს დრო ჩვენს სტარტაპს კიდევ ერთი წლის შემდეგ დაუდგა და ამიტომაც, 2021 წლის განმავლობაში, უკვე სხვა ქვეყნებში მასშტაბირების გეგმაც გვაქვს.

„მოეწყვე სპორტულად. ბურთიც შენია და მოედანიც!“ – თუმცა მოიცა! ევრო 2020-ის დაწყებამდე, ეთერშია „ალტას“ სეზონური ფასდაკლებები

Reckless: „იმდენი რამ მოხდა, შეიძლება ითქვას, შეცდომების კასკადი დავუშვით“