დროის მენეჯმენტზე ათასობით წიგნი დაწერილა, ამდენივე – პირადი და ოჯახური ცხოვრების ბალანსზე, მაგრამ თითქმის ყველა მათგანი პრობლემის სპეციფიკურ მხარეს ეყრდნობა ან თავს აჩვენებს, თითქოს ეს პრობლემა საერთოდაც არ არსებობს. არადა, მთავარი გამოწვევაც ესაა: მიზეზი, რის გამოც, ადამიანები სტრესს დროის ნაკლებობის გამო განიცდიან იმალება იქ, რომ ისინი სამუშაო დღის ნახევარზე მეტს არასაჭირო ამოცანების გადაჭრას ანდომებენ. მაინც, რა ამოცანებზეა საუბარი?
არააუცილებელი გადაადგილება ოფისამდე (13%)
2018 წლის მონაცემებით, სამსახურში მხოლოდ ერთი გზის გასავლელად, საშუალოდ, 27 წუთია საჭირო, რაც 6 წუთით აღემატება 1980 წლების მაჩვენებელს. და ეს მხოლოდ საშუალო რიცხვია, რაც ნიშნავს, რომ ბევრ ადამიანს გაცილებით მეტი დრო ეხარჯება სამსახურში მისვლისას.
დავუშვათ, რომ ჩვენ სამსახურში მისვლას სწორედ ამ საშუალო მაჩვენებლის მიხედვით ვახერხებთ. იმ პერიოდისათვის, როდესაც პენსიაზე გახვალთ, გზაში 5-6 წელი გექნებათ გატარებული, რაც სამსახურისადმი მიძღვნილი დროის, დაახლოებით, 13%-ს შეადგენს.
იმ დდროს, როცა სამსახურების გარკვეული ტიპი მოითხოვს, რომ თანამშრომელი იჯდეს ოფისში, ადგილზე, თითქმის ყველა საოფისე საქმის შესრულება სახლიდანაც შეიძლება. სწორედ აქედან გვაქვს დასკვნა, რომ თითქმის ყველა შემთხვევაში, დრო, რომელსაც ოფისში ატარებთ, ტყუილად იფლანგება.
არასაჭირო შეხვედრები (16%)
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის კვლევას თუ დავეყრდნობით, საშუალოსტატისტიკური მუშაკი 45-წლიანი კარიერის მანძილზე, დაახლოებით, 22 წელს ატარებს თათბირებზე. ამ 22 წლის დაახლოებით მესამედს კი არანაირი ღირებულება არ მოაქვს.
იმ დროისთვის, როდესაც საშუალო მუშაკი პენსიაზე გავა, მას სულ მცირე 7 წელი ექნება გატარებული უსარგებლო თათბირებზე. ამას კი მისი სამუშაო დროის 16% მიაქვს.
უსარგებლო მიმოწერა (23%)
“ფორბსის” კვლევის მიხედვით, საშუალოსტატისტიკური მუშაკი დღეში 2.5 საათს ატარებს მიმოწერის წაკითხვასა და პასუხში მაშინ, როდესაც მიმოწერის 75% საერთოდ არაა სამუშაოსთან რელევანტური.
მოდით, დავითვალოთ. თუკი, 2.5 საათს ამაში ხარჯავს თანამშრომელი, ხოლო აქედან, დაახლოებით 1.8 საათი სრულიად უსარგებლო საქმეში წავიდა, გამოდის, რომ კარიერის მანძილზე ამ საქმეში ადამიანმა 10 წელი დახარჯა, რაც 45 წლიანი კარიერის შემთხვევაში, სამუშაო დროის 23%-ს ნიშნავს.
თუკი ამ ყველაფერს დავაჯამებთ, ვნახავთ, რომ სამუშაო ცხოვრების 51%, ფაქტობრივად, იფლანგება. ერთი წამით დაფიქრდით. კიდევ რამდენის მიღწევა შეგეძლოთ, ორჯერ უფრო პროდუქტიული რომ ყოფილიყავით? რამდენად გაუმჯობესდებოდა თქვენი ცხოვრების ხარისხი? ასე ხომ, ბევრად მეტი რამისთვის გექნებათ დრო?
საბედნიეროდ, არსებობს გამოსავალიც:
დანერგეთ დისტანციური მუშაობის სისტემა
იმის მიუხედავად, რომ სამსახურების ნაწილის შემთხვევაში, ოფისში ყოფნა გარდაუვალია, სამუშაოების დიდი ნაწილის შესრულება ნამდვილადაა შესაძლებელი დისტანციურად. კვლევებმა გვიჩვენეს, რომ დისტანციურად მომუშავე თანამშრომლები ბევრად უფრო პროდუქტიულები არიან, ვიდრე ადგილზე მყოფნი (იმ დროსაც კი თუ არ მივათვლით, რასაც გზაში ატარებენ).
რასაკვირველია, ასეთი სისტემა გულისხმობს მეტ მოქნილობას კომპანიის მხრიდან. ეს იმასაც ნიშნავს, რომ ახალ და თანამედროვე ოფისში გადასვლა შეიძლება არც ისე გონივრული იყო.
დააწესეთ შეხვედრების ეფექტიანი კულტურა
აქ სიტყვა “ეფექტიანი” საკვანძოა. ყველა შეხვედრას (იქნება ეს პირისპირ თუ ონლაინ რეჟიმში), უნდა ჰქონდეს მისი გეგმა. არავითარი სოციალური ქსელები შეხვედრის დროს. შეხვედრა არ უნდა აღემატებოდეს 30 წუთს. დაასრულეთ შეხვედრა მაშინვე, როგორც იგრძნობთ, რომ მას აღარ მოაქვს მეტი ღირებულება. პრეზენტაციის წარდგენა კი ჩაანაცვლეთ დავალების ჯგუფური წაკითხვით.
დაადუმეთ საფოსტო ყუთი
ყველაზე აქტიური სამუშაო საათების დროს, ელექტრონული ფოსტა გამორთეთ. შეამცირეთ წერილების რაოდენობა, რისი გაგზავნაც შეგიძლიათ დღის განმავლობაში. უარი თქვით CC, BCC და Reply All ტიპის წერილებზე. უარი თქვით ჩვევაზე, როდესაც გსურთ ყველა წერილი წაიკითხოთ. ამის ნაცვლად, მიეჩვიეთ სწორ შეფასებას – რომელი წერილი არის სამუშაოსთვის მნიშვნელოვანი და რომელი – არა. თუკი ამ რჩევას მიყვებით, შეძლებთ, აირიდოთ უსარგებლო მიმოწერა და მეტი თავისუფალი დროც გამონახოთ.
წყარო: inc