in

ახალი AI რობოტი გაზგასამართ სადგურზე მუშაობს — რა უპირატესობა აქვს მას?

თუ ტექნოლოგიები რამეში დაგვეხმარა, ეს ყოველდღიურად შესასრულებელ დავალებებში განსაკუთრებით იგრძნობა — როცა რაღაც აუცილებლად უნდა გავაკეთოთ, მაგრამ გვეზარება… ასეთი უამრავი მაგალითის ჩამოთვლა შეგვიძლია, მაგრამ დღეს AI რობოტზე ვისაუბრებთ, რომელიც გაზგასამართ სადგურზე დაამონტაჟეს.

დანიაში დაფუძნებული კომპანია Autofuel-ის სისტემა მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მანქანის ავზი რობოტს აავსებინოს, თავად კი „თავი არ შეიწუხოს“. როგორც თავად აღწერენ, ერთი თითის განძრევაც კი არ დასჭირდებათ, რაც განსაკუთრებული კომფორტია სუსხიან და წვიმიან ამინდებში, როცა ავტომობილიდან გადასვლას ყველაფერი გვირჩევნია. გარდა ამისა, სისტემა იმასაც უზრუნველყოფს, რომ მანქანის ნომრით მომხმარებელი ამოიცნოს და მან პირდაპირ მობილურიდან გადაიხადოს საჭირო თანხა.

კომპანიის წარმომადგენლების თანახმად, იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც გააანალიზეს, რომ გაზგასამართ და ბენზინგასამართ სადგურებზე მიმდინარე პროცესი ათწლეულების განმავლობაში არ შეცვლილა… მიუხედავად პროგრესისა და ტექნოლოგიური წინსვლისა, რომელიც დედამიწის საზღვრებსაც კი გასცდა.

ახლა კი პროცესი აღვწეროთ:

მძღოლები მარტივად არეგისტრირებენ თავიანთ მანქანას — მოდელი; საწვავის ტიპი; გადახდის ტიპი და საავტომობილო ნომერი. ხოლო Autofuel-ის სისტემა ისეა მოწყობილი, რომ ყოველი ავტომობილისთვის საჭირო პროცესებს ავტომატურად ასრულებს AI რობოტული მკლავი. ამასთან, მომხმარებლებს შეუძლია, ავზის საწვავით ავსების პროცესს ციფრულ ეკრანზე ადევნონ თვალი, დასრულებისას კი შესაბამის სიგნალს მიიღებენ.

როგორც Interesting Engineering იუწყება, Autofuel-ის სისტემას სამომავლოდ ის უპირატესობა გააჩნია, რომ გაზის გარდა, სხვა ტიპის საწვავებითაც მოამარაგებს მანქანებს. მოკლედ, ახლა იმ ეტაპზე ვართ, როცა ვკითხულობთ: გახდება გაზ და ბენზინგასამართი სადგურები ავტონომიური? ალბათ, კი, რადგან იმას, რაც ადამიანის კომფორტზეა მორგებული, უმეტეს შემთხვევებში, მაქსიმალურად ვავითარებთ.

საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანია „ჰელმესი“ უკვე საქართველოშია

Škoda Octavia და Fabia გამოკითხვების სათავეში!