in

Avira Sound — ხმის დიზაინისა და მუსიკის კომპანია ყველაზე ხმაურიანი ამბიციებით!

წარმოიდგინე ნებისმიერი ვიზუალურად გაცოცხლებული სიუჟეტი, იქნება ეს ფილმისთვის, რეკლამისთვის თუ ვიდეორგოლისთვის. ზიხარ და უყურებ, როგორ ენაცვლება კადრები ერთმანეთს, მხოლოდ მოქმედებებით იგებ, რა ხდება; როგორი განწყობა გასდევს მთელ ამბავს და საუბრის ნაცვლად, უბრალოდ კითხულობ, ვინ ვის რა უთხრა… ეს ჩუმი კინოს ისტორიას ჰგავს, ათწლეულებით უკან დავბრუნდით, სადაც ფილმებში ხმა ისეთი „უცხო ხილი“ იყო, თითქოს არავის არაფერი ჰქონდა გაგონილი.

ასეთი იქნებოდა თანამედროვე კონტენტიც, რომ არა განვითარებული ტექნოლოგია და ადამიანები, რომლებიც სპეციალურად მუშაობენ ხმის დიზაინზე. ირგვლივ არსებული ხმების პირდაპირ ჩაწერით გადატანა მეტისმეტად პრიმიტიულ შედეგს იძლევა, ხარვეზის ეფექტი გასდევს — ამიტომაც, სათანადო დამუშავება სჭირდება: ხმების შემოქმედებითად გაცოცხლება. სწორედ ამას აკეთებს სულ რაღაც 3 თვის წინ აჩი კევლიშვილის, ნიკა კოჩაროვისა და ნატა მანაგაძის მიერ შექმნილი კომპანია Avira Sound.

ეს არის სტუდია, რომელიც ნებისმიერი სახის ვიდეოკონტენტისთვის ქმნის მუსიკას, ზრუნავს თითოეულ გაჟღერებულ ხმასა და გახმოვანებაზე. მოკლედ, ჩუმ გარემოს კრეატიულად ახმაურებს!

M: ტრადიციულად, ერთგვარი საფუძვლებით უნდა დავიწყოთ — რატომ და როგორ გაჩნდა „ავირა საუნდის“ შექმნის იდეა?

აჩი კევლიშვილი: ყველაფერი გასული წლის ნოემბერში დაიწყო, როცა მე და ნატას სურვილი გაგვიჩნდა, საყვარელი საქმიანობისთვის კომპანიის სახე მიგვეცა; შესაბამისად, მასშტაბებიც გაგვეზარდა. ხმის დიზაინს აქამდეც ვაკეთებდი, მაგრამ ახლა რაღაც უფრო დიდი მინდოდა. თუნდაც, ერთი ადამიანი არ ვყოფილიყავი მთელ საქმეში. მეორე ფაქტორი სფეროში მრავალფეროვნების, განსხვავებული ხედვისა და მუხტის შემოტანა იყო.

მეც მუსიკოსი ვარ, მაგრამ ძირითად ორიენტირად მაინც ხმაზე მუშაობა ავიღე, ამიტომაც მუსიკის ნაწილში უკვე ნიკას ვთხოვე ჩართვა. ნატა კი საორგანიზაციო საქმეებს უძღვება.

ნიკა კოჩაროვი: ძირითადად, ყველა როკ-მუსიკოსად მიცნობს, მაგრამ მხოლოდ ერთი ჟანრით არ ვარ შემოფარგლული და პირიქით, მსიამოვნებს ახალ-ახალი რაღაცების ცდა. თავიდან აჩი სტანდარტული თხოვნით მოვიდა ჩემთან: „ლოგო გამიკეთე, რა“… მეგობრებისთვის ვდიზაინერობ კიდეც და თან შემომთავაზა, „რო რამე“, ხომ გამოვუშვა შენთან შეკვეთებიო. ახლა კი იმდენად გადმოვერთე ამ ჩვენს ახალ საქმიანობაზე, მთელი შემოქმედებითი ფიქრები აქეთკენ მაქვს მომართული.

M: ჟღერადობა კი ლამაზი აქვს, მაგრამ სიმბოლურად რას ნიშნავს Avira და როგორ იქცა ის თქვენი სტუდიის სახელწოდებად?

ნატა მანაგაძე: სიმართლე გითხრათ, რაღაც ისეთი სახელწოდების შერჩევა გვინდოდა, რომელიც სრულიად განსხვავებული და ორიგინალური იქნებოდა; შესაბამის ემოციასაც მოიტანდა და თან ჟღერადობაც კარგი ექნებოდა. თავიდან Ambience მომეწონა თავისი სიმბოლური დატვირთვით, მაგრამ ორიგინალური ნამდვილად არ იყო — ვერც ქართულად დავარქმევდით „ატმოსფეროს“. ამიტომაც, თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სისტემა, ChatGPT დავიხმარეთ: მას მივწერეთ, როგორ იქნებოდა ატმოსფერო სხვადასხვა ენაზე… საბოლოოდ, ყველაზე მეტად ებრაული Avira მოგვეწონა.

M: საქმე, რომელსაც „ავირა საუნდი“ აკეთებს, მთელ მსოფლიოში მოთხოვნადია, მის გარეშე თითქმის არცერთი ვიდეოკონტენტი აღარ იქმნება… ამიტომ, ალბათ სამომავლოდ საერთაშორისო ასპარეზზე გასვლასაც გეგმავთ, მაგრამ ამჯერად მხოლოდ ადგილობრივ პროექტებზე მუშაობთ?

ნატა: ჯერჯერობით ლოკალურ ბაზარზე კი ვმუშაობთ, მაგრამ ახლახან გვქონდა პროექტი, რომელიც ქართულისა და საერთაშორისოს სინთეზს წარმოადგენს. Netflix-ისა და სეტანტას თანამშრომლობაზე ვსაუბრობ — დაკვეთა ქართული კომპანია მეტრო ფროდაქშენისგან კი მივიღეთ, მაგრამ პროექტი მხოლოდ ადგილობრივი არაა.

აჩი: ისე კი, ჩვენი ერთ-ერთი მიზანი საერთაშორისო ბაზარზე გასვლაა. თან მსგავსი პრეცედენტი უკვე არსებობს, ქართული სტუდიები აქტიურად თანამშრომლობენ უცხოურ კომპანიებთან. საბოლოოდ, ჩვენც აუცილებლად მივალთ ამ ეტაპამდე.

M: ამ მცირე ხნის განმავლობაში უკვე ბევრი პროექტი მოგიგროვდათ, ზოგიც ჯერ არ გამოქვეყნებულა… როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა თქვენ მიმართ ასეთი მოთხოვნადობა და წარმატება?

ნიკა: ნატას და აჩის სარეკლამო სფეროში ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ, რამაც თავისი წილი გავლენა იქონია შეკვეთების მზარდ რაოდენობაზე. მეორე მხრივ, ეჭვი არავის შეჰპარვია, როგორი პროფესიონალიზმით მივუდგებოდით თითოეულ პროექტს — დამკვეთების კომენტარებითაც მივმხვდარვარ, რომ ჩემი მსმენელები იყვნენ. ბუნებრივია, გამოცდილებისა და ცნობადობის ხარჯზე, დამკვეთები სრულად გვენდობიან. მართლა გულწრფელად საუკეთესოს ვაკეთებ, რაც შემიძლია.

პროექტებს შეკვეთებად არ აღვიქვამ. ისევე მიხარია მუშაობა, როგორც საკუთარი ნამუშევრის შექმნისას

აჩი: მუსიკალურად იმდენად მრავალფეროვნები ვართ, ფაქტობრივად, ნებისმიერი ჟანრის მუსიკის კეთება შეგვიძლია. ხმის დიზაინშიც დიდი გამოცდილება გვაქვს. თან მუშაობის სწრაფი ტემპი გვაქვს — არ გვიყვარს საქმის გადადება, შემოქმედებით შთაგონებებს ეგრევე მივყვებით.

შეგიძლია, ნებისმიერი ხმისგან და ქმედებისგან სრულიად სხვა რაღაცის ხმა მიიღო

ნატა: ვფიქრობ, მუსიკაშიც და ხმის დიზაინშიც ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ფაქტორი სტილი და გემოვნებაა. ტექნიკურად, ბევრს შეუძლია რაღაცის შექმნა, მაგრამ ყველა განსხვავებულად ვაკეთებთ — არ ვამბობ რა არის კარგი და რა ცუდი.. უბრალოდ, დამკვეთების დიდ ნაწილს კონკრეტულად ჩვენი გემოვნება მოსწონს.

M: ამ დრომდე რა პროექტებზეც გიმუშავიათ, რომელი იყო თქვენთვის ყველაზე საინტერესო და თან განსხვავებული მოთხოვნების შესაბამისად შესრულებული?

აჩი: ერთ-ერთი პირველი დაკვეთა ზუმერისგან მივიღეთ — თავიდანვე დიდ პროექტზე მოგვიწია მუშაობა, რადგან მუსიკალურადაც და ხმის დიზაინის კუთხითაც ძალიან მრავალფეროვანია. რაღაც მხრივ, გამოწვევასავით იყო: ან მაგრად გავაკეთებთ, ან ვერ გავაკეთებთ და დამთავრდება ამით! თუმცა მუშაობისას ოდნავადაც არ გვიგრძნია დაძაბულობა, კომფორტულად დაიწყო ყველაფერი — პროცესშივე მივხვდით, რომ სწორ რელსებზე ვიდექით. საბოლოოდ, ისეთი პროექტი მივიღეთ, რომლის ნახვის შემდეგაც, ყველა მიხვდება ჩვენს შესაძლებლობებს.

შემდეგ იყო პსპ-ს პროექტი. ქალაქური, თბილისური მუსიკის ბრიფი როგორც კი შემოვიდა, ქოლზე ნიკამ გიტარა აიღო და მაშინ რაც დაუკრა, ის გავაცოცხლეთ შემდეგ. არ ვიცი, როგორ მოხდა, მაგრამ ძალიან მალე, დაახლოებით ერთ საათში გვქონდა საბოლოო ვერსია მიღებული. ზოგჯერ ისე სწრაფ ტემპში ვქმნით პროდუქტს, გვეშინია, დამკვეთებს გიჟები არ ვეგონოთ.

და, რა თქმა უნდა, „Netflix x სეტანტა“-ც გამორჩეული პროექტი იყო, რადგან დაარსების პირველივე დღეებში გლობალურ კომპანიასთან რომ გაქვს შეხება, დიდი ამბავია. მუსიკის თვალსაზრისით, ნეტფლიქსის შოუების საუნდტრეკები იყო გამოყენებული — სანაცვლოდ, განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა საუნდ დიზაინს. უბრალოდ, ცნობილ მელოდიებთან ხმის დიზაინის შეთავსება პატარა გამოწვევა ნამდვილად არ ყოფილა და, საბედნიეროდ, წარმატებით გავართვით თავი.

ახლა ამ პროექტებს რომ ვუყურებთ, მადლიერები ვართ ადამიანებისა და კომპანიების, რომლებიც პირადად ჩვენ გვენდვნენ.

M: იმდენად კარგი სტარტი გაქვთ, სამომავლო გეგმები კიდევ უფრო გრანდიოზული უნდა იყოს…

ნატა: ამ ეტაპზე გვაქვს როგორც მიმდინარე, ისე უკვე დასრულებული, მაგრამ ჯერ არ გამოქვეყნებული პროექტები. ასევე, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ახალ პროექტზე, რომელსაც განსაკუთრებით ველოდებით, რადგან პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი იქნება ჩვენთვის. ამიტომაც, ერთი სული გვაქვს, როდის დასრულდება გადაღებები და პოსტფროდაქშენის ნაწილში გადავა.

გულწრფელად გითხრათ, საკმაოდ ამბიციურები ვართ — თავიდანვე ასე დავიწყეთ, მცირე მიღწევებს არ ვჯერდებით. გვინდა, საქართველოს ბაზარი სრულყოფილად ავითვისოთ, შემდეგ კი საერთაშორისო ასპარეზზეც გავიდეთ. სამივენი იმდენად ამბიციურები ვართ, შესაბამის ხარისხსაც ვდებთ…


როგორც აჩი, ნატა და ნიკა აღნიშნავენ, Avira Sound-ის დაარსების შემდეგ, მთელ სამყაროს ხმების პრიზმაში უყურებენ. ყველაფერი განსხვავებულად ესმით და თითოეულ ხმას სულ სხვაგვარი ყურადღებით უსმენენ. ნიკასთვის მშენებლობის ხმაურიც კი მუსიკალური ინსპირაციის წყაროა; აჩი ჰარლი დევიდსონის მოტოციკლს დახვეწილი ხმების გამო ირჩევს; ნატა კი დაჯილდოებებზე ძირითად ყურადღებას ხმის დიზაინის ნომინანტებსა და გამარჯვებულებს უთმობს.

ასე იქცა ხმისა და მუსიკის სიყვარული ერთი კომპანიის სათავედ, რომელსაც დიდი შემოქმედებითი მუხტი აქვს!

ავტორი: ქეთია ბელქანია

Apple-მა მონაცემების უსაფრთხოებისთვის ახალი ფუნქცია დაამატა

თიბისი დაზღვევამ ელექტრონულ საფულეში სამოგზაურო დაზღვევა დაამატა