8
Sep
2019

„ამიერიდან, ავტონაწილებისთვის დაშლილებში სიარული აღარ მოგიწევთ!“ – Auto Element

8 Sep 2019

Startauperi
Startauperi


ეთანხმებით, თუ არა იმას, რომ საუკეთესო შემთხვევაში, ავტომობილის მფლობელებს, მინიმუმ, ერთხელ მაინც დასჭირვებიათ ქუთაისის ქუჩაზე ან ელიავაზე დაშლილებში გავლა, საჭირო ავტონაწილის მოსაძიებლად?! და იმასაც თუ ეთანხმებით, რომ ეს პროცესი არც ისე სასიამოვნოა? და აქედან ტექნოლოგიურ გამოსავალზე რას იტყოდით?

Auto Element – მობილური აპია, რომელიც ავტონაწილების მაღაზიებსა და მომხმარებლებს ერთმანეთთან შუამავლების გარეშე აკავშირებს“, – ამბობს სტარტაპის თანადამფუძნებელი, მურად ბართიშვილი და იდეის წარმოშობაზეც გვიყვება:

„ელემენტის“ იდეა ამ წლის მარტში გამიჩნდა, როდესაც მეგობრის ავტომობილისთვის საქარე მინა გვჭირდებოდა და მის მოძიებას ზუსტად ერთი კვირა მოვანდომეთ. ძიების პროცესში მაღაზიები გვეუბნებოდნენ, რომ მარაგი ამოეწურათ, რომ შემოტანას 10 დღეში ელოდებოდნენ და სხვა. ბოლოს, ერთ-ერთ მაღაზიაში ძალიან მარტივად ვიშოვეთ. ანუ, თავიდანვე იმ მაღაზიაში რომ მივსულიყავით, ამ ნაწილს პირველივე დღესვე ვიყიდდით, მაგრამ ჩვენ 50-მდე ასეთი დაწესებულების მონახულება დაგვჭირდა, – მურად ბართიშვილი.

როგორ მუშაობს Auto Element?
აპლიკაციის გადმოწერის შემდეგ, მომხმარებელი საკუთარი ავტომობილის მარკას, მოდელს უთითებს და სასურველ ნაწილს ითხოვს. მოთხოვნა, რეალურ დროში, ავტონაწილების იმ მაღაზიებს მისდის, რომლებიც მოცემულ მოდელზე მუშაობენ. შედეგად, მაღაზიები მოთხოვნილ ნაწილზე შეთავაზებას უგზავნიან. მომხმარებლი მისთვის სასურველს ირჩევს, მაღაზიას ეკონტაქტება და ავტონაწილს ყიდულობს.

აპლიკაცია ერთი თვეა, გაეშვა და ამ დროისთვის, ჯამში, ანდროიდსა და iOS-ზე 1700 ჩამოტვირთვა აქვს.

M: მურად, საინტერესოა, კონკრეტულად, რა პრობლემები დაინახეთ ავტონაწილების ბაზარზე, რამაც გიბიძგათ, რომ გამოსავალი თავადვე გეპოვათ?
აპლიკაციის მიზნად ავტონაწილების ბაზარზე არსებული ორი მთავარი პრობლემის გადაჭრა დავისახეთ:
პირველი, ეს იყო მომხმარებლის დროისა და ენერგიის დაზოგვა, რომელიც სასურველი ნაწილის შესაძენად უნდა გაეღო. მომხმარებლებს საშუალება უნდა ჰქონოდათ, ახლობლებში მოკვლევის გარეშე, რაც შეიძლება სწრაფად დაკავშირებოდნენ სწორედ იმ მაღაზიებსა თუ დამშლელებს, სადაც სასურველ ნაწილს მოიძებდნენ და ინფორმაციას ფასთა სხვაობის შესახებაც მიიღებდნენ.მეორე პრობლემას რაც შეეხება, ზოგადად, ბაზარზე არასამართლიანი ფასის ტენდენციაა… იმიტომ, რომ არავინ არეგულირებს კონკრეტული ნაწილის ღირებულებას და ხშირ შემთხვევაში, გამართლებაზეა, რამდენად ადეკვატურ ფასად მოიძებ სასურველ პროდუქტს. ანუ, შეიძლება, კონკრეტული ნაწილი კი იშოვო, მაგრამ მერე აღმოაჩინო, რომ საკმაოდ ძვირად გიყიდია.

მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენს აპლიკაციას საჭირო ავტონაწილის მოძიებისა და ბაზარზე არსებული საუკეთესო შეთავაზების გასარკვევად დახარჯულ დროს მინიმუმამდე ამცირებს და შედეგად, გადაწყვეტილების მიღების პროცესსაც აჩქარებს. ეს ის არსებული პრობლემებია, რომელსაც ავტო ელემენტი ჭრის.

M: უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, რა დროზეა საუბარი?
რეალურად, ავტოელემენტის საშუალებით, მომხმარებელი საჭირო ნაწილის შეკვეთაში, მხოლოდ 5 წამს ხარჯავს და მომენტალურადვე მისდის კონკრეტული მაღაზიების შეთავაზებები. რაც შეეხება მაღაზიას, ასევე, შეთავაზებების გაგზავნაში, გამოვთვალეთ, რომ დაახლოებით, 7-8 წამია საჭირო.

M: რა სიტუაციაა ბაზარზე? და თქვენს კონკურენტუნარიანობას როგორ აფასებთ?
შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ პირდაპირი კონკურენტები არ გვყავს, თუმცა არიან კომპანიები, რომლებიც ასეთ რაღაცას გთავაზობენ: გვითხარი, რა ნაწილი გინდა და ჩვენს ბაზაში საუკეთესო ფასად მოგიძებნით მას.

მათთან შედარებით, ჩვენი მთავარი უპირატესობა არის ის, რომ ამ პროცესში, შუამავალი რგოლი აღარ არსებობს.  ეს კომპანიები კი ჩვენი აპლიკაციის როლს ასრულებენ, რომლებიც გარიგებიდან რაღაც პროცენტს იღებენ, ბაზას ახარისხებენ, ფასებს ადარებენ და სხვა. ძირითადი სამუშაო ხელით სრულდება და ეს პროცესს დროში წელავს.

ჩვენს შემთხვევაში, მაღაზიისთვისაც მოქნილია შეთავაზების გაკეთება, რადგან ის დამოუკიდებლადაა პლატფორმაზე და პირდაპირი წვდომა აქვს პოტენციურ მომხმარებლებთან.

M: როგორ მუშაობს Auto Elemnt-ის ბიზნესმოდელი?
გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ მხოლოდ ერთმანეთს ვაკავშირებთ ავტონაწილების მაღაზიებსა და მომხმარებლებს, შესაბამისად, თანხაში არ ვერევით და შემოსავალიც არ გვაქვს. თუმცა, ამ პროექტის მონეტიზაცია დაგეგმილი გვაქვს. დაახლოებით, 6-8 თვე ის უფასო იქნება და შემდეგ, მაღაზიებს ყოველთვიური სააბონენტოს გადახდა მოუწევთ.

M: როგორ გადაიჭრა Auto Element-ის იდეა ტენოლოგიურად?
ჩვენს ბაზარზე, ჯერჯერობით, არც ისე ბევრი პროფესიონალი მოიძებნება, ვინც აპლიკაციებზე ხარისხიანდ მუშაობს. კონკურენცია რომ მაღალია, შესაბამისად, ფასებიც მაღალია. ამიტომ, საქართველოს გავცდით და აპლიკაცია საზღვარგარეთ გავაკეთეთ. ესაა საკმაოდ ტრენდული პროგრამული ენა „ანგულარი“, ბიუჯეტიც დავზოგეთ და ხარისხიანი გამოსავალი მოვუძებნეთ ჩვენი იდეის ტექნოლოგიურ გადაწყვეტას.

M: როგორ გგონიათ, მზადაა ქართველი აუდიტორია პროდუქტის შეთავაზებისა თუ სამომხმარებლო ქცევის  მხრივ, ამ მოდელზე გადასასვლელად?
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქართველი მომხმარებელი მზადაა, ასეთ შეთავაზებებთან მარტივად ადაპტირდეს და საჭიროების მიხედვით ჩვენი აპლიკაციით ისარგებლოს და ზედმეტი დისკომფორტისგან აირიდოს თავი.

M: ამ ეტაპზე ვინმეს მხარდაჭერა გჭირდებათ? და როგორ უნდა მიაწვდინოთ ხმა?
ჩვენი მთავარი ინტერესი ინვესტიციების მოძიებაა. აქციები უკვე დადგენილი გვაქვს და აქციონერების მოზიდვა პირველი გამოწვევაა პროექტის განვითარებისთვის. ვფიქრობთ, რომ „ავტო ელემენტი“ არა ლოკალური, არამედ საერთაშორისო პროდუქტია. მსოფლიოს მასშტაბით, ანალოგიური პროექტები არსებობს, თუმცა მიგვაჩნია, რომ პოზიციონირება მათზე უკეთ შეგვიძლია.

განხილვა