1
Jul
2019

Avicii-ს ახალ, მილიონობით ნახვის მქონე ვიდეოს ქართველი რეჟისორი ჰყავს

1 Jul 2019

24 ივნისს ოფიციალურ იუთუბ-არხზე ტიმ ბერგლინგის, საზოგადოებისთვის ცნობილი Avicii-ს ახალი სიმღერა გამოქვეყნდა. ტრეკი, სახელწოდებით “Heaven” Coldplay-ს სოლისტის, კრის მარტინისა და თავად Avicii-ს 2014 წელს შექმნილი ერთობლივი ნამუშევარია. არტისტი წელიწადზე მეტია, რაც გარდაიცვალა და მისი უცნობი ნამუშევრების დღის შუქზე გამოტანა საზოგადოების ყურადღებას ორმაგად იპყრობს.

ახლახან დადებულ ვიდეოს 5 მილიონზე მეტი ნახვა აქვს, თუმცა, ჩვენთვის მთელ ამ ამბავში ყველაზე საინტერესო ისაა, რომ მისი რეჟისორი ქართველია, მისი სახელი ლევან ციკურიშვილია. სიმღერას თან ერთვის ტექსტი, სადაც იგი თავად საუბრობს Avicii-სთან არსებულ წარსულ გამოცდილებაზე. როგორც თავად ამბობს, იგი მომღერალთან 2013 წლიდან თანამშრომლობდა. ამ დროიდან დღემდე კი მის ანგარიშზე 8 მუსიკალური ვიდეო, 3 საკონცერტო ფილმი და 2 დოკუმენტური ნამუშევარია. ლევანი Avicii-ს დიდი პატივისცემით იხსენებს და ამბობს იმასაც, რომ ვიდეოში ნაჩვენები კადრები, ძირითადად, მისივე სმარტფონითაა გადაღებული 2016 წელს, როდესაც იგი მომღერალთან ერთად კუნძულ მადაგასკარზე იმყოფებოდა.

განხილვა