in

როგორი იყო „შემოდგომის ლეგენდა 2018“-ის ფინალი

კახეთში ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა 2018“ იმპროვიზაციული ტური გაიმართა. ფინალში 216 აპლიკანტს შორის შერჩეულმა საუკეთესო ათეულმა მიიღო მონაწილეობა. იმპროვიზაციული ტური 3-4 ნოემბერს, ახმეტის რაიონში, ბაბანეურის მარანში ჩატარდა. “შემოდგომის ლეგენდა” თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტია. 2018 წლიდან, პროექტის მხარდამჭერია კომპანია „სილქნეტი“.

ლიტერატურული კონკურსი „შემოდგომის ლეგენდა“ უკვე ათი წელია იმართება. მასში მონაწილეობისთვის აუცილებელია სტუდენტის სტატუსი. აღსანიშნავია, რომ „შემოდგომის ლეგენდამ“, განვლილი წლების მანძილზე, დამწყები მწერლებისთვის გზის გაკვალვა შეძლო. გამარჯვებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე წიგნების ავტორებად გვევლინებიან, ზოგიერთი მათგანის ნაწარმოებები, წელს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზეც იყო წარდგენილი.

ნინო კალანდია, თსუ, პროექტების მენეჯერი: „პირველ რიგში, ვამაყობთ, რომ „შემოდგომის ლეგენდა“ უკვე ათი წელია ტარდება. ეს არ არის მხოლოდ კონკურსი, ეს არის განაცხადი, რომ ჩვენ შეგვიძლია ახალგაზრდებს მივცეთ შანსი, ირწმუნონ საკუთარი შესაძლებლობების და დაიმკვიდრონ თავი ლიტერატურულ ასპარეზზე. პროექტის შეფასებისას, ყოველთვის ვაფასებთ შედეგებს: გვყავს ავტორები, რომლებსაც წიგნები აქვთ გამოცემული, გვყავს გამარჯვებული, რომლის სცენარის მიხედვითაც ფილმი გადაიღეს. „შემოდგომის ლეგენდას“ გამარჯვებულები სხვა კონკურსებშიც წარმატებით მონაწილეობენ. დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრ ნიჭიერ მწერალს აღმოვაჩენთ.“

გიორგი შარვაშიძე, თსუ, რექტორი: „შემოდგომის ლეგენდა“ უკვე არის ბრენდი, ათწლიანი ისტორიით. აღსანიშნავია, რომ პირველი სტუდენტური ალმანახი „პირველი სხივი“ 68 წლის წინ დაარსდა. მან უამრავ ნიჭიერ მწერალს მისცა პირველი ნაბიჯების გადადგმის საშუალება. ალბათ, ყველა ის ნიჭიერი მწერალი, რომელთა სახელიც გვესმის დღეს ქართულ ლიტერატურაში, „პირველ სხივთან“ არის დაკავშირებული. ვფიქრობ, „შემოდგომის ლეგენდა“ იმ ტრადიციის ღირსეული გაგრძელებაა.“

კონკურსის ფინალში მოსახვედრად, სტუდენტები ყოველწლიურად გზავნიან მოთხრობებს. ჟიური მათგან ათ ფინალისტს არჩევს. მეორე ტური, ქალაქის ხმაურიდან შორს, სპეციალურად შერჩეულ ადგილას ტარდება. წელს, ეს ბაბანეურის მარანი იყო – შემოდგომის მზიანი დღეები, ცეცხლისფრად აბრიალებული მთები, ხედი ალაზნის ველზე და სრული სიმშვიდე, რომ ახალგაზრდა მწერლებისთვის შემოქმედებითი გარემო შეექმნათ. როგორც ცნობილია, მომავალი წლიდან „შემოდგომის ლეგენდა“ წინანდალში, მამულის ტერიტორიის სასტუმროს ნაწილში გაიმართება.

ლიკა მეტრეველი, “სილქნეტი”: „შემოდგომის ლეგენდისთვის“ მზადება ჩვენთვის ყოველ წელს განსაკუთრებული პერიოდია. ტრადიციული და უკვე მშობლიური პროექტი  როდესაც ახლოვდება, არ აქვს მნიშვნელობა რამდენი სხვა საქმეა პარალელურად გასაკეთებელი, ყველა დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით ვივსებით და ვიცლით. „ლეგენდა“ მოდის – ვამბობთ და იწყება ახალი ადგილის მოძიება კახეთში. მთავარი კრიტერიუმი, რის მიხედვითაც ხდება შემოდგომის ლეგენდის ადგილის შერჩევა, ეს არის გარემო – კახეთისთვის და შემოდგომის სეზონისთვის დამახასიათებელი ატმოსფერო, მოკლედ, ყველაფერი, რაც ახალბედა, დამწყები მწერლისთვის წერის ინსპირაციად შეიძლება იქცეს. ადგილის მერე იწყება მორიგი საზრუნავი: როგორი იქნება დიზაინი, რომელიც უკეთ წარმოაჩენს მიმდინარე წლის ლეგენდის თემას, როგორ შევუქმნათ კრეატიული გარემო სტუდენტებს, რით გავხადოთ ამ წლის ლეგენდა განსაკუთრებული და ასე შემდეგ. გვეჩქარება, ვღელავთ, გვინდა, რომ ეს ლეგენდა წინა წლისას კიდევ უფრო სჯობდეს. ამასობაში, კი მოახლოვდება დაგეგმილი თარიღები და ყველაფერი თავის ადგილას დგება. 10 ფინალისტთან ერთად უცვლელი ჟიური და უნივერსიტეტის ზუსტად ჩვენსავით ლეგენდაზე შეყვარებული ორგანიზატორები ვტოვებთ ქალაქს და კახეთისკენ მივეშურებით. მართლაც, ყოველი „შემოდგომის ლეგენდა“ გამორჩეულია ახალი სახელების აღმოჩენით და დაუვიწყარი ემოციებით, რაც სტუდენტებისგან მოდის. ისინი პირველ შემოქმედებით ნაბიჯებს ჩვენს თვალწინ დგამენ და ზუსტად ვიცით, რომ ისინი თავიანთ სათქმელს კიდევ ბევრჯერ იტყვიან, როგორც ეს წინა წლების ლეგენდებმა უკვე გვიჩვენა.

ასეთია განწყობა კომუნიკაციების გუნდში „შემოდგომის ლეგენდის“ მიმართ. ამიტომ, როდესაც “ჯეოსელი” “სილქნეტს” შეუერთდა, ერთ-ერთი პირველი, რაშიც თანხვედრა დავინახეთ, კომუნიკაციის თვალსაზრისით, იყო „შემოდგომის ლეგენდა“ და ჭავჭავაძეების წინანდლის ისტორიული მამული. ეს ის ადგილია, რომელიც მნახველს ისტორიის წიაღში ეპატიჟება და შთაბეჭდილებებით სავსეს ემშვიდობება. აქ იმართება წინანდლის მუსიკალური ფესტივალი და სხვა მრავალი შემოქმედებითი ღონისძიება. გადაწყდა, რომ „შემოდგომის ლეგენდა“ მომავალი წლიდან აქ გაიმართება და ამ არაჩვეულებრივი ღონისძიებების რიცხვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და “ჯეოსელის” ერთობლივი პროექტი, სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი, „შემოდგომის ლეგენდაც“ შეემატება.

ეს წელი გამორჩეული იყო იმით, რომ ლეგენდის 10 წლისთავი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს დაემთხვა. ასე, რომ, წლევანდელმა ლეგენდამ ტრადიციას არ უღალატა და მართლაც განსხვავებული იყო. მომავალი წელი კი განსაკუთრებული იმით იქნება, რომ „შემოდგომის ლეგენდა“ ახალ სიცოცხლეს იწყებს და წინანდლის მამულში დაიდებს ბინას.”

როგორც უკვე ვახსენეთ, „შემოდგომის ლეგენდა“ ათი წლის, ხოლო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ასი წლის იუბილეს აღნიშნავს. ღირსშესანიშნავ თარიღს უკავშირდება წლევანდელი იმპროვიზაციული ტურის თემაც – უნივერსიტეტის არქივიდან შერჩეულ დიპლომებზე, რომლებიც მფლობელებს არ გაუტანიათ: ისტორიკოსებზე, ჟურნალისტებზე, ეკონომისტებზე, მასწავლებლებზე… ზოგ დიპლომს XX საუკუნის 30-იან წლებიდან მოყოლებული ინახავენ. ფინალისტებს უნდა მოეფიქრებინათ სიუჟეტები, თუ რატომ ვერ მოხდა დიპლომების გატანა და რა ისტორიები დგას თითოეულის უკან და თორმეტი საათის განმავლობაში, უნდა შეექმნათ ათი მოთხრობა ათ ადამიანზე, რომელთა შესახებ მხოლოდ პროფესია და უნივერსიტეტის დასრულების წელი იცოდნენ.

წლევანდელ ნამუშევრებს ჟიურის ხუთი წევრი შეაფასებს. ჟიურის მუდმივ შემადგენლობას წარმოადგენენ დათო ტურაშვილი, მაკა ლდოკონენი და თეონა დოლენჯაშვილი. წლევანდელ შემფასებლებს შორისაა „შემოდგომის ლეგენდას“ გასული წლის გამარჯვებული ხატია იათაშვილი. ასევე, ჟიურის მოწვეული წევრია ლევან ბერძენიშვილი.

“შემოდგომის ლეგენდა 2018”-ის გამარჯვებული სამეული დეკემბერში გამოვლინდება.

შენი წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი შაქარია

პირველი დასაკეცი სმარტფონი – UPDATE