უახლოეს მომავალში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს რამდენიმე კომპანია დაემატება: უკრაინული კომპანია SkyUp, საფრანგეთის ფლაგმანი ავიაკომპანია Air France და ინდური Indigo.
“SkyUp” კიევი-თბილისის მიმართულებით ფრენებს 23 დეკემბრიდან დაიწყებს. ზამთრის სეზონის განმავლობაში, ავიკომპანია რეისებს კვირაში ორჯერ, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას, Boeing 737-800/737-700 ტიპის ავიახომალდებით, განახორციელებს. ავიაკომპანია SkyUp 2016 წელს შეიქმნა და ამ დროისათვის, 12 მიმართულებით დაფრინავს.
2019 წლის თებერვლიდან, ინდოეთსა და საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლის დაწყებას ინდოეთის ყველაზე მსხვილი ავიაკომპანია Indigo გეგმავს. დელი-თბილისის მიმართულებით პირდაპირ რეისებს ავიაკომპანია, ყოველდღიურად, Airbus 321 ტიპის საჰაერო ხომალდებით აპირებს. საქართველოს საავიაციო ბაზრით ინდური ავიაკომპანია, ჯერ კიდევ, ზაფხულში დაინტერესდა. ავიაკომანია “ინდიგო” 2006 წელს დაფუძნდა. “ინდიგოს” ავიაპარკი 195 სხვადასხვა ტიპის საჰაერო ხომალდისგან შედგება. დღეისათვის, ინდიგო ფრენებს 59 მიმართულებით ახორციელებს, აქედან 48 ადგილობრივი, 11 კი საერთაშორისოა.
2019 წლის აპრილიდან, თბილისის მიმართულებით პარიზიდან ფრენების შესრულებას საფრანგეთის ფლაგმანი ავიაკომპანია Air France აპირებს. მოლაპარაკებები ფრანგულ ავიაკომპანიასა და თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია, TAV Georgia-ს შორის უკვე ბოლო ეტაპზეა. დღეისათვის, Air France 170-მდე მიმართულებით დაფრინავს. კომპანიის ავიაპარკი 212 სხვადასხვა ტიპის საჰაერო ხომალდისგან შედგება. Air France პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში ბაზირებული ავიაკომპანიაა. შარლ დე გოლის ოპერატორი ფრანგული სახელმწიფო კომპანია ADP Group-ია, რომელიც TAV Airports-ის მთავარი აქციონერია.
წყარო: თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები